საქართველოში „ევროპული საჯარო სამართლის ორგანიზაცია“ (EPLO) დაარსდა

13 აგვისტო 2020

13 აგვისტოს, იუსტიციის სამინისტროში გაფორმდა მემორანდუმი, რომლის თანახმადაც, საქართველოში „ევროპული საჯარო სამართლის ორგანიზაციის“ (EPLO) სამხრეთ კავკასიის ფილიალი დაარსდა.

 

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში დაფუძნდა „ევროპული საჯარო სამართლის ორგანიზაციის“ სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობა და შეთანხმების მიღწევის პროცესში დიდი წვლილი შეიტანა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ, რომელიც აქტიურად იყო ჩართული აღნიშნულ პროექტში.

 

„ევროპული საჯარო სამართლის ორგანიზაცია“ (EPLO) საერთაშორისო ორგანიზაციაა და მისი მიზანი საჯარო სამართლისა და მმართველობის მეშვეობით ევროპული ღირებულებების გავრცელებაა. „EPLO“-ს სამხრეთ კავკასიის რეგიონული წარმომადგენლობა უზრუნველყოფს ამ სფეროში საგანმანათლებლო, კვლევითი სამუშაოებისა და საერთაშორისო ტრენინგების ჩატარებას. გარდა ზოგადსაგანმანათლებლო, კვლევითი, სასწავლო და საერთაშორისო თანამშრომლობის ღონისძიებებისა, „EPLO“ თბილისში ევროპული სამართლისა და მმართველობის სკოლას (ELGS) დააფუძნებს, უხელმძღვანელებს და განახორციელებს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე „EPLO“-ს სასწავლო, საგანმანათლებლო, სამეცნიერო და ანალიტიკურ პროექტებს.

 

„EPLO“-ს რეგიონულ ფილიალს საქართველოში ექნება წვდომა „EPLO“-ს ყველა სამეცნიერო პუბლიკაციასა და საგანმანათლებლო რესურსზე. „EPLO“-ს სამხრეთ კავკასიის რეგიონული ფილიალი თანამედროვე სამეცნიერო დისკუსიების მეშვეობითა და საუკეთესო ინტელექტუალური რესურსების გაერთიანებით, ხელს შეუწყობს აღნიშნულ საკითხებზე ცოდნის გაღრმავებას და ამ პროცესში ევროპული სამართლის საუკეთესო გამოცდილებების გაზიარებას.