დასაქმება

მარი დუდუნია

ჟურნალისტი, სტუდია “მონიტორში”

კურსდამთავრებული, 2017

 

უნივერსიტეტის დამთავრებიდან დღემდე სტუდია “მონიტორში” ვმუშაობ. მეოთხე კურსზე ვიყავი, როცა საგამოძიებო ჟურნალისტიკას ნინო ზურიაშვილი გვიკითხავდა. მაშინ გავიგე, როგორ მუშაობდნენ ამ სტუდიაში, ვუყურე ფილმებს და გამიჩნდა სურვილი, რომ მეც ვყოფილიყავი ასეთი ჟურნალისტიკის ნაწილი. ნინო დათანხმდა, რომ გამოსაცდელი ვადით დავრჩენილიყავი “მონიტორში”. პირველი ერთობლივი ფილმი, ქალებზე ძალადობას ეხებოდა. ამ ფილმზე რამდენიმე თვის განმავლობაში ვიმუშავეთ, პრობლემები სიღრმისეულად შევისწავლეთ და მსხვერპლი ქალებიც ჩავწერეთ. ფილმი საკმაოდ მწვავე გამოვიდა.

 

რა თქმა უნდა, ჩვენ ქვეყანაში სხვადასხვა მიზეზის გამო ქალზე ძალადობა პრობლემა სამწუხაროდ, კიდევ დიდხანს დარჩება. თუმცა, პოლიტიკის კუთხით და პოლიციელთა ცნობიერების ამაღლებისთვის, ბევრი სასიკეთო ცვლილება მოხდა. ვთვლი, რომ ამაში გარკვეულწილად ჩვენ ფილმსაც მიუძღვის დიდი წვლილი.

 

ამ ფილმის მერე იყო, კიდევ რამდენიმე, ერთ-ერთი ბინათმშენებლობის ამხანაგობაზე და წართმეული ქონებით დაზარალებულ ადამიანებს ეხებოდა. ამ ფილმის ეთერში გასვლის შემდეგ, ადამიანი, ვინც ამხანაგობის წევრები დააზარალა დააპატიმრეს. პროკურატურის ჩვენება თითქმის მთლიანად იმეორებდა, ჩვენი ფილმის სცენარს.

 

გარემოსდაცვითი და სოციალური პრობლემები, პრობლემები ენერგეტიკულ სექტორში, სავარაუდო კორუფცია და სხვა. ეს ის თემებია, რომლებზეც ამჟამად ვმუშობ.

 

კავკასიის მედიის სკოლა რომ არა, ჩემი კარიერა, როგორც ჟურნალისტის, შესაძლოა სრულიად განსხვავებული ყოფილიყო. დღეს კი, ისეთია როგორზეც შემიძლია თავაწეულმა მოვუყვე ჩვენ საყვარელ ლექტორს ზვიად ქორიძეს.

 

P.S უნივერსიტეტში სწავლის დროს, სწორედ ასეთი სურვილი მქონდა - ეთიკური ჟურნალისტიკა უნდა ყოფილიყო ის, რასაც კავკასიის მედიის სკოლის დამთავრების შემდეგ გავაკეთებდი.

 

მიმაჩნია, რომ კავკასიის მედიის სკოლა საუკეთესო ადგილია მომავალი ჟურნალისტებისთვის.


გიორგი კიკაბიძე

ჟურნალისტი, ტვ პირველი, 2017

 

„ტვ პირველში“ ახლახანს მივედი. ტელევიზიაში უცნობ ადამიანებთან ერთად დამხვდა უცნობი გარემო და ისეთი რიტმი, რომელსაც იძულებული ხარ აჰყვე. წინააღმდეგ შეთხვევაში უბრალოდ შეუმჩნეველი იქნები. თუ ქვეყანაში მიმდინარე მთავარი ამბები გამოგრჩა და  მოვლენებს ჩამორჩი, შენს მაგივრად კითხვებს სხვა დასვამს, შენზე უკეთეს კადრს სხვა გადაიღებს და მეტი მაყურებელიც მას ეყოლება.

მიუხედავად იმისა, რომ კავკასიის მედიის სკოლაში რამდენიმე კურსის ფარგლებში ხშირად გვქონდა ტელესიუჟეტების გადაღებისა და საინფორმაციო  გადაცემების მომზადების საშუალება, ჩემი სატელევიზიო სიუჟეტის დებიუტი „ტვ პირველში“  შედგა. ვაშუქებდი თსუ-ში მიმდინარე მოვლენებს - სტუდენტების დაპირისპირებას ადმინისტრაციასთან. ძალიან ვიღელვე, რადგან საინფორმაციო გამოშვების დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე მზად ჯერ არაფერი მქონდა - მოვლენები პარალელურად ვითარდებოდა და ყოველ წუთში იცვლებოდა, თუმცა სიუჟეტი თავის დროზე გავიდა და ეს ძალიან ძლიერი შეგრძნება აღმოჩნდა.

 

როცა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორის არჩევნების დღეს პროდიუსერმა დამირეკა და მოულოდნელად შემატყობინა, რომ 13:00-ზე პირდაპირი ჩართვა მექნებოდა, საკუთარი გულისცემა გავიგე. რთულია არ ინერვიულო, როცა ტელევიზიის საეთეროდან ბოლო წამებს გითვლიან - 10, 9, 8... და გეუბნებიან, დაიწყე. რომ შევადაროთ, ჩემი პირველი ჩარვის ემოცია როუფ-ჯამფინგს ჰგავდა - ექსტრემალური ჰობის სახეობას, როდესაც ადამიანები კლდიდან ხტებიან და უზარმაზარ ადრენალინს იღებენ. პირველი პირდაპირი ჩართვა უნაკლო არ ყოფილა, თუმცა რისხვას გადავრჩი. ახლა უკვე ვიცი, რომ კამერასთან მეგობრობა ნამდვილად შესაძლებელია.


რომ არა კავკასიის მედიის სკოლა, რაც ახლა მოვყევი, არ იქნებოდა. მე იქ 4 წლის განმავლობაში საშუალება მქონდა ურთიერთობა მქონოდა პროფესიონალ ჟურნალისტებთან და არაჩვეულებრივ ლექტორებთან. სწავლის პროცესში კი ვიყავი რეპორტიორიც, მემონტაჟეც, ოპერატორიც, წამყვანიც. აქ რეალურად ირგებ მედიის სხვადასხვა სფეროში მომუშავის როლს. შემდეგ კი უკვე ახერხებ გაუძლო კონკურენციას.   

 

მედიის სკოლამ ყველაფერთან ერთად მასწავლა ამ პროფესიისადმი სიყვარული. თუ გინდა, რომ იყო წარმატებული ჟურნალისტი და გახდე პროფესიონალი, ეს ის ადგილია, სადაც მიზანდასახულ ადამიანებს ელოდებიან.

 


 

თენგო ტაბატაძე
პროექტების ავტორი, ონლაინ რადიო “CSM”
კურსდამთავრებული, 2016

 

“მე მაქვს გეგმა, თუ როგორ შეიძლება რადიო პიანინოსა და ფინოგრაფის მსგავსად, “სახლში გამოსაყენებელ ნივთად” იქცეს. მუსიკის რადიოთი გადაცემა შესაძლებელია. მიმღებს უბრალოდ “მუსიკალური ყუთის” ფორმა ექნება, რომელიც სხვადასხვა სიგრძის რადიოტალღებზე იმუშავებს. მათი რეგულირება შესაძლებელი იქნება ერთი უბრალო გადამრთველით ან ღილაკზე თითის დაჭერით. “მუსიკალურ ყუთს” შეიძლება დაუმაგრდეს გამაძლიერებელი ღილაკები და ხმამაღლა მოლაპარაკე ტელეფონი. ეს ყველაფერი ერთ ყუთში მოთავსდება დარბაზში ან სასტუმრო ოთახში, ადამიანს შეეძლება ჩართვა და მუსიკის მოსმენა.”

 

ეს დევიდ სერნოფის (“ტიტანიკის” რადიოოპერატორი, რომელიც ამაოდ ცდილობდა სიგნალი გაეგზავნა გემის გადასარჩენად) მემორანდუმის ნაწილია, რომელიც მარკონის კომპანიას უხსნიდა, თუ როგორ უნდა შეექმნათ რადიოაპარატი, რომელიც ყველა სახლში განთავსდებოდა.   

 

ჯერ კიდევ 1700-იანი წლების დასაწყისში არსებობდა ხელსაწყო, რომელსაც სადენების საშუალებით შეეძლო ინფორმააციის ერთიდან მეორე ადგილზე გადაცემა. ოდნავ მოგვიანებით, მორზეს მიერ გამოგონილმა ტელეგრაფმა სრული გადატრიალება მოახდინა კომუნიკაციის სფეროში. ხოლო, მე-20 საუკუნის დასაწყისში მსგავსი მოწყობილობები ტექნიკურად კიდევ უფრო დაიხვეწა და მოქნილი გახდა. ისიც აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ  რადიო იყო მასობრივი კომუნიკაციის ის საშუალება, რომელმაც ძალიან დიდი როლი ითამაშა პირველი მსოფლიო ომის მიმდინარეობისას. დღეს ყოველივე ეს ძალიან გამარტივდა. ციფრულ სამყაროში ნებისმიერ მსურველს შეუძლია შექმნას თავისი რადიო, და ხმა მიაწვდინოს თავის აუდიტორიას.

 

ჩვენ კი ასე დავიწყეთ: “კავკასიის უნივერსიტეტის” მე-5  სართულზე, მედიის სკოლის ლაბორატორიაში, მერხები ერთმანეთზე მიჯრით მივაწყვეთ, რადიოსთვის გამოსადეგი მედიის სკოლის ტექნიკა ზედ დავალაგეთ და ასე შევუდექით გადაცემების ჩაწერას. ეს იყო მცდელობა, რომ აქამდე დაგროვილ თეორიულ ცოდნას პრაქტიკის ელემენტსაც დავუმატებდით. ასე მივიღეთ რამდენიმე ძალიან საინტერესო გადაცემა, რომლებსაც საკმაოდ ბევრი მსმენელიც გამოუჩნდა.

 

თავიდან სულ ორი გადაცემა გვქონდა, “მოგზაური” (მსოფლიოს მნიშვნელოვანი ქალაქების შესახებ), და “სოციოგრამა” (ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან სოციალურ თემებზე). მალევე, მათ დაემატა “ლიტერაცია” (თანამედროვე ქართველი ავტორებისა და ბოლო დროს ნათარგმნი წიგნების შესახებ). ოდნავ მოგვიანებით კი,  “ფილმოგრაფი”(ფილმების შესახებ), “უნისონი”(მუსიკალური გადაცემა ახალგაზრდა შემსრულებლებისა და ბენდების შესახებ) და “კულტურის რუბრიკა”(ქვეყანაში მიმდინარე კულტურის სიახლეებზე).

 

ერთი წლის შემდეგ, მედიის სკოლის მერხები და სკამები თანამედროვე სტუდიამ ჩაანაცვლა, რაზეც უნივერსიტეტმა იზრუნა. გარდა ამისა, ტექნიკური და ფინანსური დახმარება ფონდმა “ღია საზოგადოება საქართველომ” და ჩეხურმა ორგანიზაციამ “სორსფაბრიკმა” გაგვიწიეს. თუ რადიოს მუშაობის დაწყებიდან, გადაცემებს ოთახის ყრუ ექო და მანქანების გამაყრუებელი სიგნალის ხმა ფონად გასდევდა, ახალი ტექნიკის წყალობით, უფრო ხარისხიან პროდუქტს ვამზადებდით. რაც მთავარი იყო, მსმენელების რაოდენობა საგრძნობლად იზრდებოდა. ამაზე მეტი რაღა გვინდოდა!

 

ზემოთ ვამბობდი, ნებისმიერ მსურველს შეუძლია შექმნას თავისი რადიო-მეთქი! ასეც არის! იმ პლატფორმაზე, (Airtime) რაზეც ჩვენი რადიო მუშაობს, ყველა მსურველს შეუძლია გაიაროს რეგისტრაცია და თავისი კონტენტი ატვირთოს. მაგრამ, ჩვენ ძალიან კარგად ვაცნობიერებდით, რომ დღეს ბაზარზე გამოჩენა ძალიან მარტივია, დარჩენა - რთული. ისიც ძალიან კარგად ვიცოდით, რომ თანამედროვე რადიო არ არის მხოლოდ ხმა. ეს არის: უპირველესად სკრიპტი, ასევე, ხმა, ვიზუალი, და რა თქმა უნდა, ონლაინპლატფორმებისა და სოციალური ქსელების ადეკვატურად გამოყენება. ამიტომ ვფიქრობთ ძალიან ბევრს რადიოს განვითარებისთვის!

 

დაბოლოს, წელს Radio CSM იუბილარია. ორი წელი უსრულდება. ერთ-ერთ მედიაკონფერენციაზე რადიო “თავისუფლების” ბიუროს ხელმძღვანელი, მარინა ვაშაყმაძე ამბობდა, ჩვენ “მცირე” გამოცდილება გვაქვსო. გამოდის, ჩვენს რადიოს უმცირესი ჰქონია. ვულოცავთ თითოეულ მსმენელსა და ჯგუფის წევრს. გვჯერა (და ვიმედოვნებთ), ძალიან მალე რადიო უნივერსიტეტის კულტურის ნაწილი გახდება. სისხამ დილით, ისევე მიესალმება თითოეულ სტუდენტს, როგორც რობინ იულიამსი ვიეტნამელებს ესალმებოდა - დილა მშვიდობისა CU-ელებო.


 

ნატა გელაშვილი
სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”, რეპორტიორი
II კურსი, 2016

 

კავკასიის უნივერსიტეტში ჩუმად ჩავაბარე. ზუსტად  ვიცოდი, რა მინდოდა საკუთარი თავისგან და ვეძებდი ადგილს, სადაც ჩემი მიზნისკენ მისასვლელ  გზას მიჩვენებდნენ.

მე ის ვარ, ვისაც ამ მხრივ გაუმართლა. პირველივე ლექციიდან დაიწყო გაღვივება სიყვარულმა ჩემი პროფესიის მიმართ. იყო CSM-ელი, უკვე ნიშნავს ძალიან ბევრს, მაგალითად იმას, რომ ადამიანები, რომელბმაც უკვე გაიარეს შენი გასავლელი გზა და რომლებიც თავიანთ პროფესიაში ყველაზე წარმატებულები აღმოჩნდნენ, მოდიან და გასწავლიან, როგორ არ დანებდე, როგორ შეიყვარო შენი საქმე იმდენად, რომ მთელი დარჩენილი ცხოვრების მასთან ერთად გატარებამ არასოდეს მიიღოს მომაბეზრებელი ხასიათი.

 

ჯერ კიდევ პირველ კურსზე ვიყავი, როცა სამსახურის ძებნა აქტიურად დავიწყე. ერთ-ერთი  საბავშვო ჟურნალისთვის შემომთავაზეს წერა, რომელთანაც სულ რამდენიმე თვე  ვითანამშორმლე  და მივხვდი, რომ პირველი მიზანი, ვყფილიყავი რეპორტიორი ტელევიზიაში და მემუშავა ნიუსრუმში, ვერაფერმა შეცვალა. მიკროფონი და ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის არანორმალური მოთხოვნილება ვერ ჩაანაცვლა ფურცლებზე დანახულმა საკუთარმა სახელმა და გვარმა, ავტორის რანგში.

 

როცა “რუსთავი 2”-ში მოვედი, პროდიუსერს პირდაპირ ვუთხარი, რომ მინდოდა რთული დავალებები და  პოლიტიკური თემების გაშუქება. ჩემთან ერთად კიდევ 8 ძალიან კარგი გოგო მოვიდა ტელევიზიაში და 4 თვის შემდეგ მხოლოდ  ორნი დავრჩით.

მე ისევ აქ ვარ, ”რუსთავი 2”-ის მიკროფონით ხელში დავრბივარ  და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ცხოვრების ყველაზე ბედნიერ პერიოდს ვიწყებ. უძილო ღამეები და დატვირთული სამუშაო ყოველდღიურობად მექცა. ვმუშაობ ღირებულებებისთვის და ამაში უდიდესი წვლილი კავკასიის მედიის სკოლას მიუძღვის. ადგილს, სადაც  მითხრეს, რომ ჩემი საქმე არ იქნებოდა იოლი, მოითხოვდა ჩემგან საციცოცხლო ენერგიას, მაგრამ არასოდეს გახდებოდა მოსაბეზრებელი; სადაც ყველაფერს აკეთებენ, რომ მე და ჩემს მეგობრებს ფუნდამენტური ღირებულებები წარუშლელად ჩაგვინერგონ გონებაში; სადაც სწავლისგან სიამოვნების მიღებას გვასწავლიან და სადაც ძალიან, ძალიან აფასებენ ჩვენს სურვილებსა და ინტერესებს.

 

ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს სასწავლი. სულ ახლახანს შევაბიჯე ჟურნალისტიკაში, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ადგილი, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩემი ცხოვრების მომავალი 4 წლის თანმდევად ავირჩიე, მომცემს ყველაფერს იმისთვის, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ვიყო.


 

ანი არველაძე,

ტელეკომპანია „იმედი“, რეპორტიორი
IV კურსი, 2016

 

„იმედში“ CSM-ის რეკომენდაციით მოვხვდი. მეორე კურსზე ვიყავი, როცა 5 სტუდენტი სტაჟირებაზე გაგვიშვეს. თავიდან ცოტა შემეშინდა. მეგონა, რომ ნიუსების კეთება არ ვიცოდი და ძალიან გამიჭირდებოდა, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ასე არ იყო. აღმოჩნდა, რომ CSM-ის პატარა ნიუსრუმიდან, შედარებით დიდში გადავინაცვლე. ტელევიზიაში რომ მივედი, ახალი ამბები ტექსტის წერა და კადრების მონტაჟი უკვე ვიცოდი. დღეს ვხვდები, რომ ეს დიდი პლუსია ჟურნალისტისთვის.

 

მეორე კურსელისთვის საკმაოდ რთული გზა იყო სტაჟირების პარალელურად სწავლა, თუმცა ის რასაც CSM-ში ვსწავლობდი, იმედში პრაქტიკაში ვცდიდი. უნივერსიტეტის პრაქტიკულ დავალებებს კი იმედში ვამონტაჟებდი. ხშირად ყოფილა ისეთი სიტუაცია, რომ უნივერსიტეტში მოცემული დავალება, სატელეიზიო ნიუსად მქონია გასაკეთებელი. ფაქტობრივად, ერთი გასრლით ორ კურდღელს ვიჭერდი ხოლმე. ეს ყველაფერი ისე შეერწყა ერთმანეთს, რომ დღეს ამის გარეშე ცხოვრებაც წარმოუდგენელია.

 

კარგად მახსოვს პირველი კურსი, ჩვენი უნივერსიტეტი ჯერ კიდევ ძველ შენობაში იყო. მედიის სკოლის ბავშვები ყოველთვის ერთ სართულზე ვიყავით ხოლმე. ერთი დიდი ოჯახივით ვიყავით, ყველა ყველას იცნობდა. უკვე მეოთხე კურსზე ვარ და ვერც ვაანალიზებ, როგორ გავიდა ეს დრო. მედიის სკოლასთან ერთად გამოვცადე ძალიან ბევრი რამ, იყო ბევრი კარგიც, ცუდიც, მაგრამ  არასდროს მინანია, რომ მედიის სკოლის სტუდენტი ვარ.

 

არ შემიძლია არ ვისაუბრო ჩვენს ლექტორებზე. მედიის სკოლას ყველაზე კვალიფიციური და გამოცდილი ლექტორები ჰყავს. არ ვიცი. რომელი ერთი ჩამოვთვალო. დღეს ბევრი მათგანი ჩემი მეგობარი და ხშირად ჩემი რესპოდენტიცაა.  

 

ვინც მეკითხება ხოლმე, როგორ მოვხვდი ტელევიზიაში, ჩემი პასუხი აკვირვებთ. მერე მეკითხებიან ხოლმე, სად ვსწავლობ ასეთშიო და მეც მეტი რამინდა, ვიწყებ CSM-ზე ისტორიების მოყოლას. ვთვლი, რომ ჩვენი სკოლა არის საუკეთესო მედია სკოლა, სადაც დიდი ჟურნალისტები იზრდებიან. მედიის სკოლის ნებისმიერი სტუდენტი დანარჩენი სასწავლებლების სტუდენტებზე ბევრად წინ არიან. თუ გიყვარს ეს საქმე, მედიის სკოლა საუკეთესო არჩევანია.


ნინო კობალაძე
აჭარის ტელევიზია, რეპორტიორი
II კურსი, 2016 წელი              

          

მე უკვე მჯერა, რომ სურვილები ხდება! ჩემს ყველაზე დიად ოცნებასაც ხომ აქ, CSM-ში გამოესხა ფრთები! მითები და ლეგენდები, კავკასიის უნივერსიტეტში სწავლის  შესახებ პირადად ჩემთვის უკვე მეორე წელია პირნათლად სრულდება იმიტომ, რომ აქ აბსოლუტურად სხვა სამყაროა, სხვა განზომილებაა -  რთული, მაგრამ დაძლევადი, საინტერესო, შრომატევადი... ჰოდა, მეც მაქსიმალურად შევეცადე გმირულად შევჭიდებოდი იმ სირთულეებს, რომლებიც ყოველ დღე თითო ნაბიჯით მაახლოვებს მიზანს.

 

რა შეიძლება ინატროს პირველი კურსის სტუდენტმა, თუ არა პრაქტიკული ცოდნის შეძენა?! ეს იყო ჩემი პროფესიული ცხოვრების დასაწყისში ახდენილი პირველი ოცნება- აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო განყოფილებაში სტაჟირების პროგრამა გავიარე. სპონტანური წინსვლის გზის საწყის ეტაპებზე სიძნელეები ისე დიდია, რომ იშვიათად არსებობს არჩევანი მათი დაძლევის საშუალებაში, თუმცა მედიის სკოლის  დახმარებით უამრავი ბარიერი გადავლახე. გადაღებებისას კი თავდაჯერებულობასა და პასუხისმგებლობის გაასმაგებულ გრძნობას კიდევ უფრო მმატებდა CSM-ელობა.

 

რა თქმა უნდა,  ამით არ დასრულებულა ყველაფერი.  შემოქმედებითი ჯგუფის მუშაობის პრინციპებსაც გავეცანი და შემოთავაზების შემდეგ გადაცემა „სცენაში” წამყვანის ამპლუაშიც გამოვცადე საკუთარი თავი. არასოდეს დამავიწყდება მუხლების გამალებული კანკალი პირველი “სტენდაფის” ჩაწერისას,  არასოდეს დამავიწყდება პირველი ინტერვიუები ცნობილ: მსახიობებთან, რეჟისორებთან თუ დრამატურგებთან.

 

ჯერ მხოლოდ მეორე კურსის სტუდენტი ვარ და თამამად შემიძლია იმის თქმა, რომ მედიის სკოლაში ვისწავლე  საგნები, რომელთა შესწავლა სხვა უნივერსიტეტებში მე-3, მე-4 კურსზე ხდება. ასევე, თამამად ვიტყვი იმასაც, რომ ვიცი, ჩემი მომავალი პროფესიონალების ხელშია, რომლებიც დაუზარელად გვიზიარებენ თავიანთ ცოდნა-გამოცდილებას. სწორედ კავკასიის მედიის სკოლის დამსახურებით შევძელი მიზნებთან მიახლოება და ოცნებების სისრულეში მოყვანა.  მადლობას ვუხდი აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელობას გაწეული სამსახურისთვის. თუ ხარ CSM-ელი, ეს პირდაპირ ნიშნავს შენს წარმატებულ მომავალსა და კარიერულ წინსვლას!


 

თამარ დემეტრაშვილი
“ნიკორა ტრეიდი”, პროექტების მართვის სამსახური 
IV კურსი, 2016

 

აბიტურიენტობის დროს ბევრი არ მიფიქრია იმაზე, თუ რომელ უნივერსიტეტში ჩამებარებინა. კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის შესახებ ბევრი მსმენოდა და მალევე მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩემი ცხოვრების საუკეთესო, სტუდენტობის წლები სწორედ აქ გამეტარებინა.

 

ბევრი რამ ვისწავლე კომუნიკაციების სფეროში - ჟურნალისტიკაში, პიარში, მარკეტინგში და დიდი გამოცდილება მივიღე, მაგრამ ჩემი აზრით, აქ ყველაზე მნიშნველოვანი ის ადამიანები არიან, რომლებიც მედიის სკოლაში გავიცანი. საუკეთესო ლექტორები და სტუდენტები ქმნიან გარემოს, სადაც მისვლა გიხარია და სადაც მათთან პირადი ურთიერთობები დიდ გამოცდილებას გაძლევს.

 

ძალიან მომწონს, რომ მედიის სკოლაში ბევრ სხვადასხვა საგანს სწავლობ. იმ შემთხვევაში თუ ჯერ კიდევ დარწმუნებული არ ხარ, რა გინდა აკეთო მომავალში, მედიის სკოლის მრავალფეროვანი საგნები დაგეხმარება არჩევნის გაკეთებაში.

 

მესამე კურსზე, როცა ძალიან მინდოდა სამსახურის დაწყება, ერთ დღესაც მოულოდნელად დამირეკა ჩემმა ლექტორმა გიორგი დათუკიშვილმა, რომელიც პირველ კურსზე მასწავლიდა ინფორმაციულ ტექნოლოგიებს. მან სამსახური შემომთავაზა და დღეს მე უკვე “ნიკორა ტრეიდის თანამშრომელი” ვარ.

 

“ნიკორაში” ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ბევრს ვისწავლი. მიმაჩნია, რომ ძალიან გამიმართლა და მასთან მუშაობა ძალიან გამომადგება. მითუმეტეს, რომ ნიკორა ქართულ კომპანიებს შორის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური კომპანიაა. ეს კი ძალიან კარგ პერსპექტივას მიქმნის.

 

კავკასიის უნივერსიტეტს ვაფასებ სწორედ იმიტომ, რომ სწავლა და საკუთარ თავზე მუშაობა აქ ნამდვილად ფასდება. იცოდეთ, რომ თუ მოინდომებთ და სხვებსაც დაანახებთ თქვენს მონდომებას, ნამდვილად გაგიმართლებთ. ჩემი მაგალითით შემიძლია ვთქვა, რომ კავკასიის უნივერსიტეტის დაპირება  - “შენი ლექტორი - შენი პოტენციური დამსაქმებელია” მითი არ აღმოჩნდა. მე უნივერსიტეტს 2 წლიანი სამუშაო გამოცდილებით ვამთავრებ.


 

ქეთი კაპანაძე

საზოგადოებრივი მაუწყებელი, პროდიუსერი
IV კურსი, 2016

Keti Kapanadzeსაზოგადოებრივ მაუწყებელზე 2015 წლის სექტემბერში გადაცემა „წიგნების თაროსთვის" წამყვანის ქასთინგზე მივედი. როგორც წამყვანი დამიწუნეს, მაგრამ პროდიუსერის ასისტენტობა შემომთავაზეს ჩემი დიდი ენთუზიაზმის გამო და მეც სიხარულით დავთანხმდი. რა თქმა უნდა, ეს პოზიცია წამყვანობას მერჩია.

დღეს „წიგნების თარო"უკვე ეთერშია. მეუბნებიან, რომ მეორე სეზონიდან უკვე აღმასრულებელი პროდიუსერი გავხდები. ამ ყველაფერში კი ძალიან დიდი წვლილი კავკასიის მედიის სკოლას მიუძღვის - მე შევძელი მონტაჟის გაკეთება კრიტიკულ სიტუაციებში, სცენარის დაწერა, ფეისბუქის გვერდის მართვა, სხვადასხვა მულტიმედია პლატფორმის გამოყენება, ვიცოდი სატელევიზიო რეიტინგის დათვლის პრინციპი, მედია მენეჯმენტის საფუძვლები, გამუდმებით ვამოწმებდი ფაქტებს, არ ვიწყებდი ამბის წერას background-ით, პირველად არ დამინახავს „პეტლიჩკა" და კამერა, ვიცოდი რას ნიშნავდა „ვიორსტკა". ეს ყველაფერი ძალიან ბევრს ნიშნავს.

კავკასიის მედიის სკოლამ შემძინა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი უნარები, რაც არა მარტო ჟურნალისტს, არამედ ნებისმიერი პროფესიის ადამიანს გამოადგება. რაც მთავარია ამ უნივერსიტეტმა მომცა შესაძლებლობა პირადი ურთიერთობა დამემყარებინა ძალიან ბევრ "საჭირო" ადამიანთან, რომელთა უმრავლესობა დღეს „წიგნების თაროს" მოწვეული სტუმარია.

გარდა ამ ყველაფრისა, მე და სოფო გოგიშვილი (ასევე კავკასიის მედიის სკოლის მე-4 კურსელი) ვაკეთებთ ჩვენს საკუთარ პროექტს „რადიო შოკოლადში". პროექტი უკვე დაწერილია, საპილოტე გადაცემები ჩაწერილი. ახლა მხოლოდ თანხის მოძიებაღა დარჩა და რადიოგადაცემა „მე ვარ" მალე ეთერში ჩაეშვება.

არასდროს ვინანებ, რომ ამ უნივერსიტეტში ჩავაბარე. მედიასფეროში განათლების მისაღებად საქართველოში კავკასიის მედიის სკოლაზე უკეთესი ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს.


ირინკა კურტანიძე
საქართველოს მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტი
კურსდამთავრებული, 2014

თუ გინდა იყო წარმატებული და შენი საქმის პროფესიონალი, ჩააბარე კავკასიის მედიის სკოლაში. ამ სიტყვებს უკვე წლებია ვიმეორებ და არასდროს Irinka Kurtanidzeმომბეზრებია.ზუსტად ერთი წლის წინ დავამთავრე კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლა, ჩემს რეზიუმეში კი უკვე ათამდე სამუშაო ადგილია მითითებული. ყველას უკვირს ამ ასაკში ასეთი შთამბეჭდავი სამუშაო გამოცდილება როგორ მაქვს, თუმცა გასაკვირი არაფერია მათთვის, ვისაც ამ უნივერსიტეტის კარი ერთხელ მაინც შეუღია.

კავკასიის უნივერსიტეტის დამსახურებით სტაჟირება გავიარე არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვარგარეთაც. მეორე კურსზე მე და ჩემი რამდენიმე ჯგუფელი რადიო თავისუფლების პრაღის ცენტრალურ ოფისში გავემგზავრეთ, მეოთხე კურსზე კი ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) რამდენიმე თვიანი სტაჟირების შემდეგ უდიდესი გამოცდილებით დავბრუნდი საქართველოში.

ამჟამად მთავრობის საზოგადეობასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომელი ვარ და მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას პრაქტიკაში ვახორციელებ.

ჩვენ ყველას გაგვივლია ის ნერვიულობა და შიში, რომელიც აბიტურიენტობისას უნივერსიტეტის არჩევას ახლავს, თუმცა თუ გინდათ განათლების გარდა სწავლის პროცესშივე მიიღოთ უდიდესი გამოცდილება, იყოთ დასაქმებული და მიაღწიოთ წარმატებას, ჩააბარეთ კავკასიის მედიის სკოლაში. ამის შემდეგ წინაღობა უკვე აღარ იარსებებს!


გიორგი დიასამიძე
"ნეტგაზეთი"
III კურსი, 2015

giorgi diasamidzeისწავლეთ კარგად და გახსოვდეთ, რომ თითეული ლექტორი თქვენი პოტენციური დამსაქმებელია, - ამ სიტყვებით კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის დეკანმა, ნინო ჟიჟილაშვილმა მოგვმართა პირველი კურსის სტუდენტებს.

კავკასიის უნივერსიტეტთან უკვე საკმაოდ ბევრი მოგონება მაკავშირებს. თუნდაც ის, რომ ჯერ კიდევ მესამე კურსის სტუდენტებმა შევძელით ძალიან კარგი ჟურნალის გამოცემა. ეს ყველაფერი უკვე წარსულია, რომლითაც ვამაყობ. ვფიქრობ, წინ კიდევ არაერთი საინტერესო ამბავი მელოდება. ამ ხნის განმავლობაში ლექციებს გვიკითხავდნ ისეთი კვალიფიციური ლექტორები... რომელი ერთი ჩამოვთვალო?

ისე, შრომისმოყვარეობას მაბრალებენ ლექტორები. ყველაზე მეტად პრაქტიკული საგნები მომწონს. პირველი კურსის პირველივე სემესტრში რამდენიმე ჯგუფელთან ერთად გავაკეთე ბლოგი, სადაც ჩემი ნაშრომების გამოქვეყნება დავიწყე. მერე ერთ-ერთი სპორტული გამოცემისთვისაც ვწერდი სტატიებს.

მესამე კურსის დაწყებამდე "ნეტგაზეთის" მთავარმა რედაქტორმა და ჩვენმა ინტერნეტ-მედიის ლექტორმა, ნესტან ცეცხლაძემ შემომთავაზა ერთ-ერთი საუკეთესო გამოცემისთვის წერა. ვფიქრობ, კარიერის პირველ ნაბიჯებსაც სწორედ ახლა ვდგამ. ისეთ სანდო ინტერნეტგამოცემაში სტაჟირება, როგორიც არის "ნეტგაზეთი" ჩემთვის ერთგვარი გამოწვევაა და ვგრძნობ პროფესიულ ზრდას. ნესტანის შეტყობინებამ გამახსენა ნინო ჟიჟილაშვილის სიტყვები, რომლითაც მან მედიის სკოლის პირველკურსელებს ზუსტად ორი წლის წინ მოგვმართა.


სოფო გოგიშვილიsofo gogishvili
"ლიბერალი"
III კურსი, 2015

კაკასიის უნივერსიტეტში მედიის ფაკულტეტზე სწავლა არ ჰგავს ყველასთვის ნაცნობ საუნივერსიტეტო ცხოვრებას. ჩვენ, CSM-ის სტუდენტები, არ ვსწავლობთ
უნივერსიტეტში, ჩვენ ვართ CSM-ის ნიუსრუმში. ზურგზე გვკიდია კამერები, შტატივები, "პეტლიჩკები", ფოტოაპარატები, დავდივართ, ვიღებთ, ვწერთ, ვამონტაჟებთ, ვიცნობთ ადამიანებს, ვეცნობით მათ პრობლემებს, ვეძებთ თემებს...

კავკასიის მედიის სკოლამ მომცა საშუალება პრაქტიკა გამევლო ბეჭდურ და ონლაინ გამოცემა "ლიბერალში", რათა საკუთარ თავზე გამომეცადა ჟურნალისტიკაში მუშაობის პრინციპები, სირთულეები, ეთიკური დილემები და სხვა. მე დღემდე ვაგრძელებ "ლიბერალთან" თანამშრომლობას.

ანა ტურაბელიძე
საზოგადოებრივი მაუწყებელი
IV კურსი, 2015 წელი

ზუსტად 4 წლის წინ პირველად შემოვაბიჯე კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის სამყაროში და მივხვდი, რომ 
ani turabelidze
გადაწყვეტილებაში არ შევმცდარვარ.

გერქვას CSM-ელი საპასუხისმგებლო მისიაა. მრავალფეროვან, მეგობრულ და ამავდროულად კონკურენტულ გარემოში მუდამ სიახლის ძიებაში ხარ. ეს ის სივრცეა, სადაც პროფესიულ ცოდნას პრაქტიკულ გამოცდილებასა და ზოგად განათლებას საუკეთესო ლექტორები გვიზიარებენ.

ამიტომ მეც პირველივე კურსიდან აქტიურად შევუდექი CSM-ელის სტატუსის დაცვას. ჯერ „ლიბერალში" გავიარე სტაჟირება, შემდეგ ერთ-ერთმა ლექტორმა „ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ასოციაციაში" დაგვასაქმა. ახლა გადაცემა „ მშვიდობით იარაღოს" ჟურნალისტი ვარ საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ყველაფერი კი აქ მიღებულმა ცოდნამ და გამოცდილებამ განაპირობა.

კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის მთავარი მამოძრავებელი ძალა, ვფიქრობ, ის მოტივაციაა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს პირველივე დღიდან გადმოგვედო. აქ ცხოვრება ერთი დიდი თავგადასავალია, სავსე უამრავი დაბრკოლებითა და მათზე გამარჯვებით განცდილი ბედნიერების წამებით. მეამაყება, რომ მეც მისი ისტორიის ნაწილი ვარ.

მერიკო ქაჯაია
სარეკლამო კომპანია Betterfly
IV კურსი, 2015

meri kajaiaთურმე სიყვარული მეოთხე კურსზე მოდის - ამას ახლა მივხვდი. კავკასიის უნივერსიტეტის დამთავრებამდე ერთ თვეზე ნაკლები დამრჩა. ახლა ვცდილობ, თითოეული ლექციით ვისიამოვნო. დიახ - ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი მაინც არის.
„თქვენ ჩვენი ეპოქის ელიტა ხართ, გინდათ ეს თუ არა. იღებთ ხარისხიან, ევროპულ განათლებას, რომელზეც დღეს ძალიან ცოტას მიუწვდება ხელი," - ეს სიტყვები ერთ-ერთმა ლექტორმა გვითხრა. შეიძლება ამბიციურად, ცოტა გამაღიზიანებლად ჟღერდეს, მაგრამ ამ რეალობას ყოველ ნაბიჯზე იგრძნობთ. მაშინ, როცა გასაუბრებაზე მიხვალთ, მაშინაც, როცა სამსახურს დაიწყებთ ან კოლეგებს შეხვდებით.

პირველ კურსზე ვიყავი, როცა ჩემი დის (კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის) რეზიუმეს შურით ვუყურებდი და ვწუწუნებდი - „როდის მექნება მეც ასეთი CV-იიი". პასუხად მითხრეს, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს.

მართლაც, სამუშაო გამოცდილების შეძენა მეორე კურსიდან დავიწყე. რამდენიმე სტუდენტი ლექტორმა, ზურაბ ბიგვავამ „ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ასოციაციაში" დაგვასაქმა. შემდეგ იყო სტაჟირება "რუსთავი 2-ში". ჩვენი დეკანის, ნინო ჟიჟილაშვილის რეკომენდაციით გასაუბრებაზე მივედი და ამიყვანეს. რამდენიმე თვეში გამოვცადე პრეზიდენტობაც - მედიის სკოლის ამერიკელი ლექტორის, ვოლტერ გადისის შექმნილ "Student Conversation Club"-ში. ბოლოს კი მაკა სეხნიაშვილმა, სოციოლოგიის ლექტორმა შეგვატყობინა ვაკანსიის შესახებ და საზოგადოებრივ მაუწყებელზე, გადაცემა „მშვიდობით იარაღოში" დავიწყე მუშაობა. ახლა სარეკლამო კომპანია Betterfly-ში ვმუშაობ.

დღეს მეამაყება, რომ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტი მქვია. CU მართლაც ერთსულოვანი, ძლიერი გუნდია. გუნდი, რომელმაც მომცა ცოდნა და ამ ცოდნის პრაკტიკაში გამოყენების შესაძლებლობა.

ლიკა ჩხარტიშვილი
რადიო "შოკოლადი"
IV კურსი, 2015

lika chkhartishviliმეოთხე კურსელისთვის არც თუ ისე პატარა სამუშაო გამოცდილება მაქვს, სკოლის დამთავრებისთანავე ვცდიდი საკუთარ თავს სხვადასხვა სამსახურში, ვყოფილვარ მიმტანიც.

მედია სკოლაში სწავლისას პარალელურად ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო პრაქტიკული გამოცილებას შევიძინე, მესამე კურსზე უკვე სტაჟირებას გავდიოდი "რადიო თავისუფლების" სკოლაში, იქ მოხვედრა ჩემ მიერ უნვერსიტეტში დაგროვილმა მასალებმა და გამოცილებამ განაპირობა. იმავე წელს "რადიო თავისუფლების" რეკომენდაციით "სამართლიან არჩევნებში" დავიწყე მუშაობა 3 თვიანი კონტრაქტით, აქაც გასაუბრებაზე მხოლოდ და მხოლოდ კავკასიაში მიღებული ცოდნით და გამოცდილებით მივედი.

მეოთხე კურსზე მოკლე ვადით, კავკასიის მიერ რეკომენდირებული სტაჟირება დავიწყე ორგანიზაცია NX-ში. მალევე ჩემი შესაძლებლობებით დაინტერესებულმა ერთ-ერთმა ლექტორმა რეკომენდაცია გამიწია მარკეტინგის მენეჯერის ასისტენტის თანამდებობაზე ერთ-ერთ საფინანსო ორგანიზაციაში, სადაც ამიყვანეს და დავიწყე მუშაობა სრული განაკვეთით.

მეოთხე კურსის მეორე ნახევარში, დავიგროვე საკმარისი გამოცდილება, უნარები, ცოდნა იმისთვის, რომ საკუთარი თავი მეცადა უკვე ისეთ ადგილას სადაც მუშაობა უშუალოდ ჩემი სურვილი და შეიძლება ითქვას ოცნებაც იყო და 2015 წლის მარტიდან დავიწყე თანამშრომლობა რადიო "შოკოლადთან".
ჩემი რჩევა იქნება მუდმივად სცადოთ საკუთარი თავი სხვადასხვა სამსახურში, დაიგროვოთ ადამიანებთან ურთიერთობის გამოცდილება და სხვადასხვა გარემოებებთან გამკლავების უნარი. სტაჟირება - ესეც მნიშვნელოვანი პუნქტია, კავკასიაში ერთი კრედიტი სწორედ საველე პრაქტიკის მიღებას ეკუთვნის, დამერწმუნეთ ეს არის ძალიან ძალიან დიდი პლიუსი, რამაც შეიძება თქვენი სამსახურში აყვანა, არ აყვანის საკითხი განაპირობოს.


natia sosiashviliნათია სოსიაშილი
რადიო "კომერსანტი"
IV კურსი, 2015

კავკასიის მედია სკოლაში ჩაბარების შემდეგ მუდმივად სიახლის ძიებაში ვარ. მყავდა ლექტორები, რომლებიც ყოველდღიურად უფრო მეტ მოტივაციას მაძლევდნენ და კონკურენტუნარიანს მხდიდნენ. პირველი კიურსიდანვე დავიწყე  სტაჟირებები: ვიყავი ონლაინ–ჟურნალში, რადიოში, ეროვნული ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში, "მაესტროში" და სხვა. ყველა დაწესებულებაში მეკითხებოდნენ, სად ვსწავლობდი და პასუხის მისღებისთანავე მეტი ყურაადღებით მეკიდებოდნენ.

CSM-მა მომცა პრივილეგია, რომ მე ვიყავი საუკეთესო კონკურენტებს შორის. უნივერსიტეტს წელს დავამთავრებ და უკვე ვმუშაობ საიტის რედაქტორად. მინდა მადლობა ვუთხრა CSM-ს იმ გამოცდილებისთვის, რომელიც მან მომცა ამ სფეროში.

ლექსო ჭოტორლიშვლი
ახალგაზრდული მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი
II კურსი, 2015

კავკასიის მედიის სკოლა-ადგილი სადაც იღებ იმ ცოდნას, რომელსაც სხვაგან ვერ მიიღებ. აქ არ სწავლობ მხოლოდ ერთ მიმართულებას, CSM-ში შენ ხარ 
lekso
ჟურნალისტი, ოპერატორი, მემონტაჟე. აქ არ გასწვლიან მხოლოდ თეორიას, სწავლების დიდი ნაწილი პრაქტიკულია, რაც უფრო საინტერესო და ბევრის მომცემია.

ჩვენ ცოდნას ვიღებთ იმ ლექტორებისგან, რომლებიც დღემდე მუშაობენ სხვადასხვა მედიასაშუალებებში, ანუ არიან პრაქტიკოსი ჟურნალისტები და თავიანთ გამოცდილებას გვიზიარებენ. დღეს , 21-ე საუკუნეში სჭიროა უფრო მეტი პრაქტიკული ცოდნა, ვიდრე თეორიული. შეიძლება ძალიან კარგად იცოდე თეორია, მაგრამ ვერ შეძლო ცოდნის პრაქტიკაში განხორციელება.

ჩვენი ლექტორები არიან ჩვენი პოტენციური დამსაქმებლები. მე პირელივე კურსზე გავიარე სტაჟირება მედიაჰოლდინგ „Georgian Times"-ში. სტაჟირებით მოვახდინე უნივერსიტეტში ნასწავლი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. ამ სტაჟირებით კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ CSM არის საუკეთესო. კავკასიის მედიის სკოლაში თავიდანვე ასწავლიან კამერასთან მუშაობას, გადაღებას და უამრავ სხვა რამეს, იმას რასაც სხვაგან სწავლობ ბოლო კურსზე ან არასდროს.

ასევე, მედიის სკოლაში სწავლის დროს მიმუშავდება ძალიან მნიშვნელოვანი უნარ–ჩვევები. უკვე რამდენიმე თვეა, ვარ ახალგაზრდულ მთავრობაში, საგარეო საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი. ძალიან მიხარია, რომ CSM-ში მესამე კურსზე PR-ს ვისწავლი.

ქეთო საბანაძე
ღონისძიებების დაგეგმვისა და მარკეტინგის მენეჯერი
კურსადამთავრებული, 2011

Ketoსტუდენტობის წლები მართლა საუკეთესოა და ბედნიერი ვარ რომ მე ეს წლები CSM_ში გავატარე. ჩვენ კავკასიის მედია სკოლის პირველი გამოშვება ვართ, რაც კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას გულისხმობს. სასწავლო პროცესი საინტერესო, შრომატევადი და ძალიან სახალისო იყო. მე-2 კურსზე ვიყავი, როდესაც უნივერსიტეტში გამოცხადებული კონკურსი წარმატებით გავიარე და ფინალურ ეტაპზე ამსტერდამში გავემგზავრე, 1 თვით სასერტიფიკატო კურსზე: „პოპულარული კულტურა და ქალაქი". ევროპულმა კულტურამ, გარემომ, დამოკიდებულებამ დიდი როლი ითამაშა ჩემს სამომავლო გეგმებსა და მიზნებზე. სწავლის პერიოდში არაერთი სტაჟირება გავიარე: ჟურნალი „ლიბერალი", საზოგადოებრივი მაუწყებელი.

სწავლის დასრულების შემდეგ, სრული დატვირთვით ჩავები მუშაობის პროცესში. ვიყავი ორგანიზატორი უცხოელი შემსრულებლების რამდენიმე კონცერტის, მუსიკის ფესტივალის. მედია სკოლაში შეძენილმა ცოდნამ, გამოცდილებამ და კონტაქტებმა საშუალება მომცა ყველა ღონისძიება ტექნიკურად გამართული ყოფილიყო. გასართობი ინდუსტრიის შემდეგ, მუშაობა მსოფლიოს რიგით მე3 ყველაზე დიდ მწარმოებელ ამერიკულ კომპანია Perdue-ში დავიწყე, საქართველოსა და ცენტრალური აზიის რეგიონის მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე. CSM უნიკალური სკოლაა, სადაც შეგიძლია სრულად მოახდინო საკუთარი თავის რეალიზება, აირჩიო შენი სამოღვაწეო სფერო და გაიუმჯობესო უნარები იმ კუთხით.

თამთა გაზაშვილი
ახალი ამბების წამყვანი, რეპორტიორი
კურსდამთავრებული, 2014

tamta gazashviliჯერ კიდევ კავკასიის მედიის სკოლის სდუტენდი ვიყავი, ახალი ამბების წამყვანი რომ გავხდი. სწორედ ჩემი უნივერსიტეტის დამსახურებაა, რომ 21 წლის ასაკში ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი პოზიცია დავიკავე. ორი წლის განმავლობაში ტელეკომპაანია „მაესტროს" ახალი ამბების წამყვანი და კორესპონდენტი ვიყავი.

კავკასიის მედიის სკოლის დახმარებით, სტაჟირება ჩემი პროფესიით მეორე კურსიდან დავიწყე. ჯერ იყო ტელეკომპანია „იმედი", შემდეგ ტელეკომპანია „მზე". პირადად დეკანის რეკომენდაციით, მეოთხე კურსზე უკვე შტატიანი ჟურნალისტი გავხდი (ჯერ „მეცხრე არხი", შემდეგ „მაესტრო").

ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშნელოვანი ეტაპი გადაცემა „პოლიტმეტრიდან" დაიწყო. ტელეკომპანია „მაესტროში" ყველაზე საინტერესო პერიოდში დავიწყე მუშაობა, 2012 წლის წინასაარჩევნო მარათონის ფინიშის ხაზი ძალიან ახლოს იყო. ქვეყანაში იმდენად მძიმე პოლიტიკური ვითარება იყო, მეორე გადაღებაზე ხურვალეთში მე და ჩემს ოპერატორს ქვები დაგვიშინეს. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა. ჩემი უნივერსიტეტის დამსახურებაა, რომ იმ დროს ყველაზე თავისუფალ და ღირსეულ გარემოში აღმოვჩნდი, ვიმუშავე ყველაზე ობიექტურ და პროფესიონალ ჟურნალისტებთან.

ჩემო საყვარელო CSM-ელებო, უნივერსიტეტი გაძლევს შანსს და ამ შანსს გამოყენება სჭირდება. ერთადერთი, რაც შემიძლია გირჩიოთ არის ის რომ, არც ერთ შესაძლებლობაზე უარი არ თქვათ. მოკლედ, წარმატებას გისურვებთ ყველას, ვინც უკვე ხართ სტუდენტი და ვინც ახლა ფიქრობთ, CSM-ელობაზე. მინდა იცოდეთ, თქვენ ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით წინ ხართ!

თაკო ქველიძე
პიარ მენეჯერი
კურსდამთავრებული, 2014

ჯერ ერთი წელიც არ გასულა, რაც კავკასიის მედიის სკოლა დავამთავრე. თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილება ჩვენი პრიორიტეტი იყო. tako qvelidzeპირველი კურსიდან დავიწყე სტაჟირება. ვიმუშავე საზოგადოებრივ მაუწყებელში. კამერა, გადაღების პროცესი, განათება, მონტაჟი და სხვა დეტალები ახალბედასთვის და ჯერ კიდევ სტუდენტისთვის უკვე ნაცობი ხილი იყო. შემდეგ რადიო „უცნობში" მოვხვდი, სადაც ძალიან სპონტანურად საინფორმაციო გამოშვების პროდუსერმა სტუდიაში შემიყვავანა და მითხრა - დღეს შენი პირველი „ლაივი" იქნებაო. მალე დღის საინფორმაციო გამოშვების წამყვანი გავხდი, რაც მეორეკურსელი სტუდენტისთვის გამოცდილებასთან ერთად დიდი პასუხისმგებლობა იყო. განსაკუთებულად მახსენდება ის შეგრძნება, როდესაც უკვე გამცდილი და წარმატებული ჟურნალისტების გუნდში აღმოვჩნდი.

შემდეგ იყო „არტარეა", პირველი არხი კულტურაზე, სადაც ჩვენმა დეკანმა ნინო ჟიჟილაშვილმა მიგვიყვანა. ეს პერიოდი ყველაზე თბილ მოგონებებს უკავშირდება. ვაკეთებდით გადაცემას, სადაც კვირის მთავარ კულტურულ სიახლეებს ვაერთიანებდით. წელიწადზე მეტი ვმუშაობდი მეგობრულ, საინტერესო და პროფესიონალებით სავსე გარემოში.

ამჟამად, საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში ვმუშაობ, მოზარდ მაყურებლთა თეატრის პიარ მენეჯერი ვარ. დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გზა, რომელიც კავკასიის მედიის სკოლაში ჩემს მეგობრებთან ერთად გავიარე უამრავი სიახლით, ახალი შანსებითა და შესაძლებლობებით იყო სავსე. ამ ოთხმა წელიწადმა ადამიანური ურთიერთობები, ცოდნა, პრაქტიკული გამოცდილება, თავდაჯერებულობა და საუკეთესო პერსპექტივები მომცა.

beqa adamashviliბექა ადამაშვილი
ტვ/რადიო "მაესტრო"
კურსდამთავრებული, 2011

არ მიყვარს ისეთი სამსახური, სადაც სამუშაო დროის ნახევარი დროის გაყვანაზე ფიქრში გაგყავს. არც მაქვს. ვმუშაობ სცენარისტად „ვასიკო ოდიშვილის ყოველდღიურ აბებში". ყოველდღიურად. სამი საათით. დანარჩენ დროს ვიყენებ "Freelancer"-ობისთვის, ჩემთვის ან იმისთვის, რომ ვწერო.
წერა მიყვარს. კავკასიის მედიის სკოლაც. რადგანაც „სწორედ მედიის სკოლამ მომცა საშუალება" - „წერითი უნარები დამეხვეწა", „თვალსაწიერი გამეფართოვებინა" და „კონკურენტულ ბაზარზე თავი დამემკვიდრებინა". ასეთი ფრაზები კიდევ ვიცი, მაგრამ ჯობია უფრო ადამიანურად ვთქვა: სამსახური მეორე კურსიდან მაქვს. ზოგჯერ - რამდენიმე ერთად. ძირითადად ისეთები, სადაც წერაა საჭირო. ნორმალურად წერა კი კარგი გამოცდილების შედეგია. ამიტომ მიყვარს "CSM" და ამიტომ მგონია, რომ ის ნამდვილად კარგი სკოლა აღმოჩნდა, როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით.


სალომე მოდებაძე
ჟურნალისტი, პროდიუსერი
კურსდამთავრებული, 2012

ხელში გეჭიროს კავკასიის უნივერსიტეტის დიპლომი თავისთავად უკვე წარმატებას ნიშნავს, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეს 
salome modebadze
მარტივადაა მისაღწევი. ახლაც კარგად მახსოვს სწავლის საკმაოდ რთული 4 წელი და არაერთი გათენებული ღამე... მაგრამ, როცა უნივერსიტეტს ამთავრებ და შენი პროფესიით იწყებ მუშაობას, ალბათ, მაშინ ყველაზე კარგად ხვდები, რა ცოდნა დააგროვე ამ წლების განმავლობაში.

ტელეკომპანია „მაესტროში" მუშაობა მედიის სკოლის დამთავრებისთანავე დავიწყე. ჯერ გადაცემა „პოლიტმეტრის" პროდიუსერად, შემდეგ კი ახალი ამბების ჟურნალისტად. მართალია, ტელევიზიაში მუშაობის გამოცდილება მანამდე არასდროს მქონია, მაგრამ ჩემი ყოველდღიური საქმიანობა – სიუჟეტების და პირდაპირი ჩართვების მომზადება CSM-ის წყალობით უცხო არ აღმოჩნდა ჩემთვის. ის კი არა, ჩემ მიერ მომზადებულისიუჟეტი მედიაკონკურსის „მეტი ონფორმაცია ევროკავშირის შესახებ" გამარჯვებულად გამოცხადდა. 

უნივერსიტეტის დამთავრებიდან რამდენიმე წელი გავიდა და ახლა უფრო კარგად ვხვდები, რომ ის უმნიშვნელო წარმატებაც კი, რასაც კარიერაში მივაღწიე მთლიანად კავკასიის მედიის სკოლის დამსახურებაა. ამაყი ვარ, რომ მქვია CSM-ის კურსდამთავრებული.
 
 


სალომე გოგინაშვილი
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი
კურსდამთავრებული, 2012

ვფიქრობ, ჩემი წარმატების პირველ ნაბიჯად, უპირველეს ყოვლისა, უნივერსიტეტის სწორად არჩევა და შემდგომ ამ უნივერსიტეტში მოხვედრა უნდა ჩაითვალოს. ზოგადად კავკასიის მედიის სკოლა უკვე წარმატებაა. გამორჩეულია ადამიანებით, რომლებიც სტუდენტს ეხმარებიან გაზრდასა და სწორი გზის არჩევაში.

salomeჯერ კიდევ II კურსზე დავიწყე სტაჟირება ტელეკომპანია „რუსთავი 2-ში" რეპორტიორად. ჟურნალისტის რთული სამუშაო ახალი არ ყოფილა, რადგან კავკასიის მედიის სკოლაში სწავლობ იმაზე მეტს ვიდრე წერია წიგნში და უნივერსიტეტშივე გეძლევა საშუალება თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გადაიტანო. „რუსთავი2 -ის" შემდეგ იყო, როგორც რადიო, ისე ბეჭდური მედიაში მუშაობის გამოცდილება. ამჟამად ჯანდაცვის სამინისტროს მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ვარ. იყო კავკასიის მედიის სკოლის სტუდენტი ნიშნავს იყო გამორჩეული. სამსახურში მოსვლის პირველივე დღეს გაკვირვება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ჟურნალისტურ საქმიანობასთან ერთად ვიცოდი ოპერატორისა და მემონტაჟის საქმეც.

ვთვლი, რომ ძალიან გამიმართლა, კავკასიის მედიის სკოლის სტუდენტი რომ ვიყავი. გამიმართლა, რომ ასეთი მაღალი დონის განათლება მივიღე და 4 წლის განმავლობაში ურთიერთობა მქონდა თავისი საქმის პროფესიონალ ადამიანებთან.

ბოლოს დავამეტებდი, კავკასიის მედიის სკოლის სტუდენტებო, მაქსიმალურად გამოიყენეთ ამ უნივერსიტეტში სწავლის შანსი და ის დაგეხმარებათ გახდეთ თავისუფლად მოაზროვნე. დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, სტუდენტური წლები საინტერესოდ და ჩემი მომავლისთვის მნიშვნელოვან გარემოში გავატარე.

ნანუკა ქაჯაია
ჟურნალისტი, ტელეკომპანია "იმედი"
კურსდამთავრებული, 2012

nanuka kajaiaგერქვას კავკასიის მედიის სკოლის კურსდამთავრებული, ეს დიდი პასუხისმგებლობაა, რომელსაც ყოველდღიურად ვგრძნობ. ეს სტატუსი გმატებს თავდაჯერებულობას, რომელიც სამსახურის დაწყებისას და ყოველღიური მუშაობის პროცესში გეხმარება. პირველი სამსახურიც და პირველი ხელფასიც CSM-ს უკავშირდრბა. მე-2 კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა ტელეკომპანია "GMG"-ისთვის საავტორო გადაცემა გავაკეთეთ უნივერსიტეტის ბაზაზე და პირველი ჰონორარიც ავიღეთ.

4 წლის განმავლობაში იყო ბევრი პროექტი და კონკურსი, მოკლედ, ძალიან აქტიური სტუდენტური ცხოვრება მქონდა. მე-4 კურსის ბოლოს ნინო ჟიჟილაშვილის რეკომენდაციით მოვხვდი ტელეკომპანია "იმედში". როგორც ყველამ, თავიდან მეც სტაჟიორობით დავიწყე იმ ყველაფრის წყალობით, რაც CSM-ში ვისწავლე. ზუსტად 3 თვეში კი ოფიციალურად მეც იმედელის სტატუსი მოვირგე.

ახლა, უკვე "იმედის" ჟურნალისტს, გადაღებებზე ძალიან ხშირად მხვდებიან ჩემი ლექტორები, ოღონდ უკვე რესპოდენტების ამპლუაში. მე ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ როცა ვამბობ რომ ვარ კავკასიის მედიის სკოლის კურსდამთავრებული. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯერ ბევრნი არ ვართ, გავკადნიერდერდები და ვიტყვი, რომ უკვე ყველგან ვართ. CSM-ის დამთავრება წარმატების გარანტიაა. აბიტურიენტებო, არ გაუშვათ შანსი გახდეთ მედიის სკოლის ახალი წევრები!


გვანცა პაპავაძე
თბილისის მერის პრეს-სპიკერი
კურსდამთავრებული, 2012


gvantsa papavdzeშემთხვევით არაფერი ხდება. შემთხვევით არც მე ჩამიბარებია კავკასიის უნივერისტეტში. 16 წლის ასაკში შედგენილი კარიერული გეგმის მთავარი ნაწილი უკვე იყო სწავლის გაგრძელება aკავკასიის მედიის სკოლაში. 4 რთული წელიწადი ლოგიკურად წარმატებით დასრულდა.
მე დღეს თბილისის მთავრობის პრეს-სპიკერი ვარ.

კავკასიის უნივერსიტეტში მიღებული ცოდნით, მესამე კურსზე უკვე ვიყავი ერთ-ერთი წამყვანი ტელევიზიის ახალი ამბების დეპარტამენტის სტაჟიორ-ჟურნალისტი. მეოთხე კურსზე კი საშუალება მომეცა რეპორტაჟები და პირდაპირი ჩართვები "მე-9 არხისა" და "მაესტროს" დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში გამეკეთებინა. ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ჩემს თანატოლებში ერთი ნაბიჯით წინ ვიყავი, ამაში კი კავკასიის მედიის სკოლაში მიღებული პრაქტიკული ცოდნა მეხმარებოდა. უნივერსიტეტში ჩვენ სწავლის პროცესშივე მივიღეთ ჟურნალისტისთვის საჭირო უნარ-ჩვევები. გარდა ამისა, სალექციო კურსი გავიარეთ ტექნიკურ ნაწილშიც, დავეუფლეთ მონტაჟისა და ვიდეო გადაღების თანამედროვე ტექნიკას.

ჟურნალისტისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გარდა, 4 წლის განმავლობაში ვისწავლეთ პიარ ტექნოლოგიები. დიდ დროს ვუთმობდით უცხო ენების შესწავლას. ინგლისურ ენაზე შედგენილი სალექციო კურსები და უცხოელი ლექტორები ინგლისური ენის უკეთ სწავლაში გვეხმარებოდნენ. 2 წლის განმავლობაში ვისწავლეთ ფრანგული და გერმანული ენების საფუძვლებიც. მადლობა კავკასიის უნივერსიტეტს იმ გამოცდილებისთვის, რაც სწავლის პერიოდშივე მოგვცა.

ანუკი კანკიაanuki kankia
კულტურის სამინისტრო, მედიაკომუნიკაციების დეპარტამენტი
კურსდამთავრებული, 2012

CSM-ს მეორე კურსიდან შევუერთდი. ახალი გარემო და ახალი სანაცნობო როგორც წესი სტრესის შემცვლელია, მაგრამ არა კავკასიის უნივერსიტეტში. ეს არის სივრცე, სადაც წარმატების განმსაზღვრელი არა სოციალური სტატუსი, არამედ შენი უნარები და ცოდნაა. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და მეგობრული ლექტორები მუდმივად მზად არიან დაგეხმარონ და პრობლემა მოგიგვარონ.

მთავარი პლუსი, რომელიც მედია სკოლას აქვს ის არის, რომ არ გზღუდავს საგნების არჩევაში. ჟურნალისტიკის გარდა გაქვს საშუალება ისწავლო საზოგადოებასთან ურთიერთობა, ფოტოგრაფია. ეს კი დამატებით პრივილეგიას გაძევს დღევანდელ პირობებში, როდესაც მოთხოვნა მულტიმედიურ პროექტებზე გაიზარდა და დამსაქმებელს ურჩევნია, ერთი ადამიანი აიყვანოს, რომელსაც ბევრი უნარი აქვს.

კავკასიის უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა დამეხმარა ჯერ კიდევ სტუდენტობისას მუშაობა დამეწყო "მაესტროში", სადაც 6 წელი ვიმუშავე და ვიყავი სხვადასხვა გადაცემის რეპორტიორი. ახლა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ვმუშაობ, მედიაკომუნიკაციის სამმართველოში. მიმაჩნია, რომ კავკასიის უნივერსიტეტმა მომცა ცოდნა, რომელსაც ყოველდღიურ საქმიანობაში ვიყენებ.

levan zhorzholianiლევან ჟორჟოლიანი

კულტურის სამინისტრო, მედიაკომუნიკაციების დეპარტამენტი

კურსდამთავრებული, 2012

აბიტურიენტობისას, როდესაც მომავალი პროფესია უნდა ამერჩია, უნივერსიტეტის მისაღებ გამოცდებზე „მედია და მასობრივი კომუნიკაციები" დაუფიქრებლად შემოვხაზე. მეგონა, რომ იყო ჟურნალისტი ნიშნავს, ხშირად გხედავდნენ ტელეეკრანზე, საუბრობდე რესპონდენტზე მეტს და ტრიალებდე გავლენიანი ადამიანების ირგვლივ. მიმაჩნდა, რომ ჟურნალისტი „მესიაა", რომელიც მუდმივად ეძებს სიმართლეს, ამხელს დანაშაულს და საზოგადოება ჭეშმარიტ აზრამდე მიჰყავს.

კავკასიის მედიის სკოლამ ამ მხრივ იმედები გამიცრუა. აღმოჩნდა, რომ ლექტორები ამ პროფესიას სულ სხვაგვარად აღწერდნენ და ჟურნალისტიკის ელემენტებიც ჩემს წარმოდგენას სრულიად ეწინააღმდეგებოდა. საბედნიეროდ, კარგი მოსწავლე ვიყავი და მალევე გავაცნობიერე, რომ ჟურნალისტი „თემიდა" არ არის და მას ხმლის ნაცვლად ხელში დიქტოფონი უნდა ეჭიროს. მუშაობა პირველივე კურსიდან დავიწყე მედია.გე-ს რეპორტიორად, სხვადასხვა გამოცემის ფრეელანცერ-ად, თუმცა უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ტელეეკრანზეც მოვხვდი და ერთი წლის განმავლობაში ტელეკომპანია „მაესტროზე" დილის გადაცემა მიმყავდა.

ამჟამად, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ვმუშაობ, მედიაკომუნიკაციის სამმართველოში მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე. ჩემს მოვალეობებში მედიამონიტორინგისა და საჯარო გამოსვლებისათვის ტექსტების მომზადება შედის. გადაჭარბებული ნამდვილად არ იქნება თუ ვიტყვი, რომ კავკასიის უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა ნამდვილად გამოდგა განმსაზღვრელი ყველა სამსახურში სამუშაოს დაწყებაზე.

სოფო მაისურაძეsofo maisuradze
www.buzzmedia.ge-ს დამფუძნებელი
კურსდამთავრებული, 2011

შეკითხვაზე „რომელ უნივერსიტეტში სწავლობდი?" უკვე 4 წელია ამაყად ვპასუხობ - „კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლაში". მახსოვს, სწავლის დასაწყისში ამ სკოლის სახელი არავინ იცოდა. თანდათან კი სიტუაცია შეიცვალა... მედია სკოლაში ბევრმა ადგილობრივმა თუ საერთაშორისო ორგანიზაციამ, საჯარო დაწესებულებამ და მედიასაშუალებამ დაიწყო სტაჟირებასა და სამსახურზე შემოთავაზების გამოგზავნა. სწორედ ერთ-ერთი ასეთი შემოთავაზებით დავინტერესდი რადიო „უცნობისგან", სადაც სტაჟირება მეორე კურსის დასასრულიდან დავიწყე. სტაჟირება რამდენიმე თვეში სამსახურად გადაიქცა და საკმაოდ წარმატებულ სამსახურადაც. სწავლის განმავლობაში მიღებული ცოდნა და პარალელურად დაგროვებული გამოცდილება მომავალში ჩემი პროფესიული ზრდის საწყისი გახდა.

სამსახურისა და სწავლისთვის დროის გადანაწილება არ მიჭირდა. ეს მედიის სკოლის დეკანისა და ლექტორების დამსახურება იყო. მალე ჩვენ კამერებითა და ფოტოაპარატებით აღჭურვილი სამონტაჟო ოთახი მოგვცეს, სადაც გვიხაროდა ლექციების შემდეგ დარჩენა და ჟურნალისტურ მასალებზე მუშაობა.

კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლამ ჩემს ცხოვრებაში იმაზე დიდი გავლენა იქონია, ვიდრე წარმოვიდგენდი. დისციპლინისა და სწავლის საერთაშორისო სტანდარტები, რომელშიც ჩემი ცხოვრების 4 წელიწადი გავატარე, საინტერესო იყო. ზოგადი განათლება ყველა მიმართულებით. ეს ჟურნალისტისთვის აუცილებელი პირობაა.

მედიის სკოლაში სწავლის სურვილი თავისთავად მოდის. იქ ეთიკისა და ობიექტურობის პატივისცემა მასწავლეს. ამ სტანდარტების აუცილებლობას კი არა მხოლოდ კარიერულ ცხოვრებაში, არამედ ყოველდღიურობაშიც ვგრძნობ. დღეს მედია სკოლამ კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო კონტაქტი დაამყარა, გაამრავალფეროვნა სასწავლო გეგმა და რაც მთავარია სტუდენტებს უფრო მეტი საშუალება მისცა, პრაქტიკაში განახორციელონ ნასწავლი.

კავკასიის უნივერსიტეტის მედია სკოლაში ახალი თაობის ჟურნალისტები იზრდებიან. მე ვამაყობ, რომ ვარ CSM-ის კურსდამთავრებული.

მარიამ ყანჩაველი
ჟურნალისტი
კურსდამთავრებული, 2011

mariam kanchaveliპირველ კურსზევე გამიმართლა და რუსთავი 2 - ის გადაცემა ,,P.S''-ში სტაჟირებაზე ამიყვანეს. არასოდეს დამავიწყდება, გაკვირვებული სახეები, როდესაც უფროს ჟურნალისტებს თამამად ვუთხარი, რომ გადაღებაზე დამოუკიდებლად წავიდოდი. როგორ უკვირდათ, როდესაც ის „ანა-ბანა'', რის ახსნასაც დანარჩენი დამწყებებისთვის უფროსები გადაღებიდან გადაღებამდე ცდილობდნენ, მე უკვე მქონდა მოსმენილი ლექტორებიგან. როდესაც ტელევიზიის გემო გავიგე და დავრწმუნდი, რომ სფერო სწორად ავირჩიე.

მოგვიანებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის დამწყები ჟურნალისტებისათვის გამოცხადებულ კონკურს ,,პილოტში'' მედიის სკოლის 4 სტუდენტი მოვხვდით. 3000-მდე კანდიდატიდან ჯერ 24 რჩეულს შორის, შემდეგ კი ჟიურიმ 6 ლიდერს შორის ერთ-ერთ ლიდერად დამასახელა. დღემდე მახსოვს, კავკასიის უნივერისტეტი როგორ გვიჭერდა მხარს არა მხოლოდ შMშ-ებითა და პიარით, არამედ სხვადასხვა იდეებითა და რჩევებიათაც. მართალია კონკურსის ფინალურ ეტაპზე ჩემი გუნდი გამარჯვებული ვერ გახდა, თუმცა საზოგადოებრივ მაუწყებელზე ჟურნალისტად დამიტოვეს BBC-ის პროექტ ,,სპიკერის'' ქართულ ანალოგში.

მოგვიანებით აღმოვჩნდი სრულიად განსხვავებულ და ექსტრემალურ პირობებსა და გარემოში, ჟანრში, რომელიც მიმაჩნია, რომ რესპოდენტების ,,გამოტეხვაში'' დახელოვნებისა და გამოცდილების მიღების ერთ-ერთი საუკეთესოა. ეს არის რეალითი შოუ. მიუხედავად იმისა, რომ რუსთავი 2 - ის რეალითი შოუ ,,ტოპ გოგო'' მოდელებსა და მათი ინტრიგებით სავსე ცხოვრებას ეხებოდა, არც აქ დამვიწყებია ის ძირითადი პრინციპები და ჟურნალისტური ეთიკა, რომელიც მედიის სკოლის ყველა სტუდენტისთვის გონებაში მუდმივ სახელმძღვანელოდ იქცა.

თავგადასავლებისა და ჟანრების მრავალფეროვნების პარალელურად, რა თქმა უნდა, ყოველთვის მინდოდა მოვხვედრილიყავი სფეროში, რომლის გარეშეც ნამდვილ ჟურნალისტად ალბათ ვერასოდეს შედგები. ასე გავხდი ,,მაესტროს'' ახალი ამბების ყველაზე ობიექტური და შეკრული გუნდის წევრი, რომლის ხელმძღვანელიც იმ დროს ნინო ჟიჟილაშვილი იყო. საღამოს, მთავარი გამოშვების ეთერში ყოველი ჩემი სიუჟეტის ყურებისას და რესპოდენტებისგან თითოეული მადლობის მოსმენისას, ყოველთვის ერთი ფიქრი მიტრიალებდა - კავკასიის მედიის სკოლამ მომცა არა უბრალოდ უმაღლესი განათლება და საამაყო დიპლომი, არამედ პირველ რიგში თავდაჯერება და რწმენა საკუთარ თავში - რომ შენ შეგიძლია შექმნა რაღაც ღირებული და მნიშვნელოვანი.