საინფორმაციო შეხვედრა პრე-აქსელერატორი სამცხე-ჯავახეთში

9 ივლისი 2024

კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრი, USAID-ის, UNAG-ისა და GITA-თან თანამშრომლობით განახორციელებს პრე-აქსელერაციის პროგრამას სამცხე-ჯავახეთის რეგიონში.

 

9 ივლისს, 14:00 სთ-ზე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება სამცხე-ჯავახეთის პრე-აქსელერაციის პროგრამის საინფორმაციო შეხვედრა, სადაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ  პროგრამასთან დაკავშირებით მიიღონ დეტალური, ამომწურავი ინფორმაცია.

 

პრე-აქსელერატორის მთავარი მიზანი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრები სტარტაპერებისა და მეწარმეების დახმარებაა საკუთარი ბიზნეს იდეების განვითარებაში, იდეიდან და პროდუქტიდან დაწყებული საგრანტო პროექტის წარდგენით დამთავრებული. აღნიშნული მიზანი მიიღწევა ინტენსიური სამეწარმეო ტრენინგებისა და მენტორებთან დისტანციური მუშაობის პროცესის საშუალებით.

 

პროგრამის განმავლობაში, გუნდები იმუშავებენ თავიანთ ინოვაციურ იდეებზე, რის შედეგადაც მონაწილეები მზად იქნებიან წარდგნენ დემო დღეზე. გამარჯვებულ სტარტაპებს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო გადასცემს ფულად პრიზებს.  პროგრამის დასკვნით ნაწილში, თითოეული გუნდი შეძლებს მიიღოს კონსულტაციები GITA-ს 25 000 ლარიანი საგრანტო კონკურსის სააპლიკაციო პროცედურებთან დაკავშირებით და გააკეთოს განაცხადი გრანტის მოსაპოვებლად.

 

პრე-აქსელერატორი სამცხე-ჯავახეთში მიმდინარეობს USAID-ის პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNA Georgia) მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

 

ღონისძიება საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ინიციატივითა და მხარდაჭერით ხორციელდება.

 

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.