საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის პუბლიცისტური გააზრება და ენობრივი პოლიტიკის საკითხები

წიგნის ავტორები: მარიამ მანჯგალაძე, ხათუნა ჭანიშვილი

 

საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის პუბლიცისტური გააზრება და ენობრივი პოლიტიკის საკითხები

 

ავტორთა კვლევა შემოიფარგლება ქართული პერიოდული გამოცემებით „საქართველო“ და „ერთობა“. როგორც ცნობილია, 1918-1921 წლებში ორი რადიკალურად განსხვავებული აზრი არსებობდა ქვეყნის პოლიტიკურ, სოციალურ თუ კულტურულ მომავალთან დაკავშირებით. ეს პოზიციები ყველაზე მკაფიოდ აისახა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მიერ გამოცემულ ბეჭდურ ორგანოში, გაზეთ ,,საქართველოსა" და სოციალ-დემოკრატიული პარტიის მიერ გამოცემულ ბეჭდურ ორგანოში, გაზეთ ,,ერთობაში”. მათი (შესაბამისად, საზოგადოების) პოლარიზებული აღქმა ადამიანის, მსოფლიო პოლიტიკური პროცესებისა და ერის იდენტობის დამდგენ პრიორიტეტებთან მიმართებით, სავარაუდოდ, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა 1921 წელს საქართველოს გასაბჭოებისა.

 

საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავარი პერიოდული გამოცემების ,,საქართველოსა" და „ერთობის'' ტენდენციების, პრიორიტეტების, პოლი­ტიკური, სოციოკულტურული, ენობრივი პოლიტიკის, საგანმანათლებლო, ეკონომიკური ხედვების ანალიზი და შეფასება დეტალური კვლევის საგანი კიდევ დიდხანს იქნება. წიგნის ავტორთა მიერ გაანალიზებული მასალის მიხედვით შესაძლებელი ხდება ისტორიული თუ კულტურული მოვლენების გარდაუვლობის მიზეზების დადგენა და შესაბამისი დასკვნების გამოტანა; იკვეთება მიზეზ-შედეგობრივი კავშირები, რომელთა საფუძველზეც საქართველოს დამოუკიდებლობისა და გასაბჭოების ურთიერთ­გამომდინარეობის მექანიზმები ადეკვატურად აისახა გამოცემებში. ამ პუბლიკაციების ანალიზის შედეგად მიღებული დასკვნები შესაძლებლობას იძლევა გამოიკვეთოს მომავლის ლოგიკური კონტურებიც.

 

ღირებული და მნიშვნელოვანი იყო კვლევა ენობრივი თვალსაზრისითაც, მაგალითად, როგორი იყო დასახელებულ გამოცემათა ენა, იყო თუ არა საგაზეთო ლექსიკა გარკვეულ წესებს/ნორმებს დაქვემდე­ბარებული; განიხილებოდა თუ არა ენობრივი პოლიტიკის საკითხები საჯაროდ და იყო თუ არა დაკავშირებული განათლების სისტემასთან; რა რუბრიკებს ენიჭებოდა უპირატესობა საკვლევ პერიოდულ გამოცემებში...

 

წიგნი ღირებული იქნება ქართული პერიოდიკის,ჟურნალისტიკის,პრესის ენის,ქართული  სალიტერატურო ენის საკითხებითა და ისტორიით დაინტერესებული მკითხველისთვის; სათანადო დარგის სპეციალისტებისა და სტუდენტებისათვის.