განათლების სკოლის ასისტენტ პროფესორი მარიანა ხუნძაყიშვილი საერთაშორისო კონფერენციაზე

1 აგვისტო 2025

მიმდინარე წლის 6-7 ივნისს, UNICEF საბერძნეთისა და პატრასის უნივერსიტეტის ორგანიზებით, პატრასის უნივერსიტეტში, საბერძნეთი, გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „აკადემიური სფეროს როლი ბავშვის უფლებების ხელშეწყობაში“ (The Role of Academia in Promoting Child Rights).

 

აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო კავკასიის უნივერსიტეტის განათლების სკოლის ასისტენტ პროფესორმა, მარიანა ხუნძაყიშვილმა.

 

მან კონფერენციის მონაწილეებს გააცნო კავკასიის განათლების სკოლის ერთ-ერთი სტრატეგია მომავალი მასწავლებლების კომპლექსური მომზადებისთვის. სტრატეგია ითვალისწინებს სტუდენტების პერსონალური, სოციალურ-ემოციური და მეტაკოგნიტური კომპეტენციების განვითარებასა და ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ბავშვის უფლებების მიმართულებით მათი ცნობიერების ამაღლებას. ამგვარად მომზადებული მასწავლებლები შეძლებენ სკოლაში ბავშვების სოციალურ-ემოციური განვითარების ხელშეწყობასა და უფლებებზე დაფუძნებული განათლების დანერგვას.

 

აღნიშნულ კონტექსტში, 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში, კავკასიის განათლების სკოლამ, ორგანიზაციასთან „შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი - საქართველო“ მჭიდრო პარტნიორობით დანერგა არჩევითი სალექციო კურსი, სახელწოდებით „სოციალურ-ემოციური განვითარება - საბაზისო კურსი. მომავალში კი, სკოლა გეგმავს პედაგოგიკის სტუდენტებს პირველივე კურსზე შესთავაზოს გამდიდრებული, ორ-სემესტრიანი პროგრამა განახლებული სახელწოდებით - „პერსონალური, სოციალური და სწავლის კომპეტენცია.“

 

სწავლის პირველივე საფეხურზე ამ კურსის  შეთავაზება მნიშვნელოვანია, რადგან სტუდენტები, დასაწყისშივე ეზიარებიან იმ საერთო ღირებულებებს, რაც საფუძველს  ქმნის პატივისცემასა და უფლებებზე დაფუძნებული ურთიერთობებისთვის და დაიწყებენ სამეცნიერო ესსეებისა და პრაქტიკული აქტივობების პორტფოლიოს შექმნას, რომელსაც დახვეწენ და გააღრმავებენ სწავლის მომდევნო წლების განმავლობაში. გარდა ამისა, საკუთარი კომპეტენციების გაძლიერების გზით, ისინი უკეთ გაუმკლავდებიან საუნივერსიტეტო ცხოვრების თანმდევ აკადემიურ და პირად გამოწვევებს, უფრო მარტივად ადაპტირდებიან ახალ გარემოსთან და სრულფასოვნად მოემზადებიან წარმატებული პედაგოგიური საქმიანობისათვის.