ონლაინ საინფორმაციო შეხვედრები პროექტ E-PSY-ის ფარგლებში

1 დეკემბერი 2021

29-30 ნოემბერსა და 1 დეკემბერს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ERASMUS + CBHE ინსტიტუციური განვითარების პროექტისფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების გახსნა სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (E-PSY)" ფარგლებში რუმინეთის ტრანსილვანიის ბრასოვის უნივერსიტეტმა უმასპინძლა ონლაინ საინფორმაციო შეხვედრებს.

 

ტრანსილვანიის ბრასოვის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა სამდღიანი შეხვედრების ფარგლებში საუკეთესო პრაქტიკა გაუზიარეს E-PSY-ის პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს უნივერსიტეტში არსებული  ფსიქოლოგიური კონსულტაციის, აკადემიური და კარიერული მხარდაჭერის ერთეულების სტრუქტურისა და სამუშაო სტრატეგიებთან დაკავშირებით. მათ შორის, შეხვედრებზე დეტალურად განიხილეს შესაბამისი ინფრასტრუქტურის საჭიროებები, სტუდენტთა ემოციური კეთილდღეობისა და აკადემიური წინსვლის ხელშემწყობი და ხელისმშემშლელი ფაქტორების მართვა და არსებულ სერვისებში მათი ჩართვის გზები.  

კავკასიის უნივერსიტეტიდან საინფორმაციო შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორმა ირენა მელუამ, კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანმა დავით ნატროშვილმა და კავკასიის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა რუსუდან ზაალიშვილმა 

პროექტის მიზანია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მათ შორის კავკასიის უნივერსიტეტში, სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების ჩამოყალიბება და გადაწყვეტილების მიმღები პირებისათვის (საქართველოს ხელისუფლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლების) ოფიციალური დოკუმენტების განვითარება, რომ საზოგადოებას აუმაღლდეს ცნობიერება მენტალური ჯანმრთელობის შესახებ და ყურადღება გამახვილდეს ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის მნიშვნელობაზე.