“მულტილინგვურობის კომპეტენცია - მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის საკვანძო კომპეტენცია”

2 ივლისი 2022

კავკასიის განათლების სკოლა დაწყებითი პედაგოგის მომზადების საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში, 2022 წლის 29 ივნისიდან 29 ივლისის პერიოდში ახორციელებს პროექტს - „საჯარო ლექციების ციკლი 2022 - დაწყებითი განათლება და მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის საკვანძო კომპეტენციები’’, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტის მესამე მისიის ფარგლებში ხორციელდება.

 

რიგით მესამე ლექცია, 5 ივლისს, 18:00 საათზე, ონლაინ ფორმატში ჩატარდება თემაზე: მულტილინგვურობის კომპეტენცია.

 

ლექციას წაიკითხავენ: კახა გაბუნია, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, მულტილინგვური განათლების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი; სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე.

 

მანანა კაპეტივაძე, ქ. ბაღდათის #2 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მენტორი მასწავლებელი, ბაღდათის ინოვაციების ცენტრის მენეჯერი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2018-ის გამარჯვებული.

 

საჯარო ლექციები განკუთვნილია ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასები) მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისათვის, პედაგოგიკით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის, პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის, სკოლის დირექტორებისა და დირექციის წარმომადგენლებისთვის, ასევე განათლების პოლიტიკით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის.

 

პროექტის მიზანია, დაწყებითი საფეხურის მომავალი მასწავლებლები და საგანმანათლებლო საზოგადოება დააფიქროს ადრეული ასაკიდან მოზარდებში მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის საკვანძო კომპეტენციების განვითარების მნიშვნელობაზე, ხელი შეუწყოს სამიზნე კომპეტენციების თემაზე სწორი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას და სწავლა-სწავლების ყოველდღიურ პროცესში მათი რეალიზების ოპტიმალური გზების მოძიებას.

 

კავკასიის განათლების სკოლამ ანალოგიური პროექტი განახორციელა 2020 და 2021 წელს: ციფრული წიგნიერება და დაწყებითი განათლების მასწავლებლის მომზადების გამოწვევები ახალ ქართულ რეალობაშიგანათლების გამოწვევები - საჯარო ლექციების ციკლი - 2021.

 

საჯარო ლექციების ციკლი 2022-ის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

 

მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია გაიარეთ ბმულზე.