ევროპის ღია დღეები საქართველოში

10 დეკემბერი 2010


2010 წლის 4 ნოემბერს, ქ. თბილისის მერიის ორგანიზებით, ევროპის ღია დღეების ფარგლებში, პირველად ჩატარდა შეხვედრა "ევროპა ჩემს ქალაქში: თბილისის კონკურენტული უპირატესობები". აღნიშნული ღონისძიების პარტნიორები იყვნენ ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში და სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში.

წელს ევროპის ღია დღეებისათვის ევროპის რეგიონების კომიტეტის მიერ განსაზღვრული იყო სამი თემა: კონკურენტუნარიანობა, თანამშრომლობა და დაახლოების პოლიტიკა. თბილისში ჩატარებული ღონისძიების მთავარი თემა გახლდათ კონკურენტუნარიანობა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ სტუდენტები თბილისში არსებული სხვადასხვა უნივერსიტეტიდან. მათ პრეზენტაციებით წარმოადგინეს საკუთარი მოსაზრება თბილისის კონკურენტული უპირატესობების და სამომავლო ხედვის შესახებ.

აღნიშნული თემები, რომლებიც წარმოდგენილი იყო შეხვედრაზე სტუდენტებისთვის საკმაოდ ახალი და საინტერესო აღმოჩნდა, რამაც განაპიროპა მათი აქტიური ჩართულობა დისკუსიაში. შეხვედრის დასასრულს ქ. თბილისის მერიამ მონაწილე სტუდენტები სერთიფიკატებით და საჩუქრებით დააჯილდოვა.

შეხვედრის შედეგად გამოვლინდა მიმართულებები, რომლებიც ქალაქის განვითარების სტრატეგიის შემუშავების დროს შესაძლოა მხედველობაში იქნას მიღებული. სტუდენტთა ერთი ნაწილის აზრით თბილისს გააჩნია პოტენციალი გახდეს ბიზნეს ცენტრი კავკასიის რეგიონში. მეორე ნაწილი თვლის, რომ თბილისს აქვს ყველა პირობა იმისათვის, რომ განვითარდეს კულტურული ტურიზმის მიმართულებით. ამის მისაღწევად ქალაქს სჭირდება საკუთარი ძლიერი ბრენდის შექმნა, რომელიც მას მსოფლიოს მასშტაბით განასხვავებს სხვა ქალაქებისგან და აამაღლებს მის კონკურენტუნარიანობას ტურიზმის სფეროში.

ქ. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, სტუდენტებს მომავალშიც მიეცემათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ქალაქის განვითარების საკითხებთან დაკავშირებულ სამომავლო ღონისძიებებში (კონფერენციებსა და ფორუმებში), რაც ხელს შეუწყობს დაინტერესებული მხარეების ჩართულობას ქალაქის განვითარების სტრატეგიის შემუშავების პროცესში.