ბუქარესტის უნივერსიტეტის პროფესორის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

13 მაისი 2026

12 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტმა ბუქარესტის უნივერსიტეტის პროფესორს, რადუ კარპს უმასპინძლა.

 

ვიზიტის ფარგლებში, გამართულ სამუშაო შეხვედრას კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით ირენა მელუა, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი დავით ნატროშვილი,  ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორი, ჟან მონეს პროფესორი  გურანდა ჭელიძე და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი ქეთევან კარბაია.

 

მხარეებმა იმსჯელეს ჟან მონეს კათედრის "ევროკავშირი მშვიდობის, კეთილდღეობისა და უსაფრთოებისათვის" (EU-PPS) მიმდინარეობის შესახებ, განიხილეს კავკასიის უნივერსიტეტსა და ბუქარესტის უნივერსიტეტს შორის ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, ასევე Erasmus+ პროგრამის ფარგლებში სამომავლო პარტნიორობის შესაძლებლობები.

 

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კავკასიის უნივერსიტეტსა და რუმინეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის მრავალწლიან წარმატებულ თანამშრომლობაზე, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესის გაძლიერებაში და საერთაშორისო აკადემიური კავშირების განვითარებაში.