კავკასიის ბიზნესის სკოლის კვლევითი ცენტრის დირექტორის, პროფესორ ერეკლე პირველის ხელმძღვანელობით შედგენილმა პროექტმა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2024 წლის ფუნდამენტურ მეცნიერებათა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსში გაიმარჯვა.
კონკურსში დარეგისტრირდა 528 საპროექტო განაცხადი, რომელთა შეფასება ევროპის სამეცნიერო ფონდის (European Science Foundation – Science Connect, ESF-SC) მიერ განხორციელდა. დასაფინანსებლად შეირჩა 111 პროექტი.
პროექტის სახელწოდება: „გენდერული თანასწორობა და კორპორაციული მდგრადობა ქართული კომპანიების ზედა ეშელონებში“
წარმოდგენილი კვლევითი პროექტი შეისწავლის ქართული კომპანიების ზედა მენეჯმენტში არსებული გენდერული მრავალფეროვნების გავლენას კომპანიების გარემოსდაცვითი მდგრადობის შედეგებზე. ზრუნვის ეთიკისა და გენდერული სოციალური როლის თეორიებზე დაყრდნობით, წინარე ლიტერატურა აჩვენებს, რომ მმართველობით საბჭოში ქალების ჩართულობა, მათი მზრუნველობითი მიდრეკილებიდან გამომდინარე, დადებითად აისახება კორპორაციული მდგრადობის დღის წესრიგზე. მოწინავე ანალიტიკური და მონაცემთა შეგროვების ტექნიკების გამოყენებითა (Python, Stata და ScrapeStorm) და სტრუქტურული განტოლების მოდელირების ინსტრუმენტის შემოღებით, ეს პროექტი გაანალიზებს ქართული ფასიანი ქაღალდების ემიტენტი კომპანიების მონაცემებს 2017 წლიდან 2026 წლამდე პერიოდში. პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს: ა) აკადემიური დისკურსის გამდიდრებას კორპორაციული ფინანსების, მდგრადობის, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისა და გენდერული მენეჯმენტის ჭრილში; ბ) დიალოგის გააქტიურებას აკადემიურ წრეებს, მთავრობის წარმომადგენლებს, ინდუსტრიის წარმომადგენლებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და გარემოსდაცვით ორგანიზაციებს შორის; და გ) აკადემიური შესაძლებლობების გაძლიერებას მიზნობრივი ტრენინგისა და ცოდნის გადაცემის გზით.
ბიუჯეტი: 180 000 ლარი;
ხანგრძლივობა: 3 წელი;
შეფასება: 45 ქულა (50-დან).
გუნდის შემადგენლობა:
- პროფ. შუმაილა იუზაფზაი, გენდერის ექსპერტი; ნაზარბაევის უნივერსიტეტი, ყაზახეთი;
- პროფ. ერეკლე პირველი, ფინანსებისა და მდგრადობის ექსპერტი; კავკასიის უნივერსიტეტი, საქართველო;
- ბ-ნი პოლ თომფსონი, მდგრადი რეპორტინგის ექსპერტი, მსოფლიო ბანკის კონსულტანტი;
- ახალგაზრდა მეცნიერები: ასისტ. პროფ. თამარ კარბაია და ასისტ. პროფ. ანა ელიზაროვა, კავკასიის უნივერსიტეტი, საქართველო.