მედიცინის და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის პროფესორის ზვიად კირტავას სტატია ამერიკულ საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში გამოქვეყნდა

24 იანვარი 2023

აშშ-ის საერთაშორისო რეფერირებადმა ჟურნალმა „World Journal of Public Health“ გამოაქვეყნა კოპენჰაგენის ბიზნეს სკოლისა და როტერდამის ერაზმუს უნივერსიტეტის პროფ. ლუი-ფრანსუა პაუს  და კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორ ზვიად კირტავას სამეცნიერო სტატია - International Survey & Analysis of Laws and Regulations Addressing Internet Addiction and/or Problematic Usage of the Internet,  სტატიის ბმული

 

ინტერნეტ-დამოკიდებულება ანუ ინტერნეტის პრობლემური გამოყენება გლობალურ პრობლემად იქცა მთელიო მსოფლიოს მილიონობით მოსახლისათვის. ინტერნეტ-დამოკიდებულების მრავალი სახე არსებობს - სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულება, სმარტფონ-დამოკიდებულება, პათოლოგიური ონლაინ-შოპინგი, ონლაინ-თამაშებზე და ონლაინ-გემბლინგზე დამოკიდებულება (ლუდომანია) და სხვ.

 

ამ ახალი ტიპის გლობალურ გამოწვევებს და რისკებს მოსახლეობის ყველა კლასი და სოციალური ფენა მეტნაკლებად ექვემდებარება - ინტერნეტზე დაფუძნებული მედიისა და შინაარსის მზარდი და ხშირად პრობლემური გამოყენების გამო. ინტერნეტ-დამოკიდებულება ჯერ არ არის აღიარებული როგორც ცალკე ნოზოლოგიური ერთეული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციაში და არც ამერიკის ფსიქიატრიული ასოციაციის ფსიქიკური აშლილობის დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელოს სიაში (DSM-5); თუმცა, პრობლემური ონლაინ-თამაშების და პრობლემური ონლაინ-გემბლინგის (შესაბამისად, 6C50 და 6C51) დიაგნოზები უკვე ჩართულია ჯანმო-ს დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-11 გადახედვაში (ICD-11).

 

ვინაიდან ინტერნეტ-დამოკიდებულებით განპირობებული ჯანმრთელობისა და სოციალური პრობლემების ინდივიდუალური მკურნალობა საკმაოდ რთული და ძვირია, ხოლო შედეგები - განსაკუთრებით ახალგაზრდებში - ხშირად კატასტროფული,  მრავალმა ქვეყანამ უკვე განახორციელა ან აპირებს შემოიღოს პრევენციული და საკანონმდებლო ღონისძიებები.

 

გამოქვეყნებულ სტატიაში მოცემულია მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში მიღებული სახელმწიფო, საჯარო და ბიზნეს-რეგულაციები. სტატიის დანართში მოცემულია 66 კანონისა და რეგულაციის იდენტიფიკაცია და შეჯამება, რომელთაგან თითოეული აღწერილია სპეციალური ფორმატის თანახმად და კლასიფიცირებულია ძირითადი პრინციპებისა და გადაწყვეტის მიდგომების მიხედვით,. აღნიშნული ანალიზი მსოფლიოში პირველი მცდელობაა, რომ მოხდეს ინტერნეტ-დამოკიდებულების საკანონმდებლო რეგულაციების ანალიზი და საერთაშორისო გამოცდილების შედარება, სადაც ჩანს სერიოზული რეგულატორული, პოლიტიკური და კულტურული განსხვავებები ჯანდაცვის და სოციალური სფეროს ამ მნიშვნელოვანი პრობლემის კომპლექსურად გადასაწყვეტად.