მსოფლიოს დიდი ოთხეულის წევრმა აუდიტორულმა კომპანიებმა - PwC, EY, KPMG, Deloitte & Touche კავკასიის ბიზნესის და ტექნოლოგიების სკოლების სტუდენტებისთვის დისტანციური შეხვედრების კვირეული გამართეს.
ეს არის საქართველოში პირველი პრეცედენტი, როდესაც დიდი ოთხეულის წარმომადგენლებმა სტუდენტებისთვის მსაგვსი ფორმატის შეხვედრები ჩაატარეს. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ კავკასიის უნივერსიტეტია პირველი, რომელმაც ამ შეხვედრებს კარიერის კვირეულის ფარგლებში უმასპინძლა.
აღნიშნული კვირეულის ფარგლებში, "BIG FOUR"- ის წევრი კომპანიებიდან, სტუდენტებს საქართველოს ოფისების მენეჯმენტის წარმომადგენლები შეხვდნენ. სპიკერებმა სტუდენტებს გააცნეს კომპანიაში დასაქმებისა და სტაჟირების შესაძლებლობები, უპირატესობები და გაუზიარეს კომპანიაში მიღებული გამოცდილება.
ონლაინ შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაესვათ შეკითხვები შერჩევის მიმართულების წარმომადგენლებთან. მათ მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია სტაჟირებისთვის საჭირო პროცედურების შესახებ.
Big Four-ის წევრი კომპანიების საქართველოს წარმომადგენლობები - PwC Georgia, KPMG Georgia, Deloitte & Touche LLC, EY Georgia LLC კავკასიის უნივერსიტეტის პარტნიორები არიან. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები, რომლებიც კავკასიის უნივერსიტეტსა და დიდი ოთხეულის წევრ კომპანიებს შორის არის გაფორმებული, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმებისა და სტაჟირების ხელშეწყობას ითვალისწინებს.