სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn-ის მეხუთე ნაკადზე განაცხადების მიღება დაიწყო

24 მარტი 2025

თუ ხარ დამწყები ტექნოლოგიური სტარტაპი და მზად ხარ დაუთმო 10 კვირა საკუთარი იდეისა და გუნდის განვითარებას, კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრი იწყებს განაცხადების მიღებას სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა “CUnicorn” - ში (V ნაკადი), რომელიც მიზნად ისახავს ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარების ხელშეწყობას უნივერსიტეტში.

 

პროგრამის კულმინაციას წარმოადგენს დემო დღე, რომლის ფარგლებშიც პროგრამის მონაწილე სტარტაპები საკუთარი იდეების პრეზენტაციას ინდუსტრიის ექსპერტების, ინვესტორების, პოტენციური პარტნიორების და სტუმრების წინაშე წარადგენენ.

 

2025 წლის გაზაფხულის სემესტრის პრე-აქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება დღეიდან დაიწყო და გაგრძელდება 30 მარტის ჩათვლით.

 

პრე-აქსელერაციის პროგრამის მეხუთე ნაკადის გენერალური სპონსორია კომპანია ბაუმერი, რომელიც უკვე მე-12 წელია უზრუნველყოფს მექანიკური, ელექტრო და წყალგაყვანილობის საინჟინრო სისტემების პროექტირებას, ინსტალაციას და ექსპლუატაციის შემდგომ მომსახურებას.

 

სტარტაპ პრე-აქსელერატორში სტარტაპ გუნდების შერჩევა მოხდება წინასწარი განაცხადების საფუძველზე.

 

პროგრამაში მონაწილეობის მიღება უფასოა და შეუძლიათ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისგან, კურსდამთავრებულებისგან, ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისგან შემდგარ (მინიმუმ ერთი გუნდის წევრი), ადრეულ საფეხურზე მყოფ სტარტაპებს, რომლებიც ქმნიან ან ეფუძნებიან ტექნოლოგიებს და მზად აქვთ პირველადი პროტოტიპი (MVP) ან ჩამოყალიბებული სამოქმედო გეგმა მის შესაქმელად. უპირატესობა მიენიჭებათ ისეთ ინოვაციურ სტარტაპებს, რომლებიც გამოავლენენ გლობალურ ბაზარზე გასვლის პოტენციალს.

 

პრე-აქსელერაციის პროგრამა “CUnicorn” წარიმართება ჰიბრიდულ ფორმატში (ონლაინ და ფიზიკური შეხვედრები), მოიცავს 11 სამუშაო შეხვედრას (აპრილი 2025 - ივნისი 2025) და შედგება 5 ძირითადი კომპონენტისგან:

 

  1. თემატური სამუშაო სესიები
  2. ინდივიდუალური შეხვედრები მენტორებთან
  3. ნეთვორქინგი – P2P შეხვედრები, გამოცდილების გაზიარება, მოწვეული სპიკერები, ყოველკვირეული Stand-Up
  4. კავკასიის უნივერსიტეტის საერთო სამუშაო სივრცით სარგებლობა
  5. დემო დღე – მონაწილე სტარტაპები წარდგებიან ჟიურის წინაშე, სადაც საშუალება ექნებათ მოიპოვონ ფულადი პრიზები/და სხვა რესურსები გაზრდის და განვითარების მიზნით

 

პროგრამის მონაწილე სტარტაპები გაიღრმავებენ ცოდნას რამდენიმე მიმართულებით:

 

  • პროდუქტის განვითარება და ვალიდაცია
  • გუნდის შექმნა, განვითარება და მართვა
  • მომხმარებლის სეგმენტაცია
  • ღირებულების შეთავაზება
  • მარკეტინგი, ბრენდინგი, რეკლამა და გაყიდვები
  • Growth Marketing
  • MVP, ტექნიკური პროდუქტის შექმნა
  • ბიზნესმოდელი და ფინანსები
  • Pitch Deck და ფინანსური რესურსების მოზიდვა

 

პრე-აქსელერაციის პროგრამის დასრულების შემდეგ სტარტაპებს მზად ექნებათ:

 

  • ბიზნეს გეგმა/ბიზნესმოდელი
  • ფინანსური გეგმა
  • საკომუნიკაციო სტრატეგია
  • პროდუქტის პროტოტიპი ან მისი შესრულების ტექნიკური გეგმა
  • Pitch Deck
  • საინვესტიციო წინადადება დაფინანსების წყაროების მოსაძიებლად

 

მნიშვნელოვანი თარიღები:

 

  • 24 -30 მარტი – აპლიკაციების მიღება
  • 31 მარტი -2 აპრილი – აპლიკაციების გადარჩევა და შერჩეულ გუნდებთან გასაუბრება
  • 3 აპრილი -  CUnicorn Batch 5 - პრეზენტაცია 

 

პრე-აქსელერაციის პროგრამაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.