სადისკუსიო რაუნდები ჰარკნესის მეთოდის გამოყენებით თემაზე „სწავლის საკვანძო კომპეტენციები და მოსწავლის პერსპექტივები შრომის ბაზარზე“

26 ივნისი 2024

კავკასიის განათლების სკოლა დაწყებითი პედაგოგიკის პროგრამის ფარგლებში 2024 წლის ივნისი-ივლისის პერიოდში ახორციელებს პროექტს - სადისკუსიო რაუნდები ჰარკნესის მეთოდის გამოყენებით „სწავლის საკვანძო კომპეტენციები და მოსწავლის პერსპექტივები შრომის ბაზარზე- 2024“.

 

კავკასიის განათლების სკოლა ამ ტიპის პროექტებს 2020 წლიდან ახორციელებს: „ციფრული წიგნიერება და დაწყებითი განათლების მასწავლებლის მომზადების გამოწვევები ახალ ქართულ რეალობაში“ (2020); „განათლების გამოწვევები“ - საჯარო ლექციების ციკლი 2021; „საჯარო ლექციების ციკლი 2022 - დაწყებითი განათლება და მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის საკვანძო კომპეტენციები’’; პანელური დისკუსიების ციკლი თემაზე „ქვეყნის განვითარება და შრომის ბაზარი - პედაგოგიკის გამოწვევები 2023“.

 

მიმდინარე პროექტის მიზანია, მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის საკვანძო კომპეტენციების ოპტიმალური დანერგვა პედაგოგის მომზადების პროგრამებში.

 

დასახული მიზნის მისაღწევად დაგეგმილია შემდეგი ამოცანების შესრულება:

  

  • ინტერესთა ჯგუფების (დამსაქმებლები, პედაგოგები, დირექტორები, მოსწავლეები, მშობლები, სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები) მაქსიმალური ჩართულობით და სკოლებთან თანამშრომლობით მრავალმხირივი დიალოგის წარმართვა;
  • სასკოლო საზოგადოებაში საკვანძო კომპეტენციების თემის პოპულარიზება და სასკოლო პრაქტიკის ფარგლებში სტუდენტებისათვის მაქსიმალური ხელშეწყობის პირობების მომზადება, უნივერსიტეტსა და სკოლებს შორის თანამშრომლობის ხარისხის ამაღლება;
  • აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების სამეცნიერო მუშაობისათვის აქტუალური მიმართულებების იდენტიფიცირება და პედაგოგთა მომზადების პროგრამების განვითარება.

 

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 8 სადისკუსიო რაუნდის/სამუშაო შეხვედრის ჩატარება თემებზე:

  

  • წიგნიერების (კითხვისა და წერის) კომპეტენცია და მოსწავლის პერსპექტივები შრომის ბაზარზე;
  • მულტილინგვურობის კომპეტენცია და მოსწავლის პერსპექტივები შრომის ბაზარზე;
  • მათემატიკის კომპეტენცია და კომპეტენცია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ტექნოლოგიებსა და
  • ინჟინერიაში და მოსწავლის პერსპექტივები შრომის ბაზარზე;
  • ციფრული კომპეტენცია და მოსწავლის პერსპექტივები შრომის ბაზარზე;
  • პერსონალური, სოციალური და სწავლის (learning to learn) კომპეტენცია და მოსწავლის პერსპექტივები შრომის ბაზარზე;
  • მოქალაქეობის კომპეტენცია და მოსწავლის პერსპექტივები შრომის ბაზარზე;
  • სამეწარმეო კომპეტენცია და მოსწავლის პერსპექტივები შრომის ბაზარზე;
  • კულტურული გაცნობიერებულობისა და გამოხატვის კომპეტენცია და მოსწავლის პერსპექტივები შრომის ბაზარზე.

 

შეხვედრები გაიმართება პარალელური დისკუსიების ფორმატში, ხოლო დიალოგის ეფექტიანად წარმართვის მიზნით გამოყენებული იქნება ჰარკნესის მეთოდოლოგია. შეხვედრის ხანგრძლივობა იქნება 1.5 - 2 საათი.

 

სადისკუსიო რაუნდები ჩატარდება პროექტის პარტნიორ სკოლებში - 8 მასპინძელ სკოლაში. ეს შეიძლება იყოს როგორც კავკასიის უნივერსიტეტის განათლების სკოლის ფორმალური პარტნიორი, ასევე არაპარტნიორი სკოლაც.

 

ყოველ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს 4-4 წარმომადგენელი შემდეგი ინტერესთა ჯგუფებიდან 1) დამსაქმებლები; 2) სკოლის პედაგოგები; 3) სკოლის ადმინისტრატორები; 4) საშუალო საფეხურის მოსწავლეები; 5) მშობლები; 6) სტუდენტები; 7) პროფესორ-მასწავლებლები და/ან დარგის წარმომადგენლები არასამთავრობო სექტორიდან, სულ მაქსიმუმ 28 მონაწილე.

 

პარალელური დისკუსიები წარიმართება 4 ჯგუფში და ყოველ ჯგუფში ჩართული იქნება აღნიშნული ინტერესთა ჯგუფების თითო წარმომადგენელი, ხოლო სამუშაო ჯგუფების მუშაობას წარმართავს კავკასიის განათლების სკოლის დაწყებითი პედაგოგიკის სტუდენტები.

 

შეხვედრები წარიმართება ინტერაქტიულ რეჟიმში - მონაწილეებს ექნებათ კითხვების დასმისა და კომენტარების გაკეთების საშუალება. პროცესის საერთო ფასილიტაციას უზრუნველყოფს ალუდა გოგლიჩიძე - კავკასიის განათლების სკოლის დეკანი, აფილირებული ასოცირებული პროფესორი, ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასები) მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი და პაატა პაპავა - კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი, ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასები) მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი.