8 მაისსს, 14:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი საერთაშორისო კვლევის ცენტრის“ ორგანიზებით, CU-ის ბიბლიოთეკაში გაიმართება საჯარო ლექცია და დისკუსია თემაზე - „ახალგაზრდები, როგორც ცვლილებების მნიშვნელოვანი აქტორები“.
აბსტრაქტი
ახალგაზრდობა საზოგადოების უმნიშვნელოვანეს ნაწილს და პროგრესისთვის განსაკუთრებულ ძალას წარმოადგენს. ახალგაზრდები ცვლილებებისა და განვითარების პროცესში არა მხოლოდ მონაწილეები შეიძლება იყვნენ, არამედ ხშირად თავად ხდებიან ტრანსფორმაციის ინიციატორები ნოვატორული იდეების, განსხვავებული ხედვებისა და საზოგადოებისთვის ახალი პერსპექტივების შეთავაზებით. შესაბამისად, ახალგაზრდების მხარდაჭერა გარდამტეხი პროცესების დროს სასიცოცხლოდ აუცილებელია, რათა მათ სრულად გააცნობიერონ საკუთარი როლი ტრანსფორმაციულ პროცესებში, მიიღონ ცვლილებების განხორციელებისთვის საჭირო ცოდნა და ჰქონდეთ რწმენა, რომ მათი ძალისხმევა რეალურ ცვლილებებად შეიძლება გადაითარგმნოს.
ამასთან, ხაზგასასმელია, რომ პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობა ნებისმიერი ტრანსფორმაციის განუყოფელი ნაწილია. არსებული კვლევების მიხედვით, ახალგაზრდობის მნიშვნელოვანი ნაწილი თავს ნაკლებად აღიქვამს ამ პროცესების აქტიურ მონაწილედ, რაც ისეთი ფაქტორებით აიხსნება, როგორიცაა პოლიტიკური ინტერესის ნაკლებობა, სხვა პრიორიტეტების არსებობა, პოლიტიკური ფიგურებისადმი უნდობლობა და სხვა. ამასთან, ერთ-ერთი ძირითადი დაბრკოლება მაინც დაბალი სამოქალაქო ცნობიერება, ასევე პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის მექანიზმების შესახებ არასაკმარისი ინფორმირებულობაა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია იმ მიზეზების კრიტიკული გააზრება, რომლებიც ხელს უშლის ახალგაზრდებს პოლიტიკურ ჩართულობაში და იმ მექანიზმებზე მსჯელობა, რომლებიც წაახალისებს ახალგაზრდების აქტიურ მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებში და შექმნის ცვლილებისთვის საფუძველს.
შესაბამის საკითხებზე საჯარო ლექციის ფარგლებში ისაუბრებს ებერტის ფონდის პროექტების მენეჯერი სალომე ალანია ფონდის ახალგაზრდული კვლევების საფუძველზე.
სპიკერი: სალომე ალანია, ებერტის ფონდის პროექტების მენეჯერი.
მოდერატორი: კესო ესებუა, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, „ეისითი გლობალის“ უფროსი მკვლევარი.
მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე.