კავკასიის უნივერსიტეტის IX წლიური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "მეცნიერება - მდგრადი განვითარებისთვის 2024"

4 ოქტომბერი 2024

3-4 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, IX წლიური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "მეცნიერება მდგრადი განვითარებისთვის 2024" გაიმართა, რომელიც განხორციელდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მხარდაჭერით და თემატურად უკავშირდებოდა მდგრადი განვითარების მიზნებს, ასევე თანამედროვე მსოფლიოს წინაშე მდგარ გამოწვევებს, რომელიც საკითხების მრავალფეროვნებიდან და აქტუალურობიდან გამომდინარე გლობალური დღის წესრიგია.

 

კონფერენცია გახსნა და დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიესალმა კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი კვლევისა და სტრატეგიული განვითარების დარგში, ბორის (ბუბა) ლეჟავა. ასევე, კონფერენციის დასაწყისში სიტყვით მიმართეს აუდიტორიას და პანელურ დისკუსია გამართეს: რენატო პერეირამ - ISCTE ლისაბონის საუნივერსიტეტო ინსტიტუტი; გორან ბანდოვმა - ზაგრების უნივერსიტეტი და ტომისლავ მესტროვიჩმა - ვაშინგტონის უნივერსიტეტი.

 

კონფერენციის მიზანია: მდგრადი განვითარების მიზნებიდან გამომდინარე, ინტერდისციპლინური და ინტერკულტურული კვლევების ხელშეწყობა და წახალისება; სამეცნიერო საზოგადოებისთვის სიახლეების წარდგენა; სხვადასხვა თაობის მეცნიერთა შორის კომუნიკაციის გაღრმავება და მხარდაჭერა; ახალგაზრდა მეცნიერთა როლის გამოკვეთა; ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის მჭიდრო სამეცნიერო კავშირების სტიმულირება;

 

კონფერენცია ყოველწლიურ ხასიათს ატარებს და მასში მონაწილეობას იღებს აკადემიური პერსონალი, როგორც საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლო დაწესებულებიდან, ასევე უცხოური სასწავლო, სამეცნიერო და კვლევითი ცენტრებიდან.

 

კონფერენციის ფარგლებში, 2023-2024 აკადემიური წლის განმავლობაში სამეცნიერო კვლევითი აქტივობის კუთხით საუკეთესო შედეგების მქონე მეცნიერების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ, გამარჯვებულ მეცნიერებს გადასცა „კავკასიის უნივერსიტეტის საუკეთესო მეცნიერის ჯილდო“ და ფულადი ვაუჩერები. გამარჯვებული მეცნიერები არიან: ოქროს ჯილდო - პროფესორი მაქსიმ იავიჩი; ვერცხლი - პროფესორი თენგიზ ვერულავა და ბრინჯაო - პროფესორი ერეკლე პირველი.

 

კონფერენციის მედია პარტნიორია ,,Conference Alerts''.