საჯარო ლექცია - ვატიკანისა და ათენის არქივებში მიკვლეული უცნობი ისტორიული წყაროები საქართველოს შესახებ

22 სექტემბერი 2025

22 სექტემბერს, 16:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, გიწვევთ თათია მთვარელიძის საჯარო ლექციაზე - „ვატიკანისა და ათენის არქივებში მიკვლეული უცნობი ისტორიული წყაროები საქართველოს შესახებ“.

 

ევროპის სხვადასხვა ქვეყნის არქივები დიდძალ მასალას ინახავს საქართველოს ისტორიული წარსულიდან. ეს დოკუმენტები თვალნათლივ წარმოაჩენს საქართველოს ევროპული ორიენტაციისა და მრავალსაუკუნოვანი ქართულ-ევროპული ურთიერთობების მდიდარ ტრადიციას.

 

საუკუნეთა განმავლობაში, საქართველოსთვის საბერძნეთი და შემდეგ რომი/ვატიკანი მთავარ კარიბჭეს წარმოადგენდა საერთო ევროპულ სივრცეში ისტორიულად კუთვნილი ადგილის განსამტკიცებლად. შესაბამისად, ქართულ-ევროპული ურთიერთობების ისტორიაში საქართველოს კავშირი ამ ორ ფუნდამენტურ ცივილიზაციურ სივრცესთან განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

 

საბერძნეთისა და ვატიკანის არქივებში დაცული ისტორიული წყაროები უნიკალურ ცნობებს ინახავს ჩვენი ქვეყნის წარსულის უმნიშვნელოვანესი ფურცლების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის, მათ შორის - ვატიკანის არქივებში არაერთ ქართველ და უცხოელ მეცნიერს უმუშავია საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე, აქ დაცული ათასობით ისტორიული წყარო აქამდე უცნობი და შეუსწავლელია. ამ მხრივ, თითქმის აუთვისებელ სივრცეს წარმოადგენს საბერძნეთის არქივები, რომლებში დაცული მასალების უდიდესი ნაწილიც დღემდე მიუკვლეველი და გამოუქვეყნებელია.

 

2025 წელს, კავკასიის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა თათია მთვარელიძემ ვატიკანის პროპაგანდა ფიდეს არქივში, რომის განთავისუფლების მუზეუმში, საბერძნეთის სახელმწიფო არქივსა და ათენის მცირე აზიის არქივში წარმოებული საარქივო კვლევის შედეგად, არაერთ აქამდე უცნობ და მნიშვნელოვან ისტორიულ წყაროს მიაკვლია.

 

მათ შორისაა:

 

  • დიდი ქართველი მოღვაწეების წერილები (სულხან-საბა ორბელიანი, დომენტი კათალიკოსი, მეფე ქაიხოსრო და სხვ.),
  • გეორგიევსკის ტრაქტატის აქამდე უცნობი ბერძნული თარგმანი,
  • XVIII-XX საუკუნეების საქართველოს ისტორიის ამსახველი ბერძნულენოვანი წყაროები და სხვა აქამდე უცნობი მასალები.

 

ლექციის მსვლელობისას, მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ვატიკანის, რომისა და ათენის არქივებში დაცულ აქამდე უცნობ, ჯერაც გამოუქვეყნებელ უნიკალურ დოკუმენტებს, რომლებიც ქართულ-ევროპულ ურთიერთობებს ახალი პერსპექტივით წარმოაჩენს.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია თანდართულ ბმულზე.