ტურიზმის ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სწრაფად მზარდი ინდუსტრიაა. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (WTO) მონაცემებით, საშუალოდ ცხრიდან ერთი ადამიანი სწორედ ამ სექტორშია დასაქმებული და ბოლო წლების განმავლობაში ამ კონკრეტულ ინდუსტრიაში 235 მილიონი სამუშაო ადგილია შექმნილი. იგი შედგება მრავალი სეგმენტისგან და თითოეულს კარიერული წინსვლის შესძლებლობა აქვს, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში.
კავკასიის უნივერსიტეტში ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სწავლება 2010 წლიდან დაიწყო ბათუმში და 2012 წლიდან - თბილისში. ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა ითვალისწინებს შედეგზე ორიენტირებულ სწავლებას, თეორიული და პრაქტიკული საქმიანობების ოპტიმალური თანაფარდობით, სასტუმრო მიმართულების აქცენტირებით.
ოთხწლიანი საბაკალავრო პროგრამა ტურიზმში აძლევს სტუდენტებს პროფესიისათვის საჭირო ცოდნას და ძირითად უნარებს, რაც მომავალში ტურიზმის ინდუსტრიაში წარმატებული კარიერის შექმნაში დაეხმარებათ. წარმოდგენილი პროგრამის კურიკულუმი ფარავს, როგორც ზოგად საგანმანათლებლო საგნებს, ასევე ტურიზმის მენეჯმენტის საგნებს, რითაც უზრუნველყოფს მათ მიერ ტურიზმის მენეჯმენტის სფეროში პოზიციების დაკავებას. საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია შესძინოს ცოდნა და უნარები შემდეგი მიმართულებით:
- მდგრადი ტურიზმის პოლიტიკა და დაგეგმვა
- ტურისტული ბიზნესის მართვა და ოპერირება
- ტურიზმის ინდუსტრიის კვლევა და პროგნოზირება
- თანამედროვე საინფორმაციო, ელექტრონული და საოპერაციო სისტემებისა და ტექნოლოგიების გამოყენება
საბაკალავრო პროგრამის განმავლობაში გამოიყენება უახლესი თანამედროვე ლიტერატურა, ხოლო ლექციები მიყავთ ტურიზმის ინდუსტრიის წამყვან სპეციალისტებსა და პროფესორებს. კავკასიის ტურიზმის სკოლის პარტნიორებია მსოფლიოს წამყავნი საერთაშორისო უნივერსიტეტები და ადგილობრივ ბაზარზე წამყვანი კერძო და საჯარო ორგანიზაციები.