5-18 ივლისს, ზემო იმერეთში კავკასიის უნივერსიტეტის არქეოლოგიური ექსპედიცია ჩატარდა. ექსპედიციას ხელმძღვანელობდა კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი ზურაბ ბრაგვაძე. ექსპედიციაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ისტორიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა.
ექსპედიციის ფარგლებში შეისწავლეს 250 კვ.მეტრი ტერიტორია და გამოვლინდა კარგად სტრატიფიცირებული ნამოსახლარები. არქეოლოგების შეფასებით, ნამოსახლარების ქრონოლოგიური დიაპაზონი საკმაოდ ფართოა და მოიცავს პერიოდს ძვ.წ. მერვე საუკუნიდან-ახ.წ. მერვე საუკუნის ჩათვლით. მნიშვნელოვანი იყო წინარე ანტიკური ხანის დასახლებისა (ძვწ, 8-7 საუკუნეები) და გვიანანტიკური ხანის (ახ.წ. 4 საუკუნე) ნამოსახლარების გამოვლენა. აღსანიშნავია, რომ ზემო იმერეთში ეს არის გვიანანტიკური ხანის ნამოსახლარის აღმოჩენის პირველი შემთხვევა. ექსპედიციის დროს აღმოჩენილ იქნა სვერის ციხის თანადროული, მერვე საუკუნის, სათვალთვალო კოშკი.
აღნიშნულ ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები მომავალშიც გაგრძელდება.