აკადემიური წერის ცენტრის ხელმძღვანელის თამარ ჩოკორაიას სტატია საქართველოში აკადემიური კეთილსინდისიერების კულტურის შესახებ საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში გამოქვეყნდა

31 იანვარი 2023

საერთაშორისო რეფერირებადმა ჟურნალმა „ხარისხი უმაღლეს განათლებაში“ გამოაქვეყნა კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორისა და აკადემიური წერის ცენტრის ხელმძღვანელის სტატია საქართველოში აკადემიური კეთილსინდისიერების კულტურის დამკვიდრების პროცესზე. “The problem of plagiarism in the process of establishing academic integrity culture at Georgian higher educational institutions“). 

 

სტატიის მიზანია შეისწავლოს, რამდენად გაუმჯობესდა პლაგიატის აღმოფხვრის მექანიზმები ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში ავტორიზაციის ახალი სტანდარტების დანერგვის, საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობისა და საუნივერსიტეტო დონეზე გაწეული ძალისხმევის შედეგად, რა პრობლემები დაძლიეს უნივერსიტეტებში და რა გამოწვევები არსებობს ამ ეტაპზე. კვლევამ აჩვენა შემდეგი: უნივერსიტეტებში დაინერგა პლაგიატის აღმოფხვრის ელექტრონული სისტემა და მისი გამოყენება სავალდებულო გახდა აკადემიური წერის კურსებში, ასევე საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომებში პლაგიატის შემოწმების მიზნით, უცხოელი პარტნიორების რეკომენდაციებით შეიცვალა და გადამუშავდა აკადემიური წერის სილაბუსები, სტუდენტებისათვის დაინერგა დამატებითი სერვისები ტრენინგებისა და კონსულტაციების სახით აკადემიურ წერაში (სასწავლო კურსის გარდა), განახლდა და შეიქმნა პოლიტიკის ახალი დოკუმენტები, რომლებშიც ფოკუსი პლაგიატის აღმოჩენიდან პრევენციაზე გადავიდა.

 

სტატიაში განხილულია პლაგიატის აღმოფხვრის ელექტრონული პროგრამის დადებითი მხარეები და მისი შეზღუდვები: ელექტრონული სისტემით გამოსწორდა პლაგიატის უხეში შემთხვევები, რაც მანამდე სტუდენტთა ყოველდღიური პრაქტიკა იყო, თუმცა პლაგიატის უფრო შენიღბული ფორმის იდენტიფიცირება კვალავაც რთულია. ამისათვის მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ელექტრონული სისტემა უმაღლესმა დაწესებულებებმა სასწავლო დანიშნულებით გამოიყენონ და არა მექანიკურად. სტატიაში განხილულია ახალი გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები წარმოდგენილია რეკომენდაციების სახით.