21 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის და უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის (IAUP) პრეზიდენტი კახა შენგელია 50 წლის გახდა.
არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, კახა შენგელიას მეგობრებმა და პარტნიორებმა მსოფლიოდან, დისტანციურად, ვიდეო მიმართვის საშუალებით, კეთილი სურვილებით მიულოცეს დაბადების დღე.
1988-1993 წლებში, კახა შენგელია ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე სწავლობდა, ამის შემდეგ კი, 1993 წელს გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც მუშაობდა ჰართფორდის უნივერსიტეტში, მარკეტინგის და მენეჯმენტის დეპარტამენტის ასისტენტად. 1995-1998 წლებში, მან აშშ ჰართფორდის უნივერსიტეტში ჩააბარა და მაგისტრის ხარისხი მიიღო მენეჯმენტში.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ, კახა შენგელიამ მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი საქართველოს ისტორიაში და ეკონომიკის დოქტორის ხარისხი, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.
კახა შენგელია 2000 წლიდან კავკასიის ბიზნესის სკოლის დეკანი იყო, ხოლო ამჟამად უნივერსიტეტის პრეზიდენტია.
კახა შენგელია 2014-2017 წლებში, უნივერსიტეტების პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის წევრი, ხოლო 2017 წლიდან დღემდე ასოციაციის პრეზიდენტია. მისი პრეზიდენტობის ვადა 2020 წელს ამოიწურა, თუმცა გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, ის 1 წლით გახანგრძლივდა.
მნიშვნელოვანია, რომ ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც IAUP-ის პრეზიდენტი, გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, მე-4 წლით აირჩიეს.
ვულოცავთ პრეზიდენტს და ჯანმრთელობას ვუსურვებთ!