სასწავლო კურსი სახელმწიფო მართვის სკოლაში

1 ნოემბერი 2019

კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლაში (CSG) დასრულდა  სასწავლო კურსი "ევროპული ინტეგრაცია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების კონტექსტში"  სალექციო ეტაპი.  კურსს უძღვებოდნენ ევროპის ინსტიტუტის აკადემიური პერსონალი და მკვლევარები: ტობიას ბაუმგარტნერი, კორინ რებერი, მაიკლ მეიერი, ანტუან შნეგი და ნადია ვიაზანკინა. სალექციო ეტაპი გრძელდებოდა ინტენსიურ რეჟიმში, 4 კვირის განმავლობაში. კურსის ყველა ეტაპის გავლის შედეგად სტუდენტები მიიღებენ სრულ 5 კრედიტს.

 

კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის (CSG) ჟან მონეს კათედრასა (Jean Monnet Chair) და ციურიხის უნივერსიტეტის ევროპის ინსტიტუტს შორის თანამშრომლობით, 2019 წლის შემოდგომის სემესტრში კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის შეთავაზებული იყო სასწავლო კურსი "ევროპული ინტეგრაცია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების კონტექსტში" (European Integration in the context of EU – Georgia Association Agreement).

 

სახელმწიფო მართვის სკოლასთან თანამშრომლობით კურსი შეიმუშავა ციურიხის უნივერსიტეტის პროფესორმა, ევროპის ინსტიტუტის დირექტორმა, ანდრეას კალერჰალსმა. კურსი ეძღვნებოდა ევროკავშირში ინტეგრაციის აქტუალურ პროცესებს, ტენდენციებს და მიმართულებებს. კურსის ფარგლებში ევროპის ინსტიტუტის ლექტორებმა გააშუქეს  სექტორული პოლიტიკის ისეთი აქტუალური მიმართულებები, როგორიცაა ევროკავშირის ციფრული პოლიტიკა და  ევროკავშირის ბიზნეს სამართალი. ასევე, მოიცვეს შემდეგი თემები: ევროკავშირში ინტეგრაცია და ინტეგრაციის სხვადასხვა ფორმატები, ინტეგრაციის ისტორია და ევროპული ფასეულობები, საგარეო ურთიერთობები და სექტორული პოლიტიკები.