კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრი იწყებს მასშტაბურ სტარტაპ ინკუბატორის პროგრამას საქართველოს ყველა ტექნოპარკში!
ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ორგანიზებული პროექტის ფარგლებში, 2025 წლის მაისიდან დეკემბრის ჩათვლით განახორციელებს „ტექნოპარკების სტარტაპ ინკუბატორს“ — უნიკალურ, 6-თვიან ინკუბაციის პროგრამას, რომელიც ერთდროულად განხორციელდება GITA-ს 9 ტექნოპარკში: თბილისი, ახმეტა, თელავი, გურჯაანი, კასპი, ზუგდიდი, სენაკი, ოზურგეთი, ბათუმი.
პროგრამის ფარგლებში:
- ჯამში გადამზადდება 36 სტარტაპი, რომლებიც იმყოფებიან MVP/პროტოტიპის ეტაპზე და მზად არიან პროდუქტით ბაზარზე გასასვლელად;
- მონაწილეები მიიღებენ პროფესიულ მხარდაჭერას მენტორების, დარგის ექსპერტების და ტრენერებისგან – როგორც პირისპირ, ისე ონლაინ ფორმატში;
- პროგრამა მოიცავს ლექციებს, პრაქტიკულ სესიებს, მენტორინგსა და კონსულტაციებს, რომლებიც ხელს შეუწყობს სტარტაპების იდეის, MVP-ის და ზრდის სტრატეგიის ჩამოყალიბებას;
- პროექტის დასრულებისას თბილისში გაიმართება დემო დღე, სადაც საუკეთესო სტარტაპები წარდგენენ თავიანთ ინოვაციურ იდეებს ინვესტორებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების წინაშე.
ეს არის ერთ-ერთი მასშტაბური ინკუბატორი საქართველოში, რომელიც რეგიონულ დონეზე აერთიანებს სტარტაპებს, ხელს უწყობს მათ ზრდასა და ტექნოლოგიური სამეწარმეო ეკოსისტემის გაძლიერებას.