კონკურსი კვლევითი საქმიანობისთვის შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსების მოსაპოვებლად

20 დეკემბერი 2022

კონკურსის ფარგლებში ფინანსდება ფუნდამენტური, გამოყენებითი, აკადემიური საქმიანობის განვითარების ხელშემწყობი კვლევები.

 

დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადის წარდგენა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად:

 

ა) დაფინანსების მაძიებელი ინდივიდუალური პირი უნდა იყოს კავკასიის უნივერსიტეტთან აფილირებული აკადემიური პერსონალი, რომელთანაც გაფორმებული არის კავკასიის უნივერსიტეტის შრომითი ხელშეკრულებების კლასიფიკაციით ნებისმიერი A ტიპის ხელშეკრულება;
ბ) თუ დაფინანსების მაძიებელი პირი მკვლევართა ჯგუფია, მაშინ კვლევითი პროექტის ხელმძღვანელი (მთავარი მკვლევარი) უნდა იყოს კავკასიის უნივერსიტეტთან აფილირებული აკადემიური პერსონალი (პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი), რომელთანაც ნებისმიერი A ტიპის ხელშეკრულება არის გაფორმებული. დანარჩენი წევრები შეიძლება იყვნენ სხვა უნივერსიტეტის ან ორგანიზაციის თანამშრომლები, კავკასიის უნივერსიტეტის არააფილირებული აკადემიური პერსონალი, დოქტორანტები ან მაგისტრანტები.

 

კავკასიის უნივერსიტეტთან აფილირებულ აკადემიურ პერსონალს კვლევის შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსების კონკურსის ფარგლებში შეუძლია მოითხოვოს დაფინანსება კვლევისთვის, რომელიც არ ფიქსირდება აფილირების შრომით ხელშეკრულების დანართში. იმ კვლევითი პროდუქტისთვის, რომელიც აფილირების შრომით ხელშეკრულების დანართში არის დაფიქსირებული დამატებითი დაფინანსება არ გაიცემა.

 

იმ შემთხვევაში, თუ აფილირებულ აკადემიურ პერსონალს აქვს მიმდინარე პროექტი კვლევის შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსების ფარგლებში, კონკურსის ფარგლებში ახალი განაცხადის წარმოდგენა შეუძლია მიმდინარე პროექტის დასრულების შემდგომ.

 

დასაფინანსებლად განიხილება პროექტი, რომელიც დარგის ექსპერტისგან მიიღებს შეფასებად არანაკლებ 6 ქულას.

 

თითოეულ კვლევით პროექტზე ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 25 000 ლარს (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით):

 

ა) ჯგუფური კვლევითი პროექტის შემთხვევაში, მაქსიმალური ბიუჯეტის (25 000 ლარის) 30% (7500 ლარი) შეიძლება იყოს მიმართული პროექტში ჩართული პირების ჰონორარებზე (როგორც ხელმძღვანელის, ასევე, ძირითადი და დამხმარე პერსონალის ჯამურად), ინდივიდუალური პროექტის შემთხვევაში, არაუმეტეს A დონის სტატიის დარიცხული ანაზღაურებისა;

ბ) კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული აკადემიური პერსონალის, რომელიც არის დაფინანსების მაძიებელი ან, მკვლევართა ჯგუფის შემთხვევაში, პროექტის ხელმძღვანელის (მთავარი მკვლევარის) ჰონორარი განსაზღვრული არის პროექტის შედეგად მიღებული სამეცნიერო პროდუქტით. სამეცნიერო პროდუქტის შექმნისთვის განსაზღვრული ფიქსირებული ანაზღაურება იხილეთ დანართში;

გ) კვლევით პროექტში თანამკვლევარის, ასისტენტის და სხვა დამხმარე პერსონალის ჰონორარი განსაზღვრული არის მათი აკადემიური პოზიციით და თვეში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით არ უნდა აღემატებოდეს:

 

გ.ა) პროფესორისთვის 750 ლარს;

გ.ბ) ასოცირებული პროფესორისთვის 600 ლარს;

გ.გ) ასისტენტ პროფესორისთვის 400 ლარს;

გ.დ) ასისტენტისთვის 382.5 ლარს.

 

დაფინანსების მაძიებლის ან, მკვლევართა ჯგუფის შემთხვევაში, პროექტის ხელმძღვანელის (მთავარი მკვლევარის) ჰონორარის არაუმეტეს 70% გაიცემა პროექტის განხორციელების პერიოდში, ხოლო დარჩენილი თანხა პროექტით გათვალისწინებული ყველა ვალდებულების შესრულების შემდეგ.

 

თითოეული კვლევითი პროექტის შესრულების და შედეგის მიღების მაქსიმალური ვადა არ უნდა აღემატებოდეს პროექტის ხელმძღვანელის აფილირების ხელშეკრულების ვადას (არაუმეტეს 2 წელს), ასევე, თუ აფილირებული პერსონალი პროექტის დასრულებამდე გადაწყვეტს შეწყვიტოს აფილირების ხელშეკრულება უნივერსიტეტთან, ვალდებულია მოთხოვნიდან ერთი თვის ვადაში სრულად დააბრუნოს მიღებული დაფინანსება.

 

საპროექტო განაცხადი მოიცავს:

 

ა) კვლევითი პროექტის განაცხადს (დანართი 1);

ბ) კვლევითი პროექტის აღწერას (დანართი 2);

გ) კვლევით პროექტში ჩართულ პირთა (ხელმძღვანელის, მკვლევარების, ადმინისტრაციული პერსონალის) პროფესიული რეზიუმეებს.

 

დამატებითი დოკუმენტაცია:

ბიუჯეტი;

წიგნის გამოცემის წესი;

ჟურნალების რანჟირება.

 

განაცხადების მიღების პერიოდია 15 დეკემბრიდან 31 დეკემბრის 18:00 საათამდე, ელფოსტის შემდეგ მისამართზე: funding@cu.edu.ge.