ვორკშოპი - რა არის ლინ სტარტაპი?

10 ნოემბერი 2022

10 ნოემბერს, 14:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ვორკშოპი თემაზე - “შესავალი ლინ სტარტაპში“, რომელსაც წარუძღვება  ლინ სტარტაპის  პროგრამირების  და  აშშ-ის ეროვნული სამეცნიერო ფონდის (NSF) ინოვაციების კორპუსის (I-Corps) პროგრამირების დირექტორი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში (GW) ბობ სმიტი. ვორკშოპზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.  

 

ბობ სმიტი არის სერიული ანტრეპრენერი, რომელსაც აქვს 35+ წლიანი გამოცდილება ინოვაციებისა და მეწარმეობის სფეროში. მას ეკავა  უმაღლესი მენეჯერული თანამდებობები Congressional Quarterly-სა და America Online-ში (AOL) ბიზნესის განვითარების, მარკეტინგისა და ახალი პროდუქტების განვითარების მიმართულებით. ბობი ასევე ქვეყნის მასშტაბით იყო პირველი, რომელმაც დააფუძნა ქალაქის ონლაინ სახელმძღვანელო Digital City, სადაც იკავებდა აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას.  ბობი აშშ-ში იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც შექმნა სტარტაპ აქსელერატორი 2000 წელს.

 

გარდა ამისა, ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტში მუშაობისას, მან ასევე დააარსა ვირჯინიის ინოვაციების კომერციალიზაციის დახმარების პროგრამა (ICAP). პირველი სამი წლის განმავლობაში პროგრამამ შექმნა 14-ზე მეტი უნივერსიტეტისა და 10 რეგიონული აქსელერატორის ქსელი. დღეისათვის ICAP-მა გამოიმუშავა და ეკონომიკაზე მოახდინა 100 მილიონამდე დოლარის გავლენა, როდესაც პროგრამას ფუნქციონირებისათვის  მხოლოდ 2 მილიონი დოლარი სჭირდება.

 

GW-ის ინოვაციებისა და მეწარმეობის ოფისმა კონსულტაცია გაუწია 1500-ზე მეტ ფაკულტეტს, სტუდენტს და კვლევით გუნდს, შექმნა 350-ზე მეტი ახალი სტარტაპი და $1.04 მილიარდზე მეტი დაფინანსება განახორციელა.  

 

ღონისძიებაზე განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა: როგორ უნდა იფიქრონ ადრეულ ეტაპზე მეწარმეებმა?, კომერციალიზაციის პროცესის მიმოხილვა, მომხმარებლის აღმოჩენის მეთოდების და იდეის ბაზარზე გატანის საფუძვლები, როგორ უნდა მივუდგეთ სწორად ინვესტორებს და ა.შ..

 

შეხვედრა ტარდება „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების“ (UCBP) პროგრამის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეწარმეო კულტურის განვითარებას, ტექნოლოგიების კომერციალიზაციის პროცესის ხელშეწყობასა და უნივერსიტეტებს, ბიზნესსა და სამთავრობო სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას. პროგრამა ხორციელდება საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების ადმინისტრირებითა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

 

ბობ სმიტის შესახებ ვრცლად იხილეთ ბმულზე.

 

ვორქშოფზე დასწრების მსურველებმა რეგისტრაცია გაიარეთ ბმულზე.