კავკასიის უნივერსიტეტის მესამე მისიის ტრენინგი

17 ივნისი 2022

 

13-14 ივნისს, ERASMUS+-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის - ,,უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ (Role of Universities in the Regional Development - RURD) ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში   უნივერსიტეტის მესამე მისიის LLL ტრენინგ კურსები ჩატარდა.

 

ტრენინგებს უძღვებოდა კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ასოცირებული პროფესორი, კვლევისა და მონაცემთა ანალიზის სამსახურის უფროსი მაცაცო ტეფნაძე. ტრენინგებში მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციულმა და აკადემიურმა პერსონალმა.

 

ტრენინგის თემატიკა მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა საუნივერსიტეტო სწავლებისა და კვლევის პროცესის გაფართოება უნივერსიტეტის მესამე მისიის კონტექსტში, აკადემიური ცოდნის და კვლევების კომერციალიზაცია, მესამე მისიის აქტივობების ეფექტურობის შეფასების მეთოდები და უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჩართულობის მნიშვნელობა ქვეყნის სოციალურ- ეკონომიკური და კულტურული განვითარების პროცესებში.  ტრენინგზე განიხილეს დაკავშირებულ მხარეთა (ბიზნესი, აკადემია, სამთავრობო სექტორის) ჩართულობის მექანიზმები, და დასახელდა ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებიც საფუძვლად უდევს ევროკავშირის ქვეყნებში უნივერსიტეტის მესამე მისიის პროექტებს, მათ შორის გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგი. 

 

RURD -ის პროექტის მიზანია ევროკავშირის პარტნიორებთან თანამშრომლობით საქართველოს რეგიონული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდა რეგიონების განვითარებაში, მათი მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მოდერნიზება, ასევე უნივერსიტეტებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება თითოეული რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით.

 

პროექტში ჩართულები არიან საქართველოს რეგიონული უნივერსიტეტები, მათ შორის კავკასიის უნივერსიტეტი, 4 ევროპელი პარტნიორი ესპანეთიდან, ავსტრიიდან, ჩეხეთიდან და ლიეტუვიდან, ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს.