მედიის სკოლა

კავკასიის მედიის სკოლა 2007 წელს დაფუძნდა. მსურველებს ჩვენ მედიისა და კომუნიკაციების სფეროში საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს ვთავაზობთ. პროგრამები დასავლური გამოცდილების საფუძველზეა შედგენილი და ხარისხის საერთაშორისოდ გაზიარებულ სტანდარტებს შეესაბამება.

 

ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში CSM-ის პროგრამები გამორჩეულია და მორგებულია შრომის ბაზრის მოთხოვნებს, ვინაიდან ჩვენი მთავარი მიზანი კურსდამთავრებულთა დასაქმება და მათი წარმატებული კარიერაა. ამისთვის ჩვენ მუდმივი კონტაქტი გვაქვს მედიისა და კომუნიკაციების სფეროს პოტენციურ დამსაქმებლებთან. 

 

სტუდენტები CSM-ში სწავლის პროცესშივე და მის პარალელურადაც ერთვებიან პრაქტიკულ საქმიანობაში, სტაჟირების მრავალფეროვან პროგრამებში. პროცესს კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან ერთად ხელს უწყობენ დასავლური განათლების მქონე მაღალი აკადემიური დონისა და კვალიფიკაციის ლექტორები, რომლებიც შემდეგში სტუდენტების პოტენციური დამსაქმებლები და რეკომენდატორებიც ხდებიან. შედეგი კი კავკასიის მედიის სკოლის კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელია - დაუსაქმებელი კურსდამთავრებული ჩვენ ფაქტობრივად არ გვყავს.

 

ტექნოლოგიების განვითარება მედიისა და კომუნიკაციების სპეციალისტებისგან უნივერსალურ უნარ-ჩვევებს მოითხოვს. იმისთვის, რომ კურსდამთავრებულთა დასაქმების შესაძლებლობები არ შეიზღუდოს, საბაკალავრო პროგრამების დონეზე ჩვენ ვერიდებით ვიწრო სპეციალიზაციებს. მიდგომაც ტრადიციულისაგან განსხვავებულია: მაგალითად, მედიის სკოლაში ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამაზე ყოველი სტუდენტი ეუფლება, როგორც ბეჭდური, ისე ფოტო და სამაუწყებლო ჟურნალისტიკის, ახალი მედიის საფუძვლებს. ასევე, იძენს საბაზისო ცოდნას რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ სტუდენტებს საშუალება ეძლევათ მასობრივი კომუნიკაციის ყოველი დარგის სპეციფიკას გაეცნონ და შეარჩიონ ის, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება მათ ინტერესებს და მონაცემებს. პიარის საბაკალავრო პროგრამაზე კი თქვენი პროფესიული უნარების გამომუშავების საფუძველი ხდება ფსიქოლოგიისა და სოციალური მეცნიერებების სიღრმისეული ცოდნა, რისი ნაკრებიც კარგი სასტარტო პირობაა კარიერისათვის მასობრივი კომუნიკაციის ნებისმიერ სფეროში.

 

უფრო კონკრეტული მიმართულებებით ცოდნის გაღრმავების საშუალებას მსურველებს მედიის სკოლის სამაგისტრო პროგრამები აძლევს. მათი შედგენისას ჩვენ გავითვალისწინეთ ბაზრის მოთხოვნები და ასევე, უკვე დასაქმებულ პროფესიონალთა საჭიროებები. სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ  საგანთა მრავალფეროვანი მენიუდან შეარჩინონ საინტერესო საგნები და სწავლის პროცესი დროში ისე გაანაწილონ, როგორც ეს მათთვის იქნება ხელსაყრელი. სამაგისტრო პროგრამები მედიისა და კომუნიკაციების სფეროში დასაქმებულებს ეხმარება დაიღმავონ პროფესიული უნარ-ჩვევები შერჩეულ სპეციალობაში. შესაბამისად, ეხმარება მათ კარიერულ წინსვლაში და ზრდის მათ პროფესიულ ეფექტურობას.

 

ჟურნალისტიკის გარდა სამაგისტრო დონეზე კავკასიის მედიის სკოლა გთავაზობთ სპეციალიზაციას "სტრატეგიული კომუნიკაცია", რაც საგანმანათლებლო ბაზარზე ერთგვარი სიახლეა. ეს სპეციალიზაცია ცოდნის გაღრმავების საუკეთესო საშუალებაა მათთვის, ვინც საზოგადოებასთან ურთიერთობისა და რეკლამის სფეროში მუშაობს. სტუდენტები შეისწავლიან კამპანიის დაგეგმვასა და მართვას, ღონისძიების დაგეგმვასა და მართვას, კვლევების დაგეგმვას, შეფასებას, მათი შედეგების ინტერპრეტაციასა და გამოყენებას, დაეუფლებიან კომუნიკაციის ეფექტურ სტრატეგიებს. შეისწავლიან მარკეტინგს, ბრენდინგს, რეკლამას, ახალი მედიის არხების უსასრულო რესურსის ეფექტურ გამოყენებას საკუთარ პროფესიაში.

 

კავკასიის მედიის სკოლაში სწავლისას შეგიძლიათ ისარგებლოთ გაცვლითი პროგრამებით, როგორც პარტნიორ უნივერსიტეტებთან, ასევე, საეთაშორისო პროგრამებით, როგორიც არის მაგალითად, ერასმუსი.

 

სწავლების პროცესში გამოიყენება უახლესი ლიტერატურა და სწავლების მეთოდები, კომფორტული კლასები. მედიის სკოლის სტუდენტებს შეუძლიათ ისარგებლონ კომპიუტერული ლაბორატორიით, მდიდარი ბიბლიოთეკით და IREX-ის განათლების მულტიმედია ცენტრის - MEC-ის თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობით.