სახელმწიფო მართვის სკოლის სტუდენტების შეხვედრა ბრიტანელ პოლიტიკოს რობერტ ევანსთან

11 მაისი 2022

 

9 მაისს, კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის ლექტორის, ჟან მონეს პროფესორის, სერგი კაპანაძის მოწვევით, მისი სასწავლო კურსი "ევროკავშირის ინსტიტუტები და პოლიტიკა" ფარგლებში, ვუმასპინძლეთ ყოფილ ევროპარლამენტარს, გაერთიანებული სამეფოდან, რობერტ ევანსს.

 

ლექცია მხარდაჭერილი იყო ევროპარლამენტის ყოფილი წევრების ასოციაციის მიერ. რობერტ ევანსი არის ბრიტანელი პოლიტიკოსი, რომელიც 1994-2009 წლებში იყო ევროპარლამენტის წევრი, ლეიბორისტული პარტიიდან.

 

რობერტ ევანსი სტუდენტებს ესაუბრა ევროპარლამენტის როლის, კანონმდებლობის მიღების პროცესის, ევროკავშირის ინსტიტუტებთან ევროპარლამენტის ურთიერთობის, ასევე ევროპარლამენტის შიგნით პარტიულ ოჯახებს შორის ინტერაქციის შესახებ. ევროპარლამენტარმა სტუდენტებს გაუზიარა თავისი გამოცდილება ევროპარლამენტში მუშაობის და კონკრეტული კანონების მიღების შესახებ.

 

ლექციაზე რობერტ ევანსმა ასევე ისაუბრა ბრექსიტის, ბრიტანეთის დეევროპეიზაციის და ამ პროცესთან დაკავშირებული გამოწვევების, მათ შორის მომდევნო წლებში ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკური როლის შესახებ.

 

შეხვედრის ბოლოს, სპიკერმა უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს დღეს ევროპაში არსებულ მდგომარეობასთან, ბრექსიტთან, ჩრდილოეთ ირლანდიაში და შოტლანდიაში არსებულ მდგომარეობასა და რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებულ საკითხებზე.