კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორმა მაქსიმ იავიჩმა, მიჩიგანის უნივერსიტეტში ჩატარებულ კონფერენციაზე - Quantum Information Technology Workshop (QITW 2025) წარადგინა კვლევა -"პოსტკვანტური ციფრული ხელმოწერები Verkle ხეების გამოყენებით შეზღუდული მეხსიერების პირობებში" - "Post-Quantum Digital Signatures in Memory-Constrained Environments Using Verkle Trees".
ვორკშოპი წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას თეორიული კვანტური მექანიკისა და პრაქტიკული აპლიკაციების შესახებ კვლევების საწარმოებლად.
კონფერენციაზე მონაწილეობა მიიღეს და თავიანთი კვლევები წარადგინეს მსოფლიოს წამყვანმა ინსტიტუციებმა როგორიცაა: NASA, Quantum Research Institute, University of Michigan, Fermilab, NIST, Honeywell, Jet Propulsion Laboratory, University of Washington, University of California, Hewlett Packard Labs, Vector Atomic და მრავალი სხვა.
აღნიშნული ვორკშოპი არის ერთ-ერთი მთავარი გლობალური ღონისძიება, რომელიც ორიენტირებულია კვანტურ საინფორმაციო ტექნოლოგიებზე. ის ხელს უწყობს ინტერდისციპლინურ დიალოგს და მიზნად ისახავს ფუნდამენტურ კვანტურ კვლევასა და ინდუსტრიული დონის აპლიკაციებს შორის არსებული ხარვეზების აღმოფხვრას.
კვანტურად-გაუმჯობესებული კომუნიკაციების, მასალების და გამოთვლების კვლევების გარდა, დისკუსიები შეეხო პოსტკვანტური კრიპტოგრაფიის მომავალს. კონფერენციაზე განსაკუთრებით ხაზი გაესვა კვანტური მომავლისთვის მომზადების მნიშვნელობას, სადაც კვანტური გამოთვლითი საფრთხეებისგან მონაცემთა დაცვა უმთავრესი საკითხი იქნება.
კავკასიის უნივერსიტეტის მონაწილეობა ასეთ გავლენიან და მასშტაბურ ღონისძიებაში მიანიშნებს მის მზარდ როლზე და ლიდერობაზე გლობალურ კვანტურ კვლევით საზოგადოებაში. ეს არის გადამწყვეტი მომენტი უნივერსიტეტისთვის კვანტური კრიპტოგრაფიული კვლევების განვითარებისა და პოსტკვანტურ ეპოქაში უსაფრთხო სისტემების შემუშავებაში წვლილის შეტანის საქმეში.