პანელური დისკუსიების ციკლი თემაზე „ქვეყნის განვითარება და შრომის ბაზარი - პედაგოგიკის გამოწვევები 2023“

3 ივლისი 2023

კავკასიის განათლების სკოლა დაწყებითი პედაგოგის მომზადების საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში 2022 წლის 20 ივნისიდან 27 ივლისის პერიოდში ახორციელებს პროექტს - პანელური დისკუსიების ციკლი თემაზე „ქვეყნის განვითარება (ეკონომიკა, დემოკრატია, მშვიდობა) და შრომის ბაზარი  - პედაგოგიკის გამოწვევები 2023“. პროექტი ხორციელდება კავკასიის უნივერსიტეტის მესამე მისიის ფარგლებში, რაც გულისხმობს უნივერსიტეტის მიერ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და საზოგადოების განვითარებაში წვლილის შეტანას, საზოგადოების სამსახურს.

 

კავკასიის განათლების სკოლა უნივერსიტეტის მესამე მისიის ფარგლებში ანალოგიურ პროექტებს 2020 წლიდან ახორციელებს: „ციფრული წიგნიერება და დაწყებითი განათლების მასწავლებლის მომზადების გამოწვევები ახალ ქართულ რეალობაში“ (2020); „განათლების გამოწვევები“ - საჯარო ლექციების ციკლი 2021; „საჯარო ლექციების ციკლი 2022 - დაწყებითი განათლება და მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის საკვანძო კომპეტენციები’’ (შესაბამისი ანგარიშები იხილეთ: ბმულზე).

 

მიმდინარე პროექტის მიზნებია, ქვეყნის განვითარებისა და შრომის ბაზრის გამოწვევებზე:

 

  • სასკოლო საზოგადოების პასუხისმგებლობებისა და რეაგირების შესაძლებლობების გააზრება;
  • აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების სამეცნიერო მუშაობისთვის აქტუალური მიმართულებების იდენტიფიცირება;
  • დაწყებითი განათლების ეფექტიანი რეაგირებისა და შესაბამისი ცოდნის დაგროვების გრძელვადიანი პროცესის ხელშეწყობა.

 

პროექტის მიზნებიდან გამომდინარე დაგეგმილია პანელური დისკუსიების ციკლის ორგანიზება სასკოლო განათლების პროცესში ჩართული ინტერესთა ჯგუფების წარმომადგენელთა მონაწილეობით, რომელთა მთავარი თემა არის დაწყებითი განათლების პედაგოგიკის გამოწვევები ქვეყნის განვითარებასა და შრომის ბაზართან მიმართებით.

 

პროექტის მოსამზადებელი შეხვედრა 20 ივნისს გაიმართა მსოფლიო კაფეს ფორმატში თემაზე „ქვეყნის განვითარება/შრომის ბაზარი და დაწყებითი პედაგოგიკის გამოწვევები“, ხოლო პროექტის მომდევნო ეტაპზე გაიმართება პანელური დისკუსიები შემდეგ თემებზე:

 

  1. საკვანძო კომპეტენციები - წიგნიერება და ქართული ენის სწავლების გამოწვევები დაწყებით საფეხურზე;
  2. საკვანძო კომპეტენციები და საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლების გამოწვევები დაწყებით საფეხურზე;
  3. საკვანძო კომპეტენციები და STEM-ის სწავლების გამოწვევები დაწყებით საფეხურზე;
  4. საკვანძო კომპეტენციები - სამშვიდობო განათლება და აღზრდა დაწყებით საფეხურზე.

 

პანელურ დისკუსიებში მონაწილეობას მიიღებენ სასკოლო განათლების დაწყებითი საფეხურის სისტემაში ჩართული ინტერესთა ჯგუფების წარმომადგენლები: პედაგოგიკის სტუდენტები (როგორც კავკასიის უნივერსიტეტის, ასევე ნებისმიერი სხვა უნივერსიტეტიდან), სასკოლო საზოგადოების წარმომადგენელი პედაგოგები, მშობლები, დირექტორები (ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლები) და ასევე დამსაქმებლები სხვადასხვა სფეროდან. ისინი წარმოგვიდგენენ თავიანთ მოსაზრებებს, გამოცდილებებსა და ხედვებს ზემოაღნიშნულ თემებთან დაკავშირებით. პანელურ დისკუსიებში შესაძლებელია ასევე პედაგოგიკის პროფესიით დაინტერესებული აბიტურიენტების მონაწილეობაც.

 

შეხვედრები წარიმართება ინტერაქტიულ რეჟიმში - მონაწილეები იმსჯელებენ იმ გამოწვევებზე რომლებსაც ვაწყდებით ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის იმ საკვანძო კომპეტენციების განვითარებისას, რომლებიც დღესდღეობით წარმოადგენს ცალკეული ინდივიდის კეთილდღეობისა და ქვეყნის მდგრადი განვითარების წინაპირობას. შესაბამისად, მონაწილეებს ექნებათ კითხვების დასმისა და კომენტარების გაკეთების საშუალება.

 

პანელური დისკუსიების საერთო ფასილიტაციას უზრუნველყოფს ალუდა გოგლიჩიძე - კავკასიის განათლების სკოლის დეკანი, აფილირებული ასოცირებული პროფესორი და პაატა პაპავა - კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი.

 

დაინტერესებულმა პირებმა ყოველი პანელური დისკუსიის ფარგლებში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია უნდა გაიარონ ბმულზე, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება კავკასიის უნივერსიტეტის ფეისბუქ გვერდზე.

 

პროექტის ფარგლებში განხორციელდება პანელური დისკუსიების ვიდეო ჩაწერა, ხოლო ჩანაწერი ხელმისაწვდომი იქნება კავკასიის განათლების სკოლის ვებ გვერდზე.

 

ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასები)

მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული

საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა

 

კავკასიის განათლების სკოლა

კავკასიის უნივერსიტეტი