CSL-ის პროფესორის ხათუნა ბურკაძის სტატია ხელოვნური ინტელექტის (AI) შესახებ “ფლეტჩერ ფორუმში” გამოქვეყნდა. პროფესორი ხათუნა ბურკაძე AI-ის სტრატეგიულ, ეთიკურ და სამართლებრივ ჩარჩოს იკვლევს. აღნიშნულ სტატიაში ის ყურადღებას ამახვილებს მომავალში ხელოვნური ინტელექტის სამართლის სუბიექტად მიჩნევის საკითხზე.
პროფესორი ხათუნა ბურკაძე აღნიშნავს: „ციფრული ერა სხვადასხვა სფეროში ტრადიციულ მიდგომებს ცვლის, ხელს უწყობს ინოვაციებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ეფექტიანობასა და დროულობას. ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა, დიდი მოცულობის მონაცემთა სწრაფი დამუშავების მეშვეობით, გადაწყვეტილების მიღების პროცესს ამარტივებს. გარდა ამისა, ეს ტექნოლოგიები კომუნიკაციისა და ოპერაციების განხორციელების უწყვეტობას განაპირობებენ, მათ შორის კრიზისების დროსაც. ამ კონტექსტში, ხელოვნური ინტელექტი (AI) ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს, რომელსაც შეუძლია საკვანძო სფეროების ციფრული გარდაქმნა დააჩქაროს”.
„ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოკვეთასთან ერთად აუცილებელია თანმდევი გამოწვევების განსაზღვრა. რისკების დაძლევა კი მოითხოვს სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ მკაფიო წესების შემუშავებას, თუ ხელოვნური ინტელექტის სისტემები ზიანს გამოიწვევენ. ამ ფაქტორმა შეიძლება AI-ის სამართალსუბიექტურობის საკითხის განსაზღვრა განაპირობოს. ხელოვნური ინტელექტი შესაძლოა გახდეს თანამედროვე ციფრული იურიდიული პირი, ელექტრონული პირის კომპონენტების გათვალისწინებით. სახელმწიფო მიანიჭებს მას იურიდიულ სტატუსს გარკვეული შეზღუდვების საფუძველზე, რათა დაიცვას ფიზიკური პირის კანონიერი ინტერესები, განსაკუთრებით შრომითი უფლებების თვალსაზრისით, და ამავდროულად, ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლობის ფარგლები უნდა განისაზღვროს მისი სპეციფიკური მახასიათებლების მიხედვით“, - განაცხადა პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ.
პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები და გამოწვევები გაანალიზა პროფესორ მაია მელიქიძესთან ერთად ენერგეტიკის სტრატეგიული სფეროს შერჩევის საფუძველზე.
სტატიის ბმული.