მოგესალმებით,
მოხარული ვარ, რომ დაინტერესდით კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის (CSG) უმაღლესი განათლების პროგრამებით.
სახელმწიფო მართვის სკოლა გთავაზობთ საერთაშორისო ურთიერთობების, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის მეცნიერების საბაკალავრო პროგრამებს. ასევე, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამებს და სადოქტორო პროგრამას საერთაშორისო ურთიერთობებში. ჩვენს გვერდზე იპოვით ყველა საჭირო ინფორმაციას შეთავაზებული პროგრამების მიზნების, სტრუქტურისა და სასწავლო პროცესის შესახებ.
აქვე მინდა გამოვყო რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რასაც ეყრდნობა კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლა და რაც წარმოადგენს ამ სკოლის უპირატესობას:
- შემოთავაზებულ პროგრამათა კურიკულუმები ეყრდნობა ამ სპეციალობების თანამედროვე მეცნიერულ მოთხოვნებს და ითვალისწინებს აუცილებელი ზოგადი განათლების, უცხო ენის, სასწავლო და კვლევით კომპონენტებს
- სახელმწიფო მართვის სკოლის აკადემიური პერსონალი დაკომპლექტებულია ქართველი და უცხოელი პროფესიონალი მეცნიერ-პრაქტიკოსებით, რაც სრულფასოვანი განათლებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების მიღების წინაპირობაა. ამასთან, სახელმწიფო მართვის სკოლაში შექმნილია პროფესიული კავშირების განვითარებისთვის საუკეთესო გარემო, რაც სტუდენტთა მომავალი დასაქმების მნიშვნელოვანი წინაპირობაა
- სწავლის პროცესში სტუდენტებს გააჩნიათ მდიდარი სტუდენტური ცხოვრება. სტუდენტებს შეუძლიათ კავკასიის უნივერსიტეტის უნიკალური პარტნიორული ქსელის გამოყენებით, ხელსაყრელ პირობებში გაატარონ საზღვარგარეთის წამყვან უნივერსიტეტში აკადემიური სემესტრი; მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა კლასგარეშე აქტივობებში, როგორიცაა: კვლევითი პროექტები, მოწვეულ სტუმართა ლექციები, დამატებითი კლასგარეშე აქტივობები. სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები ორგანიზებულია დასაქმებული სტუდენტებისთვის მაქსიმალურად მორგებული გრაფიკის მიხედვით
- სახელმწიფო მართვის სკოლას გააჩნია რამდენიმე მნიშვნელოვანი კვლევითი პროექტი. მაგალითად, აღსანიშნავია, რომ ჩვენს სკოლაში ფუნქციენირებს ჟან მონეს კათედრა (Jean Monnet Chair) რომლის ფარგლებშიც სკოლაში უმაღლეს დონეზე ისწავლება ევროკავშირის პოლიტიკასთან დაკავშირებული საგნები. ასევე, სკოლაში ფუნქციონირებს ევროკავშირის ერასმუს + პროექტის - „Creation of the Graduate Curricula in Peace Studies in Georgia“ (PESTUGE) ფარგლებში 2016 წელს დაარსებული მშვიდობის კვლევების ინსტიტუტი. ინსტიტუტი აღჭურვილია თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით, თემატური ბიბლიოთეკითა და სტუდენტური სივრცით. კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მოუსმინონ საჯარო ლექციებს კონფლიქტისა და მშვიდობის თემაზე, მონაწილეობა მიიღონ თემატური საერთაშორისო კონფერენციების საორგანიზაციო და მოსამზადებელ პროცესში, ჩაერთონ ინსტიტუტის ბაზაზე კონფლიქტისა და მშვიდობის თემაზე ელექტრონული ბიულეტენის თუ სხვადსხვა კვლევითი პუბლიკაციების შემუშავებაში. PESTUGE-ს ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტი თანამშრომლობს მშვიდობის კვლევებში მსოფლიოში ისეთ წამყვან უნივერსიტეტებთან, როგორიცაა ირლანდიის ტრინიტის კოლეჯი, ქალაქ დუბლინის უნივერსიტეტი და ავსტრიის ინსბრუკის უნივერსიტეტი. ამავე პროექტის ფარგლებში, სკოლის მაგისტრატურის პროგრამებში შეტანილია კონფლიქტისა და მშვიდობის მოდული, რომლის ფარგლებშიც ისწავლება ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების მეთვალყურების ქვეშ შემუშავებული საგნები
მთლიანობაში, ჩვენ მიერ შეთავაზებული პროგრამებისა და ჩართული აკადემიური პერსონალის მიზანია სტუდენტებს გავუღვივოთ აკადემიური ინტერესი საერთაშორისო პოლიტიკისა და საჯარო მმართველობის მეცნიერული შესწავლისადმი, განვუვითაროთ კრიტიკული ანალიზისა და აკადემიური ინკვიზიციურობის უნარები, მივცეთ ინსპირაცია მოძებნონ საკუთარი ინტერესის სფერო ამ ფართო, ინტერ-დისციპლინარულ სპეციალობაში და ჰქონდეთ ახალი ცოდნის შექმნისთვის საჭირო უნარები
მთლიანობში, ჩვენ ვქმნით პირობებს, რათა კავკასიის უნივერსიტეტში გატარებული პერიოდი იყოს როგორც პროფესიული, ასევე პიროვნული ზრდისა და წარმატების მნიშვნელოვანი ეტაპი სტუდენტთა ცხოვრებაში.
გისურვებთ წარმატებას!
ეკა აკობია
სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი
საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი