საუბრები ლიბრარეაში - თავისუფლების გაკვეთილები ძველი საბერძნეთიდან - მეამბოხე გმირები ძველ ბერძნულ დრამაში

5 ივნისი 2025

 

5 ივნისს, 15:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია “ლიბრარეაში”, საუბრები ლიბრარეას ფარგლებში, გაიმართება შეხვედრა თემაზე „თავისუფლების გაკვეთილები ძველი საბერძნეთიდან - მეამბოხე გმირები ძველ ბერძნულ დრამაში“.

 

თეატრი ძველ საბერძნეთში იშვა - არა მხოლოდ როგორც ხელოვნება, არამედ როგორც თავისუფალი სულის ძიების მარადიული რიტუალი, ამბოხისა და ბრძოლის ასპარეზი.  ძველი ბერძნული დრამის მეამბოხე პერსონაჟები თავისუფლების, სიმართლისა და საზოგადოების გაჯანსაღებისთვის ბრძოლის მარადიულ მაგალითებად იქცნენ, მათი ამბოხი კი სოციალური წინააღმდეგობის აქტად, ჩაგვრისა და უსამართლობის წინააღმდეგ მიმართულ მრავალსაუკუნოვან მანიფესტად ექცა კაცობრიობის მუდმივ ბრძოლას უკეთესი მომავლისთვის.

 

ანტიგონე - შეუვალი და მტკიცე მეამბოხე, რომელიც თავისი მორალური პრინციპების დასაცავად მთელ სახელმწიფო სისტემას უპირისპირდება - საკუთარი ამბოხით ახალ, უნივერსალურ სამართალზე დაფუძნებულ მორალს ამკვიდრებს საზოგადოებაში; პრომეთე, რომელიც  თანასწორობისთვის მებრძოლ პირველ ცივილიზაციურ გმირად და ჩაგრულთა მცველად გვევლინება,  ცივილიზაციის ცეცხლით ანათებს ადამიანურ დუნე გონებას; თანამებრძოლთაგან ზურგშექცეული ფილოქტეტე, რომელიც ტკივილისა და უარყოფის მიუხედავად, ბოლომდე ერთგულობს საკუთარ პრინციპებს, პიროვნული ღირსების დაცვისთვის ბრძოლის ტრაგიკულ მაგალითად ექცევა მსოფლიო ლიტერატურასა და ხელოვნებას; სიყვარულში უსამართლობის მსხვერპლი მედეას ამბოხი კი, რომელიც გამაოგნებელ საზღაურად დაუჯდა კორინთოს საზოგადოებას, უსამართლო მოპყრობის, დამცირებისა და ჩაგვრის წინააღმდეგ ამხედრებული კოლხი მედეას სახეს მებრძოლი ქალის ერთგვარ პარადიგმად აქცევს; და აქვეა კომედიის მამაც - არისტოფანე, რომელიც უშიშრად და შეუპოვრად ამხელს მმართველთა ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა თუ საზოგადოებრივ დოგმატიზმს და კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ თეატრი სწორედაც ბრძოლის ველია, მათ შორის - საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ბრძოლისა; შემოქმედი კი უპირველესად მოქალაქეა და როგორც ბერძნული დემოკრატიის პარადიგმა გვასწავლის, იყო πολίτης ანუ მოქალაქე - ნიშნავს იბრძოდე შენი ქალაქის, ქვეყნის, საზოგადოების ნაკლოვანებათა აღმოსაფხვრელად და იბრძოდე ყველგან, მათ შორის - თეატრში, ვინაიდან ხელოვნება არა მხოლოდ ტკბობისა და შემეცნების, არამედ პროტესტის გამოხატვის მრავალსაუკუნოვანი და ყველაზე მძლავრი საშუალებაა.

 

ძველი ბერძნული თეატრი გვამცნობს, რომ თავისუფლება არის მუდმივი ბრძოლა საკუთარ თავთან და იმ საზოგადოებასთან, რომელიც ხშირად წინააღმდეგობას გვიწევს. ძველ ბერძენ გმირთა ამბოხი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სიმართლის ძიება გულისხმობს მსხვერპლს, თავგანწირვასა და შეუდრეკელ სულიერებას. თავისუფლება კი არის მუდმივი ბრძოლა, რომელსაც ისინი იგებენ, ვის სულსაც უსამართლობის წინააღმდეგ შეუპოვარ ამბოხში სიმტკიცე და საკუთარი პრინციპების ერთგულება შეუძლია.

 

და მაინც:

 

რას ნიშნავს იყო თავისუფალი ანტიკური გადასახედიდან? როგორ გადალახავდნენ ანტიკური დრამის გმირები პიროვნულ და საზოგადოებრივ დაბრკოლებებს? და რას გვასწავლის მათი ამბოხი ჩვენ - დღეს, როცა თავისუფლების პრობლემა ისევ აქტუალურია?

 

ამ კითხვებზე პასუხების საძიებლად, გიწვევთ ელინისტისა და მთარგმნელის, კავკასიის უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორის - თათია მთვარელიძის საჯარო ლექციაზე „თავისუფლების გაკვეთილები ძველი საბერძნეთიდან - მეამბოხე გმირები ძველ ბერძნულ დრამაში“.

 

მსურველები გთხოვთ დარეგისტრირდით მითითებულ ბმულზე.