ტაო–კლარჯეთის კულტურის ძეგლების საკვლევი ექსპედიციების ანგარიშების წარდგენა და ფოტოგამოფენა

17 ივნისი 2019

17 ივნისს, 19: 00 საათზე კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართება ტაო–კლარჯეთის კულტურის ძეგლების საკვლევი ექსპედიციების ანგარიშების წარდგენა და ფოტოგამოფენა.

 

ისტორიულ ტაო-კლარჯეთში ინტენსიური საკვლევი ექსპედიციები ტარდება 2012 წლიდან კავკასიის უნივერსიტეტის მიერ, საქართველოს კულტურისა და ტურისტული რესურსების კვლევის ცენტრის მონაწილეობით. კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში საზოგადოებას წარედგინება 2012-2013 წლებში ისტორიულ სამცხეში, 2016 და 2017 წლებში ისტორიულ ტაოში და 2018 წელს ისტორიულ სპერში განხორციელებული კვლევები. 2018 წელს ისტორიულ სპერში ექსპედიციები ჩატარდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2018 წელს გამოცხადებული სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო გამარჯვებული პროექტის – „თურქეთში მდებარე ქართული ისტორიული მხარეების, სპერის, ბაიბურთის და ლაზეთის ქართული მატერიალური კულტურის ძეგლების კატალოგი“ ფარგლებში. 2012, 2013, 2016 და 2017 წლებში ტაო-კლარჯეთის ექსპედიციები განხორციელდა კავკასიის უნივერსიტეტისა და საქართველოს კულტურისა და ტურისტული რესურსების კვლევის ცენტრის მიერ. ამ წლებში განხორციელდა 14 საკვლევი ექსპედიცია ისტორიულ სამცხეში, ტაოში და სპერში, რა დროსაც გადამოწმდა 750-მდე ისტორიული სოფელი და მისი შემოგარენი, დაფიქსირდა წერილობითი წყაროებიდან ცნობილი კულტურის 270-ზე მეტი ძეგლი, გარდა ამისა, გამოვლინდა 400-ზე მეტი კულტურის უცნობი ძეგლი, რომლებიც არ იყო მოხსენიებული ჩვენთვის ცნობილ წერილობით წყაროებში (მათ შორისაა ეკლესია-მონასტრები, საფორთიფიკაცო ნაგებობები, ლაპიდარული წარწერები და სხვა). აღსანიშნავია, რომ ექსპედიციებისას გამოვლინდა 21 უცნობი ქართული წარწერა (ლაპიდარული, ნაკაწრი, ფრესკული), აგრეთვე ოთხი ხელნაწერის ფრაგმენტი. მოხდა თითოეული ძეგლის ფოტოფიქსაცია, გაკეთდა ანაზომები და ანოტაციები, დადგინდა GPS კოორდინატები. ანგარიშების წარდგენაზე საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება მიიღოს დისკი, სადაც შესული იქნება 2012 წლიდან 2018 წლის ჩათვლით ისტორიულ ტაო-კლარჯეთში განხორციელებული ექსპედიციების ანგარიშების ელ. ვერსიები. გარდა ამისა, სტუმრებისთვის ხელმისაწვდომი იქნება 2018 წელს ისტორიულ სპერში განხორციელებული ექსპედიციების ანგარიში.

 

ექსპედიციების ანგარიშების წარდგენასთან ერთად გაიმართება ფოტოგამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება ამ წლების განმავლობაში მიკვლეული მნიშვნელოვანი ძეგლების ნაწილი.

 

წარმოდგენილი კვლევები დაეხმარება ისტორიკოსებს, ხელოვნების ისტორიკოსებს, ისტორიული გეოგრაფიის და პალეოგრაფიით დაინტერესებულ მკვლევრებსა და ზოგადად, ქართული კულტურით დაინტერესებულ პირებს.