კავკასიის მედიცინის და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის (CMS) და კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრის მიერ სკოლის აკადემიური პერსონალის მეთოდოლოგიური მომზადების მიზნით დაიწყო მეთოდოლოგიური ტრენინგ-სემინარების ციკლი “თანამედროვე სამედიცინო განათლების საფუძვლები”. ციკლის I კლასი - „პარადიგმის ცვლილება: მედიცინის სწავლებიდან - მომავლის ექიმის უნარების ათვისებამდე“ ჩატარდა 2023 წლის 12 იანვარს. სემინარი მომზადდა ევროპაში, სამედიცინო განათლების ასოციაციის (AMEE) სპეციალური კურსის - სამედიცინო განათლების ბაზისური უნარები (ESME) მასალების მიხედვით და უძღვებოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინის პროგრამის აფილირებული პროფესორი - ზვიად კირტავა და ასოცირებული პროფესორი - სოფიო ტატიშვილი, მათ ESME საერთაშორისო სერტიფიცირებული კურსი გავლილი აქვთ AMEE პრეზიდენტის, პროფ. ტრევორ გიბსის სემინარებზე, რომლებიც ტარდება საქართველოში AMEE საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის მიერ.
სემინარის ფარგლებში განხილულ იქნა შემდეგი აქტუალური საკითხები:
- სამედიცინო განათლების დღევანდელი დღე და გამოწვევები, სწავლის 3 დონე და შედეგები, სტუდენტზე-ორიენტირებული სწავლა;
- თანამედროვე სამედიცინო განათლების მიზანი; შედეგზე- და კომპეტენციებზე-დაფუძნებული განათლება;
- თანამედროვე ლექტორ-განმანათლებლის როლები და ფუნქციები;
- უკუკავშირი, როგორც სტუდენტის ეფექტური მოტივაცია;
- შეფასების არსი, მნიშვნელობა, ფორმები და სირთულეები.
სემინარის მონაწილეებს ზუმის ჩართვით მიესალმა და წარმატებები უსურვა საქართველოში AMEE საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის დირექტორმა, თსსუ პროფესორმა, გაიანე სიმონიამ.
სემინარის მსმენელები იყვნენ კავკასიის მედიცინის ინგლისურენოვანი ერთსაფეხურიანი პროგრამის 14 ლექტორი, მათ შორის 2 პროფესორი და 1 ასისტენტ-პროფესორი. პრეტესტის და პოსტ-ტესტის შევსების შემდეგ მსმენელებზე გაიცა ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები. უმაღლესი სამედიცინო განათლების დარგობრივი მახასიათებლის თანახმად, აღნიშნული ტიპის ტრენინგის ყოველ 2 წელიწადში გავლა აუცილებელია თითოეული მედიკოსი ლექტორისათვის. როგორც კურსის წამყვანმა, მედიცინის აკადემიური პროგრამის დირექტორმა, პროფესორმა ზვიად კირტავამ გვითხრა ციკლის ფარგლებში კიდევ 3-4 სემინარი ჩატარდება - კურიკულუმის, შეფასებების თანამედროვე მეთოდების (OSCE - ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა, სამუშაო ადგილზე შეფასება), ელექტრონული პორტფოლიოს, და სხვა აქტუალურ საკითხებზე.