25-27 მაისს, ბელგრადში (სერბეთი), ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საჯარო ადმინისტრირების ინსტიტუტებისა და სკოლების ქსელის (NISPAcee) 31-ე ყოველწლიურ კონფერენციაზე მმართველმა კომიტეტმა ქსელის მომავალ პრეზიდენტად ერთხმად აირჩია კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი, ეკა აკობია. აღსანიშნავია, რომ NISPAcee-ის პრეზიდენტის პოზიცია 2006-2008 და 2010-2012 წლებში ეკავა CSG-ის პირველ დეკანს, მზია მიქელაძეს.
კონფერენციის თემა იყო - „საჯარო ადმინისტრირების მომავლის უზრუნველყოფა განვითარებადი ტექნოლოგიებით“. ბელგრადის კონფერენციის დასკვნით პლენარულ სესიაზე ეკა აკობიამ, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტისა და მმართველი საბჭოს სახელით, ქსელის წარმომადგენლები 2024 წელს თბილისში, 32-ე ყოველწლიურ კონფერენციაზე მიიწვია, რომელიც მიეძღვნება თემას - „საჯარო ადმინისტრირება პოსტ-კონფლიქტურ რეკონსტრუქციაში“.
NISPAcee-ს ყოველწლიურ კონფერენციას კავკასიის უნივერსიტეტმა 2015 წელსაც წარმატებით უმასპინძლა. ამგვარი ჩართულობა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა სკოლის საჯარო მმართველობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების საერთაშორისო სტანდარტებით განვითარებისა და ინტერნაციონალიზაციისთვის.
კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლა 2001 წლიდან ქსელის აქტიური ინსტიტუციური წევრია, რაც მჭიდროდ უკავშირდება, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სკოლის პირველი დეკანის, მზია მიქელაძის ღირსშესანიშნავ საგანმანათლებლო საქმიანობას.
NISPAcee არის საჯარო მართვისა და ადმინისტრირების სფეროს პროფესიონალთა ქსელი და განათლების, ტრენინგების და კვლევების მეშვეობით აქტიურად უწყობს ხელს დემოკრატიული და ეფექტური მმართველობის ხელშეწყობას ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ქსელში ამჟამად გაწევრიანებულია რეგიონის 90-ზე მეტი უნივერსიტეტი, ხოლო ქსელი მჭიდროდ თანამშრომლობს საჯარო მმართველობის სფეროს ისეთ გლობალურ ორგანიზაციებთან, როგორებიცაა UN DESA, ASPA, NASPAA, EGPA, EAPAA, IASIA-IIAS და სხვა.