ახალბედა საწარმოს პროექტი

11 იანვარი


ფინანსური კრიზისის დროს საფრანგეთის ბიზნესის საბჭომ საქართველოში და კავკასიის ბიზნესის სკოლამ (კავკასიის უნივერსიტეტი) გადაწყვიტეს, ბიზნესის განვითარების მიზნით, ჩაეტარებინათ "ახალბედა საწარმოს პროექტის" პრეზენტაცია, რომელიც იქნებოდა ერთგვარი სტიმული ახალგაზრდა სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულთათვის.

მთავარი მიზანი ამ პროექტისა არის დაეხმაროს კავკასიის ბიზნესის სკოლის სტუდენტებს დანერგონ თავიანთი პროექტი იმპორტ-ექსპორტის საქმიანობაში, ხელი შეუწყოს პროექტის განვითარებაში და ჩამოაყალიბონ ურთიერთობა დამწყებ და გამოცდილ ბიზნესმენებს შორის.

პროექტმა გაიარა რამოდენიმე საფეხური: პროექტების პრეზენტაცია, საუკეთესო პროექტების შერჩევა, ე.წ. "ნათლიმამების" დანიშვნა რეალური ბიზნესის წარმომადგენლებიდან თითოეული პროექტისთვის.

შეირჩა სამი საუკეთესო პროექტი. პირველი ადგილი დაიკავა პროექტმა "ეკოლოგიური შეშა", რომელსაც ბანკი რესპუბლიკისგან ჯილდოდ გადაეცემა 10 000 დოლარი რეალური ბიზნესის საწარმოებლად. პროექტი წარმოადგინეს კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის ბიზნესის სკოლის სტუდენტებმა ირაკლი ანთიძემ, გოჩა ნიკოლაიშვილმა, გიორგი დვალიშვილმა და შალვა გელენიძემ; მეორე ადგილზე გავიდა პროექტი სახელწოდებით "ექსკლუზიური მინანქრის სამკაულები", რომელიც წარმოადგინეს კავკასიის ბიზნესის სკოლის სტუდენტებმა ევგენია ფანცხავამ, ანა გიორგაძემ, ნათია მოდებაძემ და ანა რამაზაშვილმა. ისინი ბანკი რესპუბლიკისაგან მიიღებენ დაბალ პროცენტიან სესხს; ხოლო მესამე ადგილზე გავიდა პროექტი "ქართული თექა", რომელიც კავკასიის ბიზნესის სკოლის სტუდენტებს- თამთა გამეზარდაშვილს, გიორგი ორკოშნელს, ნიკოლოზ ლომიძეს და გიორგი კალანდაძეს ეკუთვნით. პროექტის ავტორებს გადაეცემათ ოფისისთვის საჭირო ინვენტარი.

საუკეთესო პროექტები შერჩეული იქნა კომპეტენტური ჟიურის მიერ, კავკასიის უნივერსიტეტისა და საფრანგეთის ბიზნეს საბჭოს საქართველოში წარმომადგენლების მიერ.

ახალბედა საწარმოს პროექტის ინიციატივა ძალიან კარგი შესაძლებლობაა ახალგაზრდა სტუდენტებისთვის, რომელთაც სურთ ბიზნესის სამყაროში ახალი, ინოვაციური გეგმებით შევიდნენ და პირველი ნაბიჯები გადადგან საკუთარ ბიზნეს კარიერაში.

კავკასიის უნივერსიტეტი მადლიერია საფრანგეთის ბიზნესის საბჭოსი საქართველოში (რომლის წევრიც გახლავთ კავკასიის უნივერსიტეტი), რომ უნივერსიტეტის სტუდენტებს მისცა საშუალება ამ კონკურსში გამოევლინათ საკუთარი შესაძლებლობები.

კავკასიის უნივერსიტეტისა და საფრანგეთის ბიზნესის საბჭო საქართველოში მენეჯმენტის გადაწყვეტილებით პროექტი ყოველ წელიწადს ჩატარდება.

იხილეთ სტატია

იხილეთ სტატია