შეხვედრა აკადემიურ პერსონალთან კვლევის წამახალისებელი მექანიზმების გაცნობის მიზნით

26 ივნისი 2024

25 ივნისს, გაიმართა შეხვედრა კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან, უნივერსიტეტის მასშტაბით არსებული კვლევითი საქმიანობის წამახალისებელი და ხელშემწყობი მექანიზმების გაცნობის მიზნით. შეხვედრას უძღვებოდა კავკასიის უნივერსიტეტის კვლევის ხელშეწყობის დეპარტამენტის დირექტორი, სოფო კობახიძე.

 

შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ იმ შესაძლებლობებს, რომელთა მიზანია სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა, კვლევითი პოტენციალის გაძლიერება და ინოვაციური კულტურის დანერგვა. შეხვედრაზე განიხილეს სამი ძირითადი მიმართულება, რომელიც კვლევის ხელშეწყობის დეპარტამენტის ჩართულობით ხორციელდება: კვლევითი პროდუქტის რანჟირება, კვლევითი საქმიანობის ფინანსური მხარდაჭერა და ინტერნაციონალიზაცია.

 

დამსწრეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია კვლევითი საქმიანობის შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსების მისაღებად გამოცხადებული საგრანტო კონკურსის, კავკასიის უნივერსიტეტთან აფილირებული აკადემიური პერსონალის მიერ აკადემიური წლის განმავლობაში განხორციელებული კვლევითი საქმიანობის შეფასების წესის, შიდა საუნივერსიტეტო რანჟირების სისტემის მიხედვით სამეცნიერო სტატიების გამოქვეყნებისათვის დაწესებული ანაზღაურების, და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

 

განხილულ იქნა მკვლევართა წახალისების კუთხით დაგეგმილი „წლის საუკეთესო მეცნიერის“ გამოვლენის კონკურსი და მისი პირობები. ამასთან, ყურადღება გამახვილდა კვლევის ხელშეწყობის დეპარტამენტის მზადყოფნაზე, კომპეტენციის ფარგლებში, კონსულტირება გაუწიოს ნებისმიერ დაინტერესებულ მკვლევარს და მიაწოდოს პრაქტიკული რჩევები.

 

შეხვედრა წარიმართა ინტერაქციულ რეჟიმში; მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ კითხვა-პასუხის რეჟიმში მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე.