საჯარო ლექცია-"რატომ ევროკავშირი? ჯანმრთელობის დაცვის ევროპული ღირებულებები"

15 მარტი 2023

15 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნი მაღაზია „ლიბრარეა“-ში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: "რატომ ევროკავშირი? ჯანმრთელობის დაცვის ევროპული ღირებულებები". ლექცია ჩაატარა კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორმა, მედიცინის დოქტორმა თენგიზ ვერულავამ.

 

ჯანმრთელობის ევროპული ღირებულებები არის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უფლებები და ვალდებულებები, რომლებიც ასახავს ევროპულ ისტორიასა და იდენტობას.

 

ევროკავშირის შესახებ შეთანხმების მე-6 მუხლში ნათქვამია, რომ „ევროკავშირი ეფუძნება თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემის და კანონის უზენაესობის პრინციპებს, რომლებიც საერთოა წევრი სახელმწიფოებისთვის. ევროპული თანამეგობრობა მხარს უჭერს სოციალურ სამართლიანობას და ადამიანის ღირსების პატივისცემას და, შესაბამისად, მისი შიდა და გარე ქმედებები ამ ღირებულებების მხარდასაჭერად უნდა მიისწრაფოდეს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სფეროში, რომელიც წარმოადგენს საკვანძო ელემენტს ინდივიდუალურ და სოციალურ კეთილდღეობაში“.

 

ჯანმრთელობის ევროპული ღირებულებებისთვის ფუნდამენტურია ადამიანის უფლებების მიდგომა: „ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა ნიშნავს ადამიანის უფლებათა ნორმებისა და პრინციპების ინტეგრირებას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პოლიტიკისა და პროგრამების შემუშავებაში, განხორციელებაში, მონიტორინგსა და შეფასებაში. ეს მოიცავს ადამიანის ღირსებას, მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებსა და უფლებებზე ყურადღების მიქცევას და ჯანდაცვის სისტემების ყველასთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.

 

დღეს, ბევრ ქვეყანაში, ჯერ კიდევ არის შესამჩნევი უფსკრული სახელმწიფოსგან მოთხოვნილ და რეალურად უზრუნველყოფილს შორის - და ამ ხარვეზებს ყველაზე მეტად განიცდიან ღარიბი ადამიანები. ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტის მუხლი 2 (1) აღიარებს, რომ ზოგ ქვეყნებში რესურსები შეზღუდულია და რომ ევროკავშირის ხელშეკრულების დებულებების განხორციელებას დრო სჭირდება. შესაბამისად, ჯანმრთელობის უფლება მიჩნეულია პროგრესირებად განხორციელებად. თუმცა, რესურსების ნაკლებობა ვერ გაამართლებს სახელმწიფოს მიერ ჯანმრთელობის უფლების დაცვის ვალდებულებების შეუსრულებლობას. კონკრეტულ ქვეყანაში ჯანმრთელობის უფლების განხორციელების შეფასებისას, უნდა დაისვას კითხვა: რატომ ვერ შეძლო X ქვეყანამ თავისი მოქალაქის სიცოცხლის გადასარჩენად საჭირო ჯანდაცვის სერვისების უზრუნველყოფა? თუ იყო პოლიტიკური და სოციალური ძალები ქვეყანაში, რომლებსაც არ სურთ ასეთი სერვისების პრიორიტეტად მიჩნევა?