რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა პროფესორ თენგიზ ვერულავას მონოგრაფია გამოსცა

26 მარტი 2021

რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდმა კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის ფაკულტეტის პროფესორის, მედიცინის დოქტორის თენგიზ ვერულავას მონოგრაფია „პირველადი ჯანდაცვის სისტემა და მისი როლი ჯანმრთელობის კაპიტალის ამაღლებაში“ გამოსცა.

 

მონოგრაფია გამოიცა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის ფარგლებში (გრანტი FR1 7_1 01) ფინანსური მხარდაჭერით. იგი წარმოადგენს 2017-2020 წლებში განხორციელებული სამეცნიერო პროექტის საბოლოო შედეგს.

 

მონოგრაფიაში კომპლექსურად არის შესწავლილი პირველადი ჯანდაცვის სისტემა საქართველოში, მისი როლი ჯანმრთელობის კაპიტალის ფორმირებაში. გამოვლენილია ყველა ის ძირითადი პრობლემა, რომელსაც ადგილი აქვს საქართველოში პირველადი ჯანდაცვის ფუნქციონირების პროცესში და განსაზღვრულია თუ რა არის საჭირო მისი განვითარებისა და ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის.

 

მონოგრაფიაში  წარმოდგენილი ემპირიული მონაცემები ეფუძნება როგორც დღემდე არსებულ ყველა გამოქვეყნებულ წყაროს, ასევე - საველე პირობებში მოპოვებულ მასალას, რომელთა დიდი ნაწილი პირველად ქვეყნდება წინამდებარე მონოგრაფიის ფარგლებში.

 

ანოტაცია

 

მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამაღლებაზე დიდ გავლენას ახდენს ქვეყანაში პირველადი ჯანდაცვის სისტემის განვითარების დონე. ქვეყნები, სადაც სამედიცინო მომსახურების ორგანიზაცია პირველადი ჯანდაცვის მოდელზეა ორიენტირებული, ხასიათდებიან ჯანმრთელობის უკეთესი მაჩვენებლებით, კერძოდ, მაღალია სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, მცირდება სხვადასხვა მიზეზით (გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, სიმსივნე) სიკვდილიანობა, მცირდება ბავშვთა სიკვდილიანობა. მნიშვნელოვანია, რომ ჯანმრთელობის უკეთესი მაჩვენებლები მიიღწევა დაბალი ხარჯებით. აღნიშნული განპირობებულია იმ გარემოებით, რომ პირველადი ჯანდაცვა გულისხმობს პრევენციულ სერვისებს, რომელიც ხელს უწყობს დაავადებათა ადრეულ დიაგნოსტირებასა და მკურნალობას.

 

პირველადი ჯანდაცვა განაპირობებს ჯანმრთელობის გაუმჯობესებას ყოვლისმომცველი, კოორდინირებული და უწყვეტი სამედიცინო მომსახურების გაწევის მეშვეობით. პირველადი ჯანდაცვა ერთგვარი „მეკარიბჭეა“ ჯანდაცვის სისტემაში, რომლის მეშვეობით ხდება დაავადების პირველადი შეფასება, პაციენტზე წარმოებს მიმდინარე და უწყვეტი სამედიცინო მეთვალყურეობა. შედეგად, ექიმმა კარგად იცის თუ როგორ ჩამოუყალიბდა კონკრეტულ პაციენტს დაავადება, როგორ მიმდინარეობს იგი. ასეთი ცოდნა კი მას საშუალებას აძლევს მართოს დაავადება.  ჯანდაცვის რთული სისტემაში, სადაც პაციენტს უძნელდება მისთვის საჭირო სამედიცინო სერვისების განსაზღვრა, ოჯახის ექიმი ეხმარება მას სამედიცინო მომსახურების სწორად შერჩევაში და გვევლინება როგორც მისი მეგზური. მაღალხარისხიანი პირველადი ჯანდაცვა განაპირობებს უფრო ეფექტურ მეორეულ და მესამეულ ჯანდაცვას.

 

ამგვარად, ეფექტური პირველადი ჯანდაცვის სისტემა ხელს უწყობს ადამიანის ჯანმრთელობას. თავის მხრივ, ჯანმრთელობა საინვესტიციო საქონელია, რომელიც ადამიანს მუშაობის და შესაბამისად, შემოსავლების გამომუშავების საშუალებას აძლევს. შეიძლება ითქვას, რომ ჯანმრთელობის კაპიტალს აქვს როგორც ინდივიდუალური, ასევე საზოგადოებრივი მნიშვნელობა, რადგანაც ჯანმრთელობას სარგებელი აქვს როგორც ადამიანისათვის, ასევე საზოგადოებისათვის. ჯანმრთელობის კაპიტალს უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება ვიდრე სხვა საქონელს და მომსახურებას.

