ეთიკის კოდექსი



წინამდებარე კოდექსი შესაბამისობაშია საქართველოს კანონთან უმაღლესი განათლების შესახებ, კავკასიის უნივერსიტეტისა და კავკასიის ბიზნესის სკოლის წესდებასა და სხვა ნორმატიულ დოკუმენტებთან.

ეთიკური ქცევის კოდექსი შექმნილია კავკასიის ბიზნესის სკოლის და სხვა მასთან ასოცირებული ჯგუფების მიერ აღიარებული ღირებულებების მიხედვით,  რომლებიც განსაზღვრავენ მისი ეთიკური ქცევის ნორმებს.

1. წინამდებარე ეთიკის კოდექსი თანაბრად ეხება ადამიანთა ნებისმიერ ჯგუფს, რომლებიც წარმოადგენენ კავკასიის ბიზნესის სკოლის ინტერესთა ჯგუფებს, მათ შორის:

• კავკასიის ბიზნესის სკოლის მუდმივ ან მოწვეულ პროფესორ-მასწავლებლებს
• ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებს
• ადმინისტრაციულ და დამხმარე პერსონალს და ნებისმიერ სხვა პირს, რომლებიც მოქმედებენ კავკასიის ბიზნესის სკოლის სახელით და/ან მომსახურებას უწევენ მას.


2. ეთიკური კოდექსის პრინციპები

  • სხვათა პატივისცემა - კავკასიის ბიზნესის სკოლა არის განსხვავებული ადამიანების სამუშაო და საგანმანათლებლო ადგილი. ჩვენ პატივს ვცემთ მრავალფეროვნებას და პიროვნებათაშორის განსხვავებას. კავკასიის ბიზნესის სკოლა არ დაუშვებს დისკრიმინაციის არცერთი ფორმის გამოვლინებას, მათ შორის - ასაკობრივს, შეზღუდული შესაძლებლობების საფუძველზე, გენდერულს, ოჯახური მდგომარეობის, ფეხმძიმობის ან ჩვილი ბავშვის ყოლის, რასობრივს, კანის ფერის, ეროვნების ან ეთნიკური კუთვნილების მიხედვით, ასევე რელიგიური ან სქესობრივი ორიენტაციის ნიადაგზე. კავკასიის ბიზნესის სკოლა იცავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, რომლებიც ეფუძნება შემდეგ პრინციპს - სამართლიანობა, პატივისცემა, თანასწორობა, ღირსება და დამოუკიდებლობა (FREDA).
  • სათანადო კანონების, წესების, რეგულაციების და უნივერსიტეტის პოლიტიკის დაცვა - კავკასიის ბიზნესის სკოლასთან დაკავშირებული ნებისმიერი პირი უნდა დაემორჩილოს საქართველოს და ნებისმიერი იმ ქვეყნის კანონმდებლობას, რომელშიც კავკასიის ბიზნესის სკოლას აქვს საქმიანი ურთიერთობები.
  • პირადი პასუხისმგებლობის და ანგარიშვალდებულების პრინციპი, მათ შორის კეთილსინდისიერი აკადემიური ქცევა - კავკასიის ბიზნესის სკოლა ნდობას უცხადებს თავისი პერსონალის პირად და პროფესიულ კეთილსინდისიერებას, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით ეწევა აკადემიურ საქმიანობას და კვლევას. კავკასიის ბიზნესის სკოლა თავის საქმიანობაში იცავს ეთიკის პრინციპებს, რომლებიც გათვალისწინებული და დაცული უნდა იქნეს სასწავლო და კვლევითი პროცესის დროს.
  • ინტერესთა კონფლიქტის თავიდან არიდება - ადმინისტრაციულმა და აკადემიურმა პერსონალმა არ უნდა მიიღოს მონაწილეობა ისეთ კომერციულ საქმიანობაში, რომლიდანაც მას ექნება რაიმე სახის მოგება. ასეთი რამ ითვლება ინტერესთა კონფლიქტად და დაუყოვნებლივ უნდა იქნას აღკვეთილი. ამგვარი კონფლიქტის წარმოშობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ადმინისტრაციას. შესაძლებლობის შემთხვევაში, პერსონალმა არ უნდა მიიღოს მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ისინი უნდა შემოიფარგლონ მხოლოდ სიტუაციის ახსნით და საკუთარი აზრის გამოხატვით.
  • კონფიდენციალურობა - კონფიდენციალური ინფორმაციის გამხელა დაუშვებელია იმ შემთხვევის გარდა, როდესაც ასეთი რამ დაშვებულია უნივერსiტეტის სათანადო დეპარტამენტის და/ან კანონის მიერ; კონფიდენციალური ინფორმაცია მოიცავს - სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებელთა და პერსონალის პირად მონაცემებს; კავკასიის ბიზნესის სკოლის კუთვნილ არასაჯარო ინფორმაციას, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას მისი კონკურენტების მიერ; არასაჯარო ინფორმაცია/ცოდნა რომელიც შეიქმნა კავკასიის ბიზნესის სკოლაში.
  • მდგრადობა და რესურსების სათანადო გამოყენება - კავკასიის ბიზნესის სკოლა სასწავლო პროცესს ანხორციელებს საკუთარი მატერიალური რესურსებით, იგი უზრუნველყოფს სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს სათანადო ტექნიკური აღჭურვილობით, სასწავლო მასალებით, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებითა და ბიბლიოთეკის რესურსებით.



3. კავკასიის ბიზნესის სკოლის ეთიკის კოდექსის ან სტუდენტის/ლექტორის სტატუსის დებულების რომელიმე პრინციპის ან პუნქტის დარღვევის შემთხვევაში ნებისმიერ პირს (სტუდენტს, აკადემიურ პერსონალს ან/და ადმინისტრაციულ პერსონალს) შეუძლია მიმართოს კავკასიის მონიტორინგის ან იურიდიულ დეპარტამენტს განცხადებით, სადაც აღწერილი იქნება შესაბამისი ფაქტი.