მუდმივმოქმედი მრჩეველთა საბჭო კავკასიის ტურიზმის სკოლაში

29 ნოემბერი 2021

ტურიზმის სკოლაში განსაკუთრებული სიახლეა. ტურიზმის სკოლის ადმინისტრაციის ინიციატივით შეიქმნა და 25 ნოემბერს დაფუძნდა სკოლის მუდმივმოქმედი მრჩეველთა საბჭო. საბჭოს შექმნის მიზანია ტურიზმის სკოლის საგანმანათლებლო პროგრამები და პროექტები იგეგმებოდეს, იქმნებოდეს და განახლების პროცესს გადიოდეს ინდუსტრიის წარმომადგენლების უშუალო ჩართულობით და მონაწილეობით, რათა ყველა მოქმედი და სამომავლო საგანმანათლებლო პროგრამა ეხმიანებოდეს ბაზრის მოთხოვნებსა და ინდუსტრიის სწრაფად ცვალებად დაკვეთებს.

საბჭოს შემადგენლობა აერთიანებს საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლობის ფართო სპექტრს. მასში შედიან როგორც კერძო, ისე საჯარო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, როგორც აკადემიური, ისე პრაქტიკული გამოცდილების პირები, რომლებიც რეგულარული პერიოდულობით კონსულტირებას გაუწევენ კავკასიის ტურიზმის სკოლის ადმინისტრაციას, შეაფასებენ აკადემიური პროგრამების აქტუალობას და მათ უშუალო ბმას ბაზრის მოთხოვნებთან. ასევე აქტიურად ჩაერთვებიან ახალი, ადგილობრივი და საერთაშორისო ორმაგი ხარისხის პროგრამების შემუშავებაში და მოქმედი საბაკალავრო პროგრამის საერთაშორისო რესერტიფიცირების პროცესში.