 

იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანური კაპიტალი გულისხმობს ადამიანში ინვესტიციების ერთობლიობას, რომლებიც ამაღლებენ მის შრომისუნარიანობას, პროდუქტიულობას, პირველადი ჯანდაცვა შეგვიძლია განვიხილოთ როგორც ადამიანური კაპიტალის შექმნის და შესაბამისად, მოსახლეობის ჯანმრთელობის ამაღლების ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი.

 

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად,  პირველადი ჯანდაცვა ეფუძნება საოჯახო მედიცინის პრონციპებს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის დამკვიდრებისა და არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის პროგრამების განხორციელებას. საქართველოში პირველადი ჯანდაცვის სისტემის რეფორმირება 1995 წლიდან დაიწყო. თუმცა, ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ საქართველოში პირველადი ჯანდაცვის სისტემა ვერ განვითარდა იმ სტანდარტებით, რაც უკვე რამდენიმე ათეული წელიწადია არსებობს ბევრ ქვეყნებში. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ამბულატორიულ სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვათა რაოდენობა ერთ სულ მოსახლეზე 3.6-ს შეადგენს (ევროპის ქვეყნებში 7.5-მდე აღწევს). აღნიშნული განპირობებულია იმ გარემოებით, რომ პაციენტებს ნაკლები მოტივაცია აქვთ პრევენციის მიზნით მიმართონ პირველადი ჯანდაცვის ექიმს და მხოლოდ დაავადების გამწვავების დროს ცდილობენ ჩაიტარონ სამედიცინო მომსახურება. პაციენტები უპირატესობას ანიჭებენ ჰოსპიტალურ მომსახურებას. კვლევები ცხადყოფენ, რომ პაციენტები პირველადი ჯანდაცვის რგოლის გვერდის ავლით, ექიმის დანიშნულების გარეშე ყიდულობენ მედიკამენტებს და ეწევიან თვითმკურნალობას. შედეგად, ჯანდაცვის მთლიან დანახარჯებში მედიკამენტების ხარჯების წილი 40%-ს აღწევს, მაშინ როდესაც ევროპის ქვეყნებში იგი 10-15%-ს შეადგენს.

 

ცხადია, პირველადი ჯანდაცვის სისტემის დაბალი განვითარება უარყოფითად აისახება ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის მაჩვენებლებზე, მათ შრომისუნარიანობაზე, შემოსავლების მიღების შესაძლებლობაზე. აღნიშნული განიხილება, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დანაკარგები, რომლებიც იწვევენ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზარალს. რაც განსაკუთრებით აქტუალურია ისეთი გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა.

 

ყოველივე ზემოთაღნიშნული მიუთითებს იმ მნიშვნელობაზე, რომელიც პირველად ჯანდაცვის სისტემას გააჩნია მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამაღლებაში, ასევე მის აქტუალობაზე, ნებისმიერი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით საქართველოსათვის, სადაც მოსახლეობის სოციალური ფონი საკმაოდ დაბალია. ამ მხრივ, ჯანმრთელობის გაუმჯობესება შეიძლება განვიხილოთ, როგორც შემოსავლების გაზრდის საშუალება.

 

წიგნში განხილულია პირველადი ჯანდაცვის არსი, მიზნები და ფუნქციები, პირველადი ჯანდაცვის როლი ჯანმრთელობის კაპიტალის და შესაბამისად ეკონომიკურ ზრდაში, პირველადი ჯანდაცვის რეფორმები საქართველოში, პირველად ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯები, ოჯახის ექიმის როგორც მეკარიბჭის როლი, ოჯახის ექიმთან მიმართვიანობა, ოჯახის ექიმის მიმართ ნდობა, ოჯახის ექიმის მიმართ პაციენტის კმაყოფილება, სამედიცინო პერსონალის შრომის ანაზღაურების საკითხები, პირველადი ჯანდაცვის დაფინანსების ესტონეთის გამოცდილება, პირველადი ჯანდაცვის სისტემის დეცენტრალიზაცია, პირველადი ჯანდაცვის ორგანიზაციული ფორმების განსაზღვრა , პირველადი ჯანდაცვის მესაკუთრეობის ფორმები, პირველადი ჯანდაცვის მომსახურების მიმწოდებელი ადამიანური რესურსების განვითარება, პირველადი ჯანდაცვის სისტემის ფიზიკური ინფრასტრუქტურის პრობლემები, პირველადი ჯანდაცვის მართვის საინფორმაციო სისტემები განვითარება, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების რაოდენობისა და მდებარეობის განსაზღვრა, პირველადი ჯანდაცვაში ვერტიკალური სახელმწიფო პროგრამების ინტეგრირება, კანადის პირველადი ჯანდაცვის შეფასების ინდიკატორები.