კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტებმა მესამე კურსი რობოტების შექმნით დაასრულეს. ელექტრონიკის პრაქტიკული კურსის ფარგლებში სტუდენტებს რეალური პროექტები უნდა შეექმნათ. ჩამოყალიბდა 5 ჯგუფი, რომელიც 3 სტუდენტისგან დაკომპლექტდა. მათ სხვადასხვა დანიშნულების რობოტები ააწყვეს და სახელები დაარქვეს.
განვიხილოთ თითოეული მათგანი:
- "Line Tracking Mouse"-ეს არის პატარა რობოტი, რომელიც ტაშის დაკვრაზე იწყებს მოძრაობას და მიჰყვება მისთვის წინასწარ განსაზღვრულ მარშრუტს;.
- "Hexapod Monster"-რობოტი, რომელსაც ექვსი ფეხი აქვს, მუშაობს სენსორებზე და წინაღობის აღქმის შემთხვევაში უკან იხევს;
- "Escape Robot"-თითქმის იგივე თვისებების მატარებელია, როგორც "Hexapod Monster". მოძრაობისას ის აღიქვამს წინაღობებს და არ ეჯახება მათ, შეუძლია მოუხვიოს მარჯვნივ, ან უკიდურეს შემთხვევაში უკან დაიხიოს;
- "Voice Control Robot"-დამონტაჟებული მიკროფონის საშუალებით აღიქვამს ხმაურს და შესაბამისად მოძრაობს ხმის საშუალებით;
- "ულტრაბგერითი შემაშინებელი"-ეს არის პატარა ხელსაწყო, რომელიც ლაზერით მუშაობს და აშინებს ცხოველებს;
ელექტრონიკის ლექტორის ჯუანშერ ჯეჯელავას თქმით, საკმაოდ რთული იყო სტუდენტებისთვის რეალური პროექტების შექმნა, რადგან თავიდან აბსტრაქტულად ეჩვენებოდათ, თუმცა თეორიულ კურსთან ერთად პრაქტიკული სამუშაოები შეასრულეს და უკვე იმდენად შევიდნენ აზარტში, რომ პროექტზე მუშაობისას არაერთი ღამე გაათენეს.