CSL პროფესორის გიორგი თუმანიშვილის წიგნი

29 ნოემბერი 2019

კავკასიის უნივერსიტეტის გამომცემლობამ სამართლის სკოლის აფილირებული პროფესორის გიორგი თუმანიშვილის საავტორო წიგნი "რთული მნიშვნელობების მარტივი თეორია (STDM), როგორ არის შესაძლებელი ადამიანის ,,მეს’’ დიგიტალიზაცია და სხვაგან გადატანა, ანუ - უკვდავება“ გამოსცა.

 

წიგნი ეხება ადამიანის ,,მეს’’ კომპლექსურ, შინაარსობრივ და სტრუქტურულ შესწავლას ინტერდისციპლინურ (ფილოსოფია, ფსიქოლოგია, კვანტური მექანიკა, ნეირომეცნიერებები) ჭრილში. წიგნში განხილულია ადამიანის ფსიქიკის აგებულების კლასიკური და თანამედროვე მოდელები და მიდგომები ადამიანის ,,მეს’’ შესახებ.

 

ნაშრომი შედგება ორი თავისგან, რომელთაგანაც პირველი ეთმობა ადამიანის ,,მეს’’, ,,მე-იდენტობის’’, ,,მე-ცნობიერების’’ შინაარსობრივ საკითხებს და ,,მეს’’ რაობის კონცეფციებს ფსიქოლოგიაში, ხოლო მეორე თავი ეთმობა ადამიანის მეხსიერების კვლევას. ამ თავში ავტორის მიერ ჩამოყალიბებულია ე.წ. რთული მნიშვნელობების მარტივი თეორია (Simple Theory of Difficult Meanings) რომელიც წარმოადგენს ფსიქოლოგიის, ფილოსოფიის, ნეიროფიზიოლოგიის, ნეიროქიმიის, კვანტური ფიზიკისა და ნეიროკვანტოლოგიის ინტერდისციპლინარულ, ახალ კონსტრუქტს. STDM ცდილობს ახლებურად ახსნას ადამიანის ,,მეს’’ ბუნება და თეორიული განზოგადების პირობებში (მომავალში) შესაძლებელს ხდის ადამიანის ,,მეს’’ შემადგენელი მაფორმირებელი ელემენტების დიგიტალიზაციას.

 

ამ ეტაპისათვის წიგნი ხელმისაწვდომია Amazon.com-ის ვებ-საიტზე ინგლისურ ენაზე, ქინდლისთვის განკუთვნილ ელექტრონულ ფორმატში და ასევე ნაბეჭდი სახით.