კავკასიის უნივერსიტეტი ევროკავშირის ერაზმუს + 2021 წლის კონკურსის გამარჯვებულია

17 ნოემბერი 2021

კავკასიის უნივერსიტეტმა გაიმარჯვა ევროკავშირის ერაზმუს + 2021 წლის კონკურსში  - ევროკავშირის კვლევების წამყვანი ცენტრები (Centers of Excellence).

 

კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის მიერ შემუშავებული პროექტის სახელწოდებაა - ევროკავშირის კვლევების წამყვანი ცენტრი ევროკავშირის კანონმდებლობის ტრანსპოზიციისთვის (Jean Monnet Center of Excellence for EU Policy Transposition, EUPOLTRANS). 

 

აღსანიშნავია,  რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოში დაფინანსდა ევროკავშირის კვლევების წამყვანი ცენტრი (Center of Excellence). ეს ფაქტი უმმნიშვნელოვანესია საქართველოში ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისთვის და ამ პროცესში აკადემიური სექტორის ჩართულობის ინტენსიფიკაციისთვის. 

 

CoE EUPOLTRANS მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სწავლებას, კვლევას და დისკუსიას ევროკავშირის ექვსი საკანონმდებლო სფეროს შესახებ - გარემო, მომხმარებელთა დაცვა, კონკურენციის პოლიტიკა, შრომა, საჯარო ადმინისტრირება და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, რომლებიც მოცემულია საქართველო-ევროკავშირის AA/DCFTA-ის შეთანხმებაში და მათი ტრანსპოზიცია იგეგმება 2021-2024 წლებში. 

 

პროექტს ექნება სასწავლო, კვლევითი და პოლიტიკის დებატებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომპონენტი.

 

პროექტი განხორციელდება კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის, სამართლის სკოლისა და ბიზნესის სკოლის აკადემიური პერსონალის ჩართულობით. პროექტის სასწავლო და კვლევითი პროდუქტი ხელმისაწვდომი იქნება ევროკავშირის საკითხებზე მომუშავე ყველა ფაკულტეტისთვის.