4 მარტს კავკასიის უნივერსიტეტსა და ICT ასოციაციას (ICTA) შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს განათლებისა და ტექნოლოგიური ინდუსტრიის დაახლოებას, ინოვაციური ეკოსისტემის გაძლიერებასა და სტუდენტებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.
პარტნიორობა ხელს შეუწყობს ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას, რაც დადებითად აისახება როგორც აკადემიურ, ასევე ტექნოლოგიურ სექტორზე.
თანამშრომლობის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტში იწყება ტრენინგების სერია, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით ცოდნის გაღრმავებას. აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს განათლებისა და ინდუსტრიის დაახლოებას, სტუდენტებისთვის პრაქტიკული უნარების განვითარებას და მათთვის თანამედროვე ტექნოლოგიურ გარემოში ინტეგრაციის შესაძლებლობების შექმნას.
მემორანდუმის გაფორმებას წინ უძღოდა პანელური დისკუსია განათლებასა და ინდუსტრიის მოთხოვნებს შორის არსებულ გამოწვევებზე, სადაც კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, ირენა მელუამ, ისაუბრა უნივერსიტეტში მიმდინარე ტექნოლოგიურ პროექტებსა და პროგრამებზე, ინდუსტრიასთან თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე და საგანმანათლებლო პროგრამებში და ინიციატივებში მათი აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობაზე. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებიც, რომლებმაც ხაზი გაუსვეს კერძო სექტორთან უფრო მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობის აუცილებლობას.
აღნიშნული დისკუსია გაიმართა ICTA-ს ყოველწლიური წევრების შეხვედრის ფარგლებში, სადაც ასოციაციის საბჭომ ასევე წარადგინა 2025 წლის მიზნები.