2010 წლის 28 სექტემბერს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და საქართველოს რვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საარჩევნო სამართლის დარგში სასწავლო პროგრამის განხორციელების შესახებ".
მემორანდუმს ხელი მოაწერეს კავკასიის უნივერსიტეტმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა, თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტმა, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტმა, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტმა.
მემორანდუმის მიხედვით ზემოაღნიშნულ უმაღლეს სასწავლებლებში სამართლის სკოლის სტუდენტებისათვის დაინერგება საარჩევნო სამართლის სალექციო კურსი, რომლის წარმატებით გავლის შემდეგ, სამართლის სკოლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები აგრეთვე გაივლიან სტაჟირებას თბილისის საარჩევნო ოლქებში.
კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე კი დაგეგმილია იურიდიული კლინიკის დაარსება, რომლის ფარგლებშიც უზრუნველყოფილი იქნება სტუდენტთა ცოდნის გაღრმავება საარჩევნო სამართლის საკითხებში. აღნიშნული მიზნის განხორციელება თეორიულ ცოდნასთან ერთად მოხდება კაზუსებისა და პრაქტიკული სავარჯიშოების ბაზაზე, რომელიც კავკასიის სამართლის სკოლის და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ერთობლივი პროგრამის შედეგად იქნება მომზადებული.
ამ სახის ურთიერთთანამშრომლობის იდეა ეკუთვნის სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრს.
მემორანდუმს კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან ხელი მოაწერა პრეზიდენტმა კახა შენგელიამ, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების რექტორებმა, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ხელძღვანელმა ნათია ზაალიშვილმა.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების სამინისტროს, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.