20 მაისს, თენგიზ ვერულავას წიგნის „ჯანდაცვის ეკონომიკა“ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი საუნივერსიტეტო საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია.
წიგნის პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ავტორმა თენგიზ ვერულავამ.
ცივილიზებული ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. მთავარი ამოცანა კი იმაში მდგომარეობს, თუ რა მოცულობის ეროვნული შემოსავლის გამოყოფა შეგვიძლია ჯანდაცვისთვის და როგორ გავანაწილოთ ეს რესურსები ეფექტურად, შეზღუდული შესაძლებლობების პირობებში.
ეკონომიკა მეცნიერებაა, რომელიც დეფიციტისა და შეზღუდული რესურსების მართვის საკითხებს სწავლობს. მისი ფუნდამენტური პრობლემა არჩევანის გაკეთებაა. ეკონომიკა სამი ძირითადი კითხვით არის დაკავებული: რა ვაწარმოოთ? როგორ ვაწარმოოთ? და ვისთვის ვაწარმოოთ? ეს საკითხები განსაკუთრებით აქტუალურია ჯანდაცვის სექტორისთვის, რადგან სწორედ შეზღუდული რესურსების პირობებში უნდა მოხდეს სამედიცინო მომსახურების რაციონალური განაწილება და მოსახლეობის მოთხოვნების მაქსიმალური დაკმაყოფილება.
ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა ჯანდაცვის ეკონომიკის, როგორც დისციპლინის მნიშვნელობა. ჯანდაცვის სისტემის მმართველი წრეები მრავალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ, მათ შორის, რესტრუქტურიზაციის აუცილებლობა და სამედიცინო მომსახურების პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა.
ჯანდაცვის ეკონომიკა მოიცავს როგორც მაკროეკონომიკურ, ასევე მიკროეკონომიკურ საკითხებს. იგი წარმოადგენს სტრატეგიული და ტაქტიკური მოქმედებების ძირითად მიმართულებას, რომელიც მოიცავს: ჯანდაცვის ხარჯები, სამედიცინო მომსახურების მოთხოვნა და მიწოდება, ჯანდაცვის სერვისების ელასტიკურობა, ჯანმრთელობის დაზღვევის ეკონომიკა, სოციალური ჯანმრთელობის დაზღვევის ეკონომიკა, სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მეთოდები, სამედიცინო მომსახურების ეკონომიკური შეფასების მეთოდები, საბაზრო ურთიერთობების თავისებურებები ჯანდაცვის სექტორში, ფასწარმოქმნა ჯანდაცვის სექტორში, სახელმწიფოს როლი ჯანდაცვის სექტორში და მისი ეკონომიკური დასაბუთება.
ეს საკითხები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სისტემის მენეჯერებისა და ყველა იმ პროფესიონალისთვის, ვინც ჯანდაცვის სფეროში მუშაობს. სწორედ ამ თემების კვლევას ეძღვნება ჯანდაცვის ეკონომიკა.
ცხადია, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის წინაშე არსებული ამოცანების წარმატებით გადაჭრა შეუძლებელია მაღალკვალიფიციური კადრების გარეშე. სამწუხაროდ, ამ მხრივ საქართველოში ჯერ კიდევ შესამჩნევია შესაბამისი სასწავლო და მეთოდური ლიტერატურის დეფიციტი.
წიგნის მიზანია საქართველოს ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარი პრობლემების გამოვლენა საერთაშორისო გამოცდილებისა და ტენდენციების გათვალისწინებით და მათი გადაწყვეტის გზების დასახვა.
წიგნი განკუთვნილია ჯანდაცვის პოლიტიკის, ჯანდაცვის ადმინისტრირებისა და ჯანდაცვის ეკონომიკის, ჯანდაცვის სოციოლოგიის სპეციალისტებისათვის, ასევე ჯანდაცვის საკითხებით დაინტერესებული ფართო მკითხველისათვის.
ჯანდაცვის პოლიტიკის ინსტიტუტი, კავკასიის უნივერსიტეტი.