26 იანვარს, კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის, დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტის - ელისო ჩინჩალაძის სამაგისტრო ნაშრომის დაცვა გაიმართა.
დაცვის კომისია დაკომპლექტებული იყო კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის აკადემიური პერსონალით: ეკა აკობია - პროფესორი, დეკანი; გიორგი ცხადაია -ასოცირებული პროფესორი; გიორგი მუჩაიძე - ასოცირებული პროფესორი, სერგი კაპანაძე - მოწვეული პროფესორი (ხელმძღვანელი).
წარმოდგენილ ნაშრომში - ,,უნგრეთის დე-ევროპეიზაციის გამომწვევი ფაქტორები“. მაგისტრანტმა გამოიკვლია თუ რამდენად დიდ გავლენას ახდენს ხელისუფლების შენარჩუნების მიზანი დემოკრატიის ხარისხზე და რა შემთხვევაში მივყავართ ამას „დე-ევროპეიზაციამდე“. დე-ევროპეიზაციის ფენომენის საკვლევად გამოყენებული იყო ნეოფუნქციონალიზმის თეორიული ჩარჩო და კონკრეტულად ,,უკან გადაღვრის“ კონცეფცია, ფილიპ შმიტერისა და ზოე ლეფკოფრიდის ნაშრომზე დაყრდნობით.
კვლევისას გამოიკვეთა, რომ რაც უფრო მეტად ცდილობს ხელისუფლება გამოიყენოს საკუთარი ძალაუფლება ხელისუფლების შესანარჩუნებლად, მით მეტად შორდება ქვეყანა ევროპულ პრინციპებს და სახეზე გვაქვს დე-ევროპეიზაცია.
აღნიშნული მოსაზრების გასამყარებლად მაგისტრანტმა შეისწავლა ერთეული შემთხვევის - უნგრეთის შიდაპოლიტიკური გარემო, მათ შორის: საკანონმდებლო ცვლილებები და სხვადასხვა სფეროები (განათლება, საარჩევნო გარემო, სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკა, მედიაგარემო, სასამართლო და ხელისუფლების სხვადასხვა შტოები და მათი ურთიერთმიმართება). კომისიამ წარმოდგენილი ნაშრომს მაღალი შეფასება მისცა.