პროექტის ხელმძღვანელი - გიორგი დათუკიშვილი
კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი
წიგნი შედგება Excel-ის 90 მარტივი და 10 კომპლექსური ამოცანისგან, რომლებსაც თან ახლავთ ვიდეო გაკვეთილის და ვიდეო ამოხსნის შესაბამისი QR კოდი, რომლის დასკანირების შედეგადაც წიგნის მომხმარებელი ეუფლება კონკრეტული ამოცანის ამოხსნისთვის საჭირო უნარებს.
საბანკო სექტორისა და ეკონომიკის ზრდას შორის ურთიერთკავშირის დადგენა
ურთიერთკავშირის დადგენა საბანკო სექტორის ზრდასა და საქართველოს ეკონომიკურ ზრდას შორის (საერთაშორისო გამოცდილებისა და კვლევის საფუძველზე)
პროექტის ხელმძღვანელი დავით ასლანიშვილი, CSB, ასოცირებული პროფესორი
საქართველოს ეკონომიკის მთავარი პრობლემაა მასშტაბური დისპროპორცია საბანკო სექტორის წარმატებულ საქმიანობასა და ეკონომიკის რეალური სექტორის ხშირად წარუმატებელ განვითარებას შორის. კვლევაში დიდი ყურადღება დაეთმობა მოსახლეობის მოთხოვნის შესწავლას კრედიტებზე. ასევე, კვლევით შემოწმდება კორელაცია კრედიტებსა და მშპ-ს შორის. კვლევის შედეგად დადგინდება დადებითი ან უარყოფითი კორელაციური ურთიერკავშირები ფინანსურ განვითარებასა და ეკონომიკურ ზრდას შორის.
ინფლაციური პროცესების რეგულირება საქართველოში
პროექტის პერსონალი ლაშა ქავთარაძე, ნოდარ კილაძე, CDS
კვლევა მიზნად ისახავს საქართველოში ინფლაციის გამომწვევი მიზეზების დადგენას და იმ ძირითადი ფაქტორების ანალიზს, რომლებიც ეკონომიკური თეორიის მიხედვით გავლენას ახდენენ ფასების დონის ცვლილებაზე, რის საფუძველზეც მოხდება შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. ინფლაცია, თავისი უარყოფითი შედეგების გამო, საზოგადოებაში უარყოფით ემოციებს იწვევს. როგორც მაღალი, ასევე ნულოვანი, ან ნულთან მიახლოებული ინფლაცია, დაკავშირებულია სხვადასხვა ტიპის ხარჯებთან საზოგადოებისათვის, რაც საბოლოო ჯამში წარმოშობს კეთილდღეობის დანაკარგებს.
რეალურ ეკონომიკაში ფასების დონის ცვლილება საკმაოდ დინამიური პროცესია და რთულია ინფლაციის გამომწვევი კონკრეტული მიზეზისა თუ ფაქტორის გამოყოფა. ფასების სტაბილურობა არის ფუნდამენტურ ფაქტორი, რომელიც აუცილებელია მაღალი და სტაბილური ეკონომიკური ზრდის მისაღწევად. შესაბამისად, ინფლაციური პროცესების რეგულირება საკმაოდ მნიშვნელოვანია. აღნიშნული საკითხის პრაქტიკული მნიშვნელობა მაღალია, რადგანაც, ინფლაციური პროცესების კვლევების დახმარებით შესაძლებელია სანდო პროგნოზების აგება საქართველოს ეკონომიკის თავისებურებებიდან გამომდინარე შერჩეული ფაქტორების დახმარებით, შემდგომ კი მათი ეფექტური გამოყენება მონეტარული პოლიტიკის განხორციელების პროცესში.
„სივრცული მოდულაციის სქემების შექმნა თანამედროვე უსადენო ტელეკომუნიკაციების სისტემებისთვის“
პროექტის ამოცანები:
- ახალი SM-MIMO სისტემების შექმნა CPM სიგნალების მიხედვით. განსაკუთრებით, ყველაზე გავრცელებული CPM სახეობების მიხედვით, როგორებიცაა: CPFSK, MSK და სხვა სიგნალები.
- ოპტიმალური და ქვეოპტიმალური დემოდულაცია და ალგორითმების დეკოდირება SM-MIMO სისტემებისთვის;
- შეცდომის ალბათობის ანალიტიკური შეფასება SM-MIMO სისტემებისთვის;
- სიმულაციების საშუალებით SM-MIMO სისტემების მახასიათებლების შესწავლა;
- ახალი SM-MIMO სისტემების შედარება სხვა ცნობილ სისტემებთან და ახალი სისტემების გამოსაყენებლად რეკომენდაციების შექმნა.
პროექტის ფარგლებში შესასრულებელი საქმიანობები და შედეგები:
შემოთავაზებული პროექტის მნიშვნელობა მდგომარეობს ისეთი მახასიათებლების მქონე კოდირებული მოდულაციის სისტემების შექმნაში, რომლებიც უზრუნველყოფს უკეთეს ფუნქციონირებას მსოფლიოში უკვე არსებულ მსგავს სისტემებთან შედარებით. მათი გამოყენება ფართედაა შესაძლებელი მონაცემთა გადაცემების ქსელებში, კოსმოსისა და სატელიტურ საკომუნიკაციო ქსელებში, მობილური კომუნიკაციების სისტემებსა და ა.შ.
შემოთავაზებული პროექტის ინდუსტრიული და ეკონომიკური მნიშვნელობა მდგომარეობს SM-MIMO სისტემების ახალი სქემების შექმნაში. უნდა აღინიშნოს, რომ განსხვავებული სიგნალურ-კოდური კონსტრუქციები ფართედ გამოიყენება პრაქტიკულად ყველა ტიპის თანამედროვე საკომუნიკაციო სისტემაში (მაგ., სატელიტურ კომუნიკაციაში, მაუწყებლობაში, ნავიგაციაში, მესამე და მეოთხე თაობების მობილურ კომუნიკაციაში, საჰაერო კომუნიკაციებსა და სხვა), რაც მნიშვნელოვნად ზრდის ამ სისტემების ეფექტურობას. ეკონომიკური ფაქტორი კი ითვალისწინებს თანამედროვე ციფრული საკომუნიკაციო სისტემებზე არსებულ მაღალ მოთხოვნას.
განსახილველი პროექტის შედეგები აისახება სამეცნიერო-ტექნიკურ დისციპლინებში, როგორებიცაა: უსადენო კომუნიკაციები, ტელევიზია, რადიოლოკაცია, რადიონავიგაცია და სხვა.
პროექტის დაწყებისა და დასრულების ვადები: 20.12.2017 - 20.12.2020
კოორდინატორი უნივერსიტეტი: კავკასიის უნივერსიტეტი, საქართველო
პროექტის მიზნები
პროექტის მიზანია დაადგინოს არის თუ არა საქართველოს კერძო სექტორი განზრახ ჩართული ფინანსური ინფორმაციით მანიპულირების საქმეში.
პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი საქმიანობები და შედეგები
საბუღალტრო და ფინანსური ლიტერატურა ცხადყოფს, რომ კორპორაციული მენეჯერები ხშირ შემთხვევაში ცდილობენ კომპანიების შედეგების გაბუნდოვანებას პირადი სარგებლის მიღების მიზნით. განვითარებულ ქვეყნებში ასეთი პრაქტიკის მთავარი მიზეზი არის კაპიტალის ბაზრის/აქციებით მანიპულირება, ნაკლებ განვითარებულ ქვეყნებში კი მიზეზი საგადასახადო ორგანოებია, კომპანიები სწორედ მათ გამო აჩვენებენ ნაკლებ ფინანსურ შედეგებს, რათა ასეთი გზით გადასახადების გადახდას არიდონ თავი. ევროკავშირის ჰარმონიზაციის პროცესის მოთხოვნათა თანახმად, ქართული კერძო სექტორი 2018 წლის 1 ოქტომბრიდან იწყებს აუდიტის მიერ დამოწმებული ფინანსური უწყისების გასაჯაროებას. ასეთი ჩარჩო საშუალებას იძლევა დადგინდეს რამდენად „თამაშობენ“ კერძო სექტორის მოთამაშეები თავიანთი შემოსავლებით საქართველოს ბიუჯეტში მოკრძალებული წვლილის შეტანის მიზნით. ეს შრომა სწორედ ამ ფენომენის კვლევას ეძღვნება.
პროექტის დაწყებისა და დასრულების თარიღები: 20.12.2017 – 19.12.2020
კოორდინატორი უნივერსიტეტი: კავკასიის უნივერსიტეტი, საქართველო
მთავარი მკვლევარი: პროფ, დოქტორი, ერეკლე პირველი.
„ფინანსური ინფორმაციის ხარისხი განვითარების სხვადასხვა სტადიაზე მყოფი კაპიტალის ბაზრებისთვის"
პროექტი დაფინანსებულია სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ახალგაზრდა მეცნიერთა კველევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2015 წლის კონკურსის ფარგლებში.
პროექტის ხელმძღვანელი - ერეკლე პირველი.
შემთხვევითი რიცხვების გენერატორი პოსტ-კვანტური ელექტრონული ხელმოწერისთვის
კორპორაცია Google, NASA-სთან და Universities Space Research ასოციაციასთან ერთად მუშაობენ კვანტური პროცესორის შექმნაზე კომპანია D-Wave-თან. კვანტურ კომპიუტერს ექნება შესაძლებლობა დაანგრიოს უმეტესობა თუ არა აბსოლუტურად ყველა დღეისთვის სტანდარტული კრიპტოსისტემები, რომლებიც ფართოდ გამოიყენება პრაქტიკაში, მაგალითად RSA. RSA კრიპტოსისტემა გამოიყენება უამრავ პროდუქტში სხვადასხვა პლატფორმაზე განსხვავებულ დარგში. შეთავაზებულია RSA-ს სხვადასხვა ალტერნატივები, მაგრამ მათ კვლავ გააჩნია უსაფრთხოების და ეფექტურობის პრობლემები. შესაბამისად მათი გამოყენება პრაქტიკაში არის შეუძლებელი. ერთ-ერთ შეთავაზებულ ალტერნატივას ჰეშზე დაფუძნებული ელექტრონული ხელმოწერების სისტემები წარმოადგენს. Merkle-ს ხელმოწერების სქემები არის ჰეშზე დაფუძნებული ელექტრონული ხელმოწერების სქემა საზოგადო გასაღებით. კრიპტო სისტემას გააჩნია ეფექტურობის პრობლემები და შესაბამისად იგი ვერ იქნება გამოყენებული პრაქტიკაში. სქემების გაუმჯობესებაზე მუშაობენ მსოფლიო მეცნიერები. ერთ-ერთი გაუმჯობესება არის PRNG (ფსევდო შემთხვევითი რიცხვების გენერატორი) - ის ინტეგრაცია, იმისათვის, რომ არ იყოს დასათვლელი და განსათავსებელი ერთჯერადი გასაღების წყვილების დიდი რაოდენობა. ეს მიდგომა შეიძლება ჩაითვალოს არაუსაფრთხოდ, რადგან ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ კვანტურ კომპიუტერს აქვს შესაძლებლობა დაანგრიოს არსებული PRNG-ები. კვანტურ კომპიუტერს შეუძლია მოგვცეს შესაძლებლობა დავაგენერიროთ ნამდვილი შემთხვევითი რიცხვები. შესაბამისად, Merkle ინტეგრირებული TRNG (ნამდვილი შემთხვევითი რიცხვების გენერატორი) -ით იქნება უსაფრთხო. ასევე, TRNG-ის შექმნა კვანტური კომპიუტერის მეშვეობით იქნება ძალიან სასარგებლო სხვა კრიპტოგრაფიული ალგორითმებისთვის, ლატარიებისთვის, სათამაშო აპარატებისთვის, სიმულაციის პროცესებისთვის და სხვა.
პროექტის მიზნები:
- შეიქმნას ნამდვილი შემთხვევითი რიცხვების გენერატორი (TRNG);
- შესრულდეს ამ TRNG-ის პროგრამული რეალიზაცია დაპროგრამების ენის და სიმულაციის ტექნიკის გამოყენებით;
- TRNG-ის ინტეგრაცია Merkle-ში, Merkle-ეს გაუმჯობესებული უსაფრთხო ვერსიის მისაღებად;
- შესრულდეს გაუმჯობესებული Merkle-ს პროგრამული რეალიზაცია დაპროგრამების ენის და სიმულაციის ტექნიკის გამოყენებით
პროექტის პერსონალი:
მაქსიმ იავიჩი-პროფესორი, გიორგი იაშვილი-ასისტენტი, კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა
ბიუჯეტი - 23 820 ₾.
ორწლიანი პროექტი დაფინანსებულია კავკასიის უნივერსიტეტის კვლევის შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსების 2018 წლის დეკემბრის კონკურსის ფარგლებში.
ქვეყნის სიმდიდრე, ფინანსური აღრიცხვის ინფრასტრუქტურა და ფინანსური ინფორმაციის ხარისხი: საერთაშორისო ანალიზი
პროექტის ხელმძღვანელი ერეკლე პირველი, CSB, ასოცირებული პროფესორი
წინამდებარე კვლევითი პროექტის მიზანია ნათელი მოჰფინოს თუ რატომ აქვეყნებენ მდიდარი ეკონომიკის მქონე ქვეყნები უკეთეს მენეჯერულ, მაგრამ ექვივალენტურად გამოსადეგ ფინანსურ ინფორმაციას ღარიბ ქვეყნებთან შედარებით. წინარე ლიტერატურის თანახმად, ქვეყნის სიმდიდრე უნდა ასოცირდებოდეს ფინანსური აღრიცხვის უკეთეს ინფრასტრუქტურასთან, რაც, თავის მხრივ, ფინანსური ინფორმაციის უკეთეს ხარისხში უნდა აისახებოდეს. ამ ინტუიციაზე დაყრდნობილ თეორიულ მოსაზრებასთან ნაწილობივ შეუსაბამოდ, Pirveli and Zimmermann (forthcoming)-ის კვლევა, 40 ქვეყნის კაპიტალის ბაზრის მასშტაბით ემპირიულად წარმოაჩენს, რომ მდიდარი ქვეყნები აქვეყნებენ უფრო კონტროლზე-ორიენტირებულ (მენეჯერულ) და დაახლოებით იმავე დონის შეფასებაზე-ორიენტირებულ (ფინანსურ) საბუღალტრო ინფორმაციას ვიდრე ღარიბი ქვეყნები. აღნიშნული მიგნების მიზეზების დასადგენად, წინამდებარე კვლევითი პროექტის მიზანია ფინანსური ანგარიშგების ინფრასტრუქტურის ინდექსის შემუშავება, რომელიც დაფარავს საბუღალტრო, ფინანსურ, სამართლებრივ და პოლიტიკურ სისტემებს. ფინანსური ანგარიშგების ინფრასტრუქტურის ინდექსის ჩამოყალიბება დაგვეხმარება იმის გაგებაში თუ სად წყდება კავშირი ქვეყნის სიმდიდრესა და ფინანსური ინფორმაციის ხარისხს შორის. ეს გამოწვეულია იმით, რომ ქვეყნის სიმდიდრე არ უზრუნველყოფს ფინანსური აღრიცხვისათვის საჭირო უკეთეს ინფრასტრუქტურას, თუ ეს კავშირი არსებობს, მაგრამ თავად ინფრასტრუქტურა ვერ განაპირობებს ფინანსური ინფორმაციის უკეთეს ხარისხს? შედეგები საინტერესო უნდა იყოს როგორც მეცნიერებისა და ინვესტორებისათვის, ასევე პოლიტიკისა და სტანდარტების გამტარებელთათვისაც.
ხელმძღვანელთა საპასუხო გადაწყვეტილებები ფსიქოლოგიურ კონტრაქტში
ორგანიზაციის ეფექტური მუშაობა მეტწილად დამოკიდებულია დასაქმებულისა და ხელმძღვანელის ურთიერთობაზე (Bolino, Turnley, & Bloodgood, 2002). თავად ეს ურთიერთობა კი განიხილება, როგორც თანამშრომელსა და ხელმძღვანელს შორის დადებული ერთგვარი ფსიქოლოგიური კონტრაქტი. მნიშვნელოვანი კვლევების მიხედვით (Argyris, 1960; Levinson, Price, Munden, Mandl, & Solley, 1962; Schein, 1965), ფსიქოლოგიური კონტრაქტის თეორიის ფუძემდებლად ითვლება რუსო (1989; 1995), რომელმაც აღნიშნულ თეორიაში წარმოადგინა დაქვემდებარებულისა და ხელმძღვანელის ურთიერთობის ფენომენის სტრუქტურული ჩარჩო. ფსიქოლოგიური კონტრაქტის ფენომენი დაფუძნებულია იმ რწმენაზე, რომ დაქვემდებარებულსა და ხელმძღვანელს შორის ურთიერთობა დამყარებულია ურთიერთშეთანხმების გზით მიღწეულ ვადებსა და პირობებზე (Rousseau, 1989; Robinson, Kraatz, & Rousseau, 1994; Turnley, Bolino, Lester, & Bloodgood, 2003). უფრო კონკრეტულად კი, ფსიქოლოგიური კონტრაქტები მოიცავს თანამშრომლობისათვის საჭირო მოტივატორებისა და სტიმულატორების ორმხრივ გაცვლას. დაქირავებული დებს პირობას დამქირავებელთან, რომ საკუთარ დროით და შრომით რესურსს დაუქვემდებარებს ორგანიზაციის მიზნებს. სანაცვლოდ, დამქირავებელი დებს პირობას, უზრუნველყოს თანამშრომელი შესაბამისი სტიმულატორებითა და ჯილდოებით.
აღნიშნული კვლევა წვლილს შეიტანს ფსიქოლოგიური კონტრაქტის თეორიის განვითარებაში სამი მიმართულებით. პირველ რიგში, შეიქმნება ფსიქოლოგიური კონტრაქტის თეორიის მოდელი ხელმძღვანელთა პერსპექტივის გათვალისწინებით. მეორე მხრივ, განვითარდება თეორიული მიდგომა ორმხრივობის პრინციპის შესახებ და განისაზღვრება კონტრიბუციებისა და სტიმულატორების ურთიერთმიმართება. მესამე, გამოიკვლევა ხელმძღვანელთა პერსპექტივა სამუშაოს შესრულებისა და შეუსრულებლობის შემთხვევებში და მათი საპასუხო რეაგირება სხვადასხვა სტიმულატორების გამოყენებით.
პროექტის ხელმძღვანელი: პაატა ბრეკაშვილი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი.
პროექტი დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების საგრანტო კონკურსის ფარგლებში.
საქართველოში მიმდინარე ბუღალტერიისა და აუდიტის რეფორმის შეფასება: საკანონმდებლო ჩარჩო, აღსრულების დონე და ფინანსური ინფორმაციის ხარისხი
კანონებისა თუ საბუღალტრო სტანდარტების შემოღება ხშირად განვითარებული სამყაროს გამოცდილებაზე დაყრდნობით ხდება. განვითარებადი სამყარო კი უბრალოდ იძულებულია საერთაშორისო გამოცდილება სარკისებურად გადმოაკოპიროს.
ეს რეგულაციები ხშირად არ არის საკმარისად ადაპტირებული ადგილობრივ სპეციფიკას. თეორიის არ არსებობის პირობებში - თუ როგორ გავლენას ახდენს კანონების ‘გადმოკოპირება’ განვითარებად ქვეყნებზე - ჩვენ ვსაჭიროებთ ქვეყნების მაგალითების სიღრმისეულ (სათითაოდ) განხილვას.
სრულყოფილი თეორიის არსებობის პირობებშიც კი, ჩვენ კვლავ დაგვჭირდებოდა ქვეყნების სათითაოდ განხილვა, რადგან ადგილზე არსებული ინსტიტუციური სპეციფიკურობა განსაკუთრებულ დაკვირვებას საჭიროებს.
ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ ვგეგმავთ საქართველოს მაგალითზე შევაფასოთ საერთაშორისო ბუღალტრული სტანდარტების სამოქმედოდ შემოღების ეფექტიანობა. 2014 წლის ივნისში საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ასოცირების ხელშეკრულებას.
აღნიშნული, 2016 წლის 8 ივნისს ბუღალტერიის, ანგარიშგებისა და აუდიტის ახალ კანონში აისახა. როგორც ასეთი, პირველად, საქართველოს ისტორიაში დაახლოებით 84000 საწარმო 2019 წლის 1 ოქტომბრისთვის საჯარო უნდა გახდეს. ეს ცვლილება უპრეცედენტოა.
წინამდებარე კვლევითი პროექტიც, გამომდინარე იქიდან, რომ ამ უპრეცენდენტო რეფორმის შესწავლას მიეძღვნება, სავარაუდოა, რომ დიდი მნიშვნელობისა იქნება.
აღნიშნული უნიკალური შესაძლებლობაა აკადემიური წრეების წარმომადგენლებისთვის, თუმცა ასევე რეგულატორებისთვის საქართველოსა და ევროპაში, რათა ცხადყოფილ იქნას თუ რამდენად ეფექტიანად მიმდინარეობს რეფორმა და რამდენად ეფექტიანად იხარჯება ევროკავშირის ბიუჯეტი (მთლიანი ბიუჯეტი პროგრამისა (STAREP), რომლის ფარგლებშიც რეფორმის ინიციატივები წარმოიშვა €5.85 მილიონია).
სანამ მასიური ინფორმაცია გადალახავს ტრანსპარენტულობის ზღვარს, ჩვენ უკვე ახლა ვსაჭიროებთ პირველ შეფასებას თუ რას უნდა ველოდოთ. პროექტის ქვე-მიზანს წარმოდგენს პასუხი გაეცეს 3 შეკითხვას:
ა) რამდენად კარგი ხარისხისაა მიღებული კანონი;
ბ) რამდენად კარგად ხდება კანონის რეალობაში აღსრულება;
გ) რამდენად არის მიღწეული რეფორმის მიზანი- ფინანსური ინფორმაციის ხარისხის გაუმჯობესება.
აღწერილობითი მონაცემები ავტომატურად ამოღებულ იქნება საჯარო საიტიდან https://reportal.ge/ “Link Clicker”-ისა და “Scrapestorm”-ის ტექნიკების გამოყენებით. საწარმოთა ფინანსური ინფორმაცია გამოითხოვება ფინანსთა სამინისტროდან. ხოლო საწარმოთა წლიური ფინანსური ანგარიშგებები ავტომატურად გადმოიწერება პროგრამული ენა პითონის მეშვეობით.
პირველ ორ კითხვაზე პასუხის გასაცემად გამოვიყენებთ დესკრიპტიულ ანალიზს, ხოლო ფინანსური ინფორმაციის გასაზომად: შემოსავლების დროით-სერიულ მწკრივებს, შემოსავლების მენეჯმენტისა და კონსერვატიული ბუღალტერიის მეთოდოლოგიებს.
პროექტის ბიუჯეტი 167 800 ლარი
პროექტის ხანგრძლივობა 3 წელი
პროექტის ხელმძღვანელი იოჰენ ციმერმანი, ბრემენის უნივერსიტეტის პროფესორი.
კომპიუტერული მეცნიერების და კიბერ უსაფრთხოების საბავშვო უნივერსიტეტი
პროექტის ფარგლებში კვლევის მიზანი: ტექნოლოგიები ვითარდება ძალიან სწრაფად. ეს განვითარება აისახება, როგორც კომპიუტერული ტექნიკის შესაძლებლობების ყოველდღიური ზრდით, ასევე პროგრამული უზრუნველყოფის დახვეწის თვალსაზრისით. ამ დარგის მკვლევართა ერთ-ერთ ძირითად გამოწვევას, წარმოადგენს ამ გაზრდილი შესაძლებლობების შედეგად წარმოშობილი ფენომენების დროული გაანალიზება, ახალი საფრთხეების განჭვრეტა და ეფექტიანი უსაფრთხოების მექანიზმების შემუშავება. უკანასკნელი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უახლოესმა ისტორიულმა მაგალითებმა ცალსახად გვაჩვენა, რომ დაგვიანებულმა რეაგირებამ შესაძლოა დიდი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო და კერძო სექტორის უსაფრთხოებას.
პროექტის ფარგლებში იგეგმება კომპიუტერული მეცნიერების და კიბერ უსაფრთხოების საბავშვო უნივერსიტეტის დაარსება. უნივერსიტეტის მიზანია საქართველოში კიბერ უსაფრთხოების მიმართულებების განვითარება, როგორც პრაქტიკული, ასევე სამეცნიერო კუთხით.
პროექტი დაფინანსდა სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მეცნიერების პოპულარიზაციის საგრანტო კონკურსის ფარგლებში.
პროექტის ხელმძღვანელი: მაქსიმ იავიჩი, CST.
ფინანსური მენეჯმენტი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის
არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ფინანსური დაგეგმარებისა და მენეჯმენტის ძირითადი მნიშვნელობა განისაზღვრება ორგანიზაციული მიზნების მიღწევითა და დასახული ამოცანების გადაჭრით. არასამთავრობო ორგანიზაციების უმეტესობა ეფუძნება გარე დაფინანსების წყაროებს და შესაბამისად, ფინანსურ მენეჯმენტს უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ორგანიზაციის მდგრადობის შესანარჩუნებლად. პროექტის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის შემუშავებული ფინანსური მენეჯმენტის გზამკვლევი ხელს შეუწყობს არაკომერციულ ორგანიზაციებს ფინანსების სწორ დაგეგმარებაში, კოორდინაციასა და კონტროლში. შემუშავებული სასწავლო მასალები და ადმინისტრაციული სტანდარტული ფორმები ხელს შეუწყობს არასამთავრობო ორგანიზაციებს ეფექტურად მართონ საკუთარი ფინანსური სახსრები და ამასთანავე, მიიღონ რესურსების გადანაწილების, ფონდების შეგროვებისა და მობილიზაციისათვის საჭირო ყველა ეფექტური გადაწყვეტილება.
პროექტის ხელმძღვანელი - ალექსანდრე მიქელაძე.
პროექტი დაფინანსებულია კავკასიის უნივერსიტეტის კვლევის შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსების კონკურსის ფარგლებში.
5G ფიჭური ქსელების უსაფრთხოება
სატელეკომუნიკაციო ინდუსტრია განიცდის არსებით ცვლილებებს 5G ქსელის განსავითარებლად, რათა დაკმაყოფილდეს არსებული და სწრაფად მზარდი მოთხოვნა. 5G ტექნოლოგიის საჭიროების უზრუნველსაყოფად გამოვიყენებთ უახლეს ქსელურ ტექნოლოგიებს, სერვისებს, ინფორმაციის შენახვისა და დამუშავების ტექნოლოგიებს. ეს ტექნოლოგიები დაგვაყენებს უამრავი ახალი გამოწვევის წინაშე 5G უსაფრთხოების სისტემებსა და მისი ფუნქციონირების საკითხში. შესაბამისად, უაღრესად მნიშვნელოვანია ზემოხსენებული სტრუქტურის კვლევა და პოტენციური გადაწყვეტილებების შეთავაზება, რაც მიგვიყვანს დაცულ 5G სისტემამდე. ამ პირობებში, აუცილებელია უმოკლეს დროში განისაზღვროს ახალი არქიტექტურა 5G და 6G ქსელებისათვის, რათა დაინერგოს ხელოვნურ ინტელექტზე/მანქანურ სწავლებაზე დაფუძნებული ალგორითმები, რაც შესაძლებლობას მოგვცემს უზრუნველვყოთ უმაღლესი დონის უსაფრთხოება საკომუნიკაციო, ინდუსტრიული, სამთავრობო და სხვა სექტორებისათვის, ზოგადად პროცესების უსაფრთხოება.
პროექტის მთავარი მიზანია ახალი 5G პლატფორმის განვითარება არსებული და მომავალი სანდოობის მოდელებისათვის, კრიპტოგრაფიული ალგორითმებისათვის, კრიტიკული ინფორმაციის გაუმჯობესებული უსაფრთხო ინფრასტრუქტურისათვის და ა.შ. ეს პლატფორმა გააერთიანებს მომხმარებელს, აპლიკაციას და ქსელის ოპერატორის უპირატესობებს, წესებსა და პარამეტრებს მომხმარებლის უმაღლესი დონის უსაფრთხოებისათვის, ქსელისა და აპლიკაციის პროვაიდერის ინტერესების რისკის ქვეშ დაყენების გარეშე. ასევე, ეს პლატფორმა ხელს შეუწყობს სერვისის ხარისხის გაუმჯობესებას, თავიდან აგვარიდებს მომხმარებელსა და ოპერატორს შორის გაუგებრობას ქსელის უსაფრთხოების სხვადასხვა საკითხში, უზრუნველყოფს მოწყობილობის ოპტიმალურად, დაცულად ჩართულობას. მომხმარებლებს საშუალებას აძლევს განსაზღვროს შეზღუდვები და/ან ნებართვები კავშირებისა და სერვისების ავტომატური მართვისათვის, საშუალებას აძლევს აპლიკაციების/სერვისების პროვაიდერებს შეუსაბამონ სერვისი მომხმარებლების უკეთესი გამოცდილებისთვის. ამავდროულად, საშუალებას აძლევს ოპერატორს აკონტროლოს მომხმარებლის მიერ ქსელის გამოყენება ოპტიმალური სერვისის მისაწოდებლად შესაბამისი ღირებულების გათვალისწინებით.
პროექტის ხელმძღვანელი - მაქსიმ იავიჩი, კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის პროფესორი.
პროექტი დაფინანსდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2019 წლის გამოყენებითი კვლევების (CARYS) საგრანტო პროგრამის კონკურსის ფარგლებში.
ხანგრძლივობა - 2 წელი, ბიუჯეტი - 204 330 ლარი.
მედიაწიგნიერება აზარტული თამაშების წინააღმდეგ
კვლევის მიზანია შეიქმნას ტრენინგ პროგრამა, რომელიც, მედიაწიგნიერების მიდგომის საშუალებით, სკოლის მოსწავლეებს აუხსნის თუ რა გზებით ცდილობს აზარტული თამაშების ინდუსტრია მათ თამაშში ჩართვას სხვადასხვა სარეკლამო ხრიკის გამოყენებით.
პროექტის ხელმძღვანელი - გიორგი ჯოლოგუა, CSM.
პროექტი დაფინანსებულია კავკასიის უნივერსიტეტის კვლევის შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსების კონკურსის ფარგლებში.
თანამედროვე ქართული პრეცედენტული სამართლის მიმოხილვა
პროექტი ითვალისწინებს არსებული სამოსამართლო სამართლის - საერთო სასამართლოების პრეცედენტულ გადაწყვეტილებათა მოძიებას, მათ შესწავლას და პრაქტიკის განზოგადებას. ეს პროცესი, როგორც სამეცნიერო კვლევის ემპირიული ნაწილი, ხორციელდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მკვლევარის მიერ ცალკეული ნაშრომის შექმნის მიზნებისათვის ან პრაქტიკოსი იურისტის მიერ პრობლემის გადაწყვეტისას. აქამდე მას სისტემატიზებული, ორგანიზებული ფორმით მხოლოდ უზენაესი სასამართლო ახორციელებს, რომლის შედეგიც გამოიხატება, ერთგვაროვანი პრაქტიკის უზრუნველყოფის მიზნით, პრობლემატურ საკითხებზე გადაწყვეტილებათა შეკრებასა და მათი კრებულების სახით გამოცემაში.
გადაწყვეტილებათა ტექსტები ორიგინალი სახით აისახება პუბლიკაციებში ყოველგვარი განმარტებისა და ანოტაციების გარეშე.
პროექტის ხელმძღვანელი - სოფიო შენგელია, CSL.
პროექტი დაფინანსებულია კავკასიის უნივერსიტეტის კვლევის შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსების კონკურსის ფარგლებში.
პანდემიის პერიოდის თანამედროვე ქართული პრეცედენტული სამართლის მიმოხილვა
პროექტი ითვალისწინებს პანდემიის დაწყებიიდან დღემდე არსებული საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებათა მოძიებას, მათ შესწავლას და პრაქტიკის განზოგადებას, პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტის საფუძველზე მიღებული ახალი სამართლებრივი რეგულაციების და მის საფუძველზე მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების ანალიზს, მათი იმპლემენტაციის სამართლებრივ შეფასებას.
კვლევა ასევე შეეხება პანდემიის პირობებში პერსონალურ მონაცემთა შეგროვებისა და დამუშავებისათვის საჭირო სამართლებრივი გარანტიების ანალიზსა და კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავებას, ასევე შეეხება სამართლებრივი რეგულირების ახალი ნორმების პროექტების მომზადებას, მათ შორის დისტანციური სამართალწარმოების განხორციელებისას ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა კონვენციის მე-6 მუხლთან (სამართლიანი სასამართლოს) შესაბამისობას.
პროექტის ხელმძღვანელი სოფიო შენგელია, CSL.
პროექტი დაფინანსებულია კავკასიის უნივერსიტეტის კვლევის შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსების კონკურსის ფარგლებში.
გაზეთები „საქართველო“ და “ერთობა“ ასი წლის წინ
პროექტის მიზანია 1919-1920 წლების ორი მთავარი პერიოდული გამოცემის - ეროვნულ დემოკრატიული პარტიის ბეჭდვითი ორგანოს გაზეთი ,,საქართველოსა" და სოციალ-დემოკრატიული პარტიის ბეჭდვითი ორგანოს გაზეთი ,,ერთობის" პუბლიცისტური ნარატივის შეფასება, ისტორიული კონტექსტის გააზრება, ენობრივი პოლიტიკის დადგენა, თემატური ელექტრონული კატალოგისა და ელ.წიგნის შექმნა.
პროექტის ხელმძღვანელი ქეთევან დათუკიშვილი, CST.
პროექტი დაფინანსებულია კავკასიის უნივერსიტეტის კვლევის შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსების კონკურსის ფარგლებში.
უმაღლესი განათლების გამოწვევები COVID-19-ის პანდემიის პერიოდში და მათი გადაწყვეტის გზები
კვლევითი პროექტის მიზანია COVID-19 პანდემიის გავლენის შესწავლა უმაღლესი განათლების სექტორზე, დისტანციური სწავლების ტექნოლოგიების გამოყენებაზე გადასვლისას შედეგების, პრობლემებისა და სირთულეების დადგენა.
კვლევის შედეგები განიხილება COVID-19 პანდემიის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის საერთაშორისო გამოცდილებისა და ტენდენციების გათვალისწინებით. რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის ფარგლებში განხორციელდება ელექტრონული გამოკითხვა. კვლევისთვის შერჩეული იქნება კავკასიის უნივერსიტეტის, ლა ტრობეს უნივერსიტეტის (მელბურნი, ავსტრალია), ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ევროპის უნივერსიტეტის ლექტორები და სხვადასხვა საფეხურისა და პროგრამის სტუდენტები. პროექტის შედეგები განიხილება პოლიტიკის ფორუმზე, გამოქვეყნდება სტატია სამეცნიერო ჟურნალებში, ასევე გამოქვეყნდება მონოგრაფია.
პროექტის ხელმძღვანელი თენგიზ ვერულავა, CMS.
პროექტი დაფინანსებულია კავკასიის უნივერსიტეტის კვლევის შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსების კონკურსის ფარგლებში.
ნეიროფიზიოლოგია ფსიქოლოგიის სპეციალობის სტუდენტთათვის
პროექტი გულისხმობს "ნეირფიზიოლოგიის" პირველი ქართული ფერადად ილუსტრირებული სახელმძღვანელოს შექმნას კონკრეტულად ფსიქოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისთვის, რომელშიც გათვალისწინებული იქნება წინა წლების განმავლობაში უნივერსიტეტში აღნიშნული საგნის სწავლებით მიღებული გამოცდილება. სახელმძღვანელო აგებული იქნება კლასიკური ნეიროფიზიოლოგიის პრინციპებით, მაგრამ, ამავდროულად, გამდიდრებული იქნება უახლესი სამეცნიერო მიღწევებითა და ინფორმაციით.
პროექტის ხელმძღვანელი თამარ ჭელიძე, CSH.
პროექტი დაფინანსებულია კავკასიის უნივერსიტეტის კვლევის შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსების კონკურსის ფარგლებში.
საქართველოს ეკონომიკური მოდელის დარგობრივი ანალიზი
წინამდებარე კვლევის მიზანია საქართველოს ეკონომიკური მოდელის დარგობრივი შესწავლა მოახდინოს. აღნიშნულის შესწავლა მოხდება საქართველოს კერძო სექტორის 2500-ზე მეტი მსხვილი და საშუალო საწარმოს ფინანსური ინფორმაციის ანალიზით.
საწარმოთა ეფექტიანობა გაანალიზდება შემდეგი სექტორების კუთხით: წარმოება, გამომუშავება, ვაჭრობა, მომსახურება, სოფლის მეურნეობა, ფინანსები, მშენებლობა და განთავსება/კვება. დაკვირვების ობიექტის შესწავლა მოხდება საწარმოთა რაოდენობის, სიდიდისა და მომგებიანობის ჭრილში თითოეული დარგის მიხედვით.
პროექტის ხელმძღვანელი - ერეკლე პირველი, CSB.
პროექტი დაფინანსებულია კავკასიის უნივერსიტეტის კვლევის შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსების კონკურსის ფარგლებში.
საქართველოს კაპიტალის ბაზრის მოთამაშეების ფინანსური ქცევის შესწავლა და შეფასება
ფინანსური ქცევის კვლევითი პროექტი ემსახურება საქართველოს კაპტალის ბაზრის მოთამაშეების ფინანსური ქცევის მოდელების შესწავლას. კვლევა ითვალისწინებს ინტერდისციპლინარულ მიდგომებს, მათ შორის ფინანსების, ეკონომიკის, სოციოლოგიის და ქცევითი ფსიქოლოგიის. ამის საფუძველზე შეიქმნება სტატია რეფერირებად გამოცემაში და საქართველოში პირველი ტრენინგ კურსი ქცევით ფინანსებში.
პროექტის ხელმძღვანელი - ერეკლე პირველი, CSB.
პროექტი დაფინანსებულია კავკასიის უნივერსიტეტის კვლევის შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსების კონკურსის ფარგლებში.
ფინანსებისა და ბუღალტერიის სახელმძღვანელო
აღინიშნება სტუდენტებზე გამიზნული სახელმძღვანელოების ნაკლებობა ქართულ ენაზე ფინანსებისა და ბუღალტერიის საგნებში. რადგან უნივერსიტეტში ფინანსების სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე და რადგან ასევე ფინანსები არის ახალი ტიპის საგანი ახალი სტუდენტებისათვის (რომლებიც მანამდე ძირითადად ნაცნობი საგნების მსგავს პროგრამას სწავლობენ ქართულ ენაზე (ისტორია, მათემატიკა, სხვა.), აღინიშნება გარკვეული არაპროპორციული სირთულე ფინანსების საწყისი კურსის შესწავლისას. სტუდენტების დიდ ნაწილს უჭირს ერთდროულად ახალი ლოგიკის ათვისება და შესაბამისი უცხო ენის შესწვლა. შესაბამისად, ეს პროექტი მიზნად ისახავს დამხმარე სახელმძღვანელოს შექმნას ქართულ ენაზე, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ძირითადი ფინანსების სახელმძღვანელოს პარალელურად სწავლის ხარისხის გასაუმჯობესებლად.
პროექტის ხელმძღვანელი - აკაკი კაპანაძე.
პროექტი დაფინანსებულია კავკასიის უნივერსიტეტის კვლევის შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსების კონკურსის ფარგლებში